“თანასწორობის მოძრაობამ” ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, მსმ თემისთვის სისხლის დონაციაზე აკრძალვა 12 თვით განსაზღვროს


სისხლის დონაცია. ფოტო: www.plastimak.gr

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით სამინისტროს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა. აღნიშნული ნორმა შეეხება მსმ[1] ადამიანებისთვის ბოლო სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შეზღუდვას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 17 დეკემბერს №2/16/1346 განჩინებით არაკონსტიტუციურად გამოაცხადა მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, ხოლო ნორმის ძალადაკარგულაც ცნობა გადაავადა 2020 წლის 21 მარტამდე.  სწორედ ამ ვადაში სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ახალი რეგულაციის შემუშავება, რომელიც მსმ ადამიანებს დონაციის უფლებას შეუზღუდავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც ობიექტურად აუცილებელია დონაციის უსაფრთხოებისთვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლი დონაციის ყველაზე ხანგრძლივ- 10 წლიან შეზღუდვას მხოლოდ მსმ ადამიანებისთვის ადგენს. ყველა სხვა შემთხვევაში დონაციის გადავადება ხდება ე.წ „ფანჯრის პერიოდით“- 12 თვით. ამგვარი რეგულირების მიზანს წარმოადგენს პოტენციური რეციპიენტების დაცვა სისხლის გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ/შიდსისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მსმ პოპულაცია, ზოგადად, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, „ფანჯრის პერიოდის“ ათვლა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იწყება რისკის შემცველი ქცევის უკანასკნელი მომენტიდან. შესაბამისად, მსმ პირებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსიტუციურია.

„თანასწორობის მოძრაობას“ მიაჩნია, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ახალ რედაქციაში მსმ ადამიანებისთვის დონაციის შეზღუდვის მაქსიმალურ ვადად უნდა განისაზღვროს 12 თვე, რომელიც წარმოადგენს „ფანჯრის პერიოდს“ და თვითკმარია ე.წ „ცრუ უარყოფითი შედეგის“ გამოსარიცხად. 12 თვეზე უფრო მეტი ვადით დონაციის უფლების შეზღუდვა გაიმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარს, რაც კიდევ ერთხელ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახალი ნორმის არაკონსტიტუციურაც ცნობისთვის მიმართვის საფუძველი.

შესაბამისად, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან).

დოკუმენტის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს: რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს: მსმ თემისთვის სისხლის დონაციაზე აკრძალვა 12 თვით განსაზღვროს

__________________________________________________

[1] . მსმ- მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან.