წინასაარჩევნოდ ჰომოფობიურ განცხადებებს პოლიტიკოსები ისევ იყენებენ – კვლევა


წინასაარჩევნოდ, 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, ჰომოფობიური სიძულვილის ენა ერთერთი ყველაზე გავრცელებულია მედიაში, ცხადჰყოფს მედიის განვითარების ფონდის კვლევა.

კვლევის მიგნების მიხედვით, რომელიც დღეს, 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მედიაში 17 ჰომოფობიური განცხადება გაშუქდა, რაც დისკრიმინაციული მიდგომების 14.5%-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში 117 დისკრიმინაციული დამოკიდებულება გააშუქეს მედიაში, აქედან ყველაზე მეტი იყო მიგრანტების წინააღმდეგ – 56 კომენტარი (47.9%), რომელსაც მოსდევს თურქოფობია – 19 კომენტარი 16.2%).

სიძულვილის ენის ტიპოლოგია. მედიის განვითარების კვლევა

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება (59) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომელთაც მცირედით ჩამორჩებიან პრეზიდენტობის კანდიდატები (49), ხოლო კანდიდატებისა და პარტიების მიმართ 11 ასეთი განცხადება გაკეთდა.

ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა კახა კუკავამ (19) გააკეთა, საიდანაც უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული, თანაბრად იყო წარმოდგენილი თურქოფობიული (3) და ჰომოფობიური (3) კომენტარი და 2 შემთხვევაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. მეორე ადგილზეა ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომლის 9 კომენტარიდან უმეტესობა (6) ქსენოფობიური იყო, 2 ჰომოფობიური და 1 თურქოფობიური.

სიძულვილის ენა პოლიტიკოსებს შორის. მედიის განვითარების კვლევა

ჰომოფობიური გამონათქვამები:

  • კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: „…ეს ქმედება [ლგბტ თემის მხარდაჭერა], ჩემი აზრით, სამარცხვინოა. გურამ კაშიას არც ვიცნობ, მაგრამ მას ვერც ხელს ჩამოვართმევ და ვერც ჭიქას ავწევ მასთან ერთად“ (ასავალ-დასავალი, 17-23 სექტემბერი).
  • შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: “დღეს უკვე დასავლეთში ეს საკითხი სადამდე მივიდა ვხედავთ, [ჰომოსექსუალობა] ამოიღეს იმ რეესტრიდან, როგორც დაავადება და უკვე მიდის ბრძოლა იმისათვის, რომ ეს ოჯახებად დააკანონონ, შვილის აყვანის უფლება მიცენ და სხვა და სხვა. დაახლოებით იგივე პროცესები იწყება გარკვეული საერთაშორისო ძალების მიერ მსოფლიოში, რო აი ეს მორფიუმი და ეს ნარკოტიკები გადააქციონ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებად” (იბერია, თავისუფალი სივრცე, 17 სექტემბერი).
  • კახაბერ ჭიჭინაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი: „მან [სერგი კაკაჩია – 2018 წლის 17 მაისს ანტიჰომობიურ აქციაზე თავს დაესხა ლგბტ თემის წარმომადგენელს] არა პიროვნებას გაარტყა სილა, არამედ უზნეობას გაარტყა სილა, მან გაარტყა იმ პროცესებს, რაც თავზე არის მოხვეული… და ევროპასაც თუ უნდა საქართველო, კეთილი ინებოს და მიიღოს ჩვენი წესებით, ჩვენი ხასიათით, ჩვენი ადათ-წესებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და არ ვართ არც ევროპელები და არც აზიელები“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი, პრეზიდენტის არჩევნები 2018, 9 ოქტომბერი).
  • გიორგი ანდრიაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი: „საქართველო რომ ნარკოტიკული საშუალებების მწარმოებელ ქვეყნად იქცეს, საქართველო ბარდელად იქცეს და ლგბტ-ს დროშები ფრიალებდეს კავკასიაში, ქართველი ადამიანი ამის ღირსი არის?!” (ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 სექტემბერი).
სიძულვილის ენა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მედიის განვითარების კვლევა

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს:

  • 5 ტელევიზიის საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებები: საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე), რუსთავი 2 (კურიერი, P.S.), იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა), მაესტრო (საინფორმაციო გამოშვება), და „ობიექტივის“ საინფორმაციო გამოშვება.
  • 5 ტელევიზიის თოქშოუ: რუსთავი 2 (არჩევანი), იმედი (პირისპირ), იბერია (თავისუფალი სივრცე) ობიექტივი (ღამის სტუდია, ოქროს კვეთა), კავკასია (ბარიერი, სპექტრი).
  • 7 ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, კვირის პალიტრა, და მარშალპრესი.
  • 4 გაზეთი: რეზონანსი, პრაიმ თაიმი, ასავალ-დასავალი, ალია.

კვლევის სრულად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.