ბრძოლა წესების გარეშე და ფემინისტური წინააღმდეგობა


ნუკრი ტაბიძე, ფოტო: ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო

არა ძალადობას! მძულს ძალადობა ყველა ფორმით! არ არსებობს კონფლიქტი რომელსაც კონსტრუქციული დიალოგით ვერ მოაგვარებ! – აი, ამის მჯეროდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე. თუმცა, ძალადობის შემჩნევა ძნელი არ იყო არც ჩემს ოჯახში, არც ბირჟაზე, არც სკოლაში. ადრეული ასაკიდანვე ბნელ 90-იანებში მივეჩვიე, რომ ქუჩაში ფრთხილად უნდა მევლო, სხვების ჩხუბში არ ჩავრეულიყავი და, მით უმეტეს, ჩხუბი არ წამომეწყო. ტრანსპორტში თუ ადგილი იყო, ცალკე ვჯდებოდი, თუ არა და ვეძებდი ქალებს, რომ გვერდით მივჯდომოდი. არ მოვყვები, რატომ. ყველამ კარგად ვიცით ისედაც, ქალებად გაზრდილი სხეულები რის (და ვის) გამო დავდივართ ფეხაკრეფით და ვცდილობთ, შეუმჩნევლები, ჩუმები ვიყოთ. იმასაც ვამჩნევდი, რომ ჩემ ირგვლივ ბიჭების გამოცდილება სრულიად განსხვავდებოდა. მათ მეტი ადგილი ეკუთვნოდათ მეტროშიც, ,,დივან-კრესტლოზეც” და სკოლის მერხზეც, ხმამაღლა იგინებოდნენ ქუჩაში, არც დაჟინებულ მზერას შეარჩენდნენ ვინმეს და არც მოძახებულ კომენტარს. გამოწვევაც თითქოს, ერთი შეხედვით, მეტი იყო: სადაც მე ჩუმად ვიყავი, როცა, მაგალითად, კლასელი ბიჭი თავის დადორბლილ დაგორგოლავებულ ქაღალდის ნაგლეჯს მესროდა გულგამოცლილი კალმიდან, ბიჭებს არ უნდა მოეთმინათ.

ალბათ ამიტომ ჩემი ძმა ჯერ კარატეზე შევიდა, მერე ფეხბურთზე, მერე კალათბურთზე, მერე უცებ ძიუ დო შემოვიდა მოდაში, მერე ისევ კარატეზე. ერთი სიტყვით, სულ სადღაც დადიოდა, ცურვაც ისწავლა. ჩვენს სახლთან ახლოს რაღაც გუბეში კიბორჩხალებს იჭერდა. ხან ყურის ანთება ჰქონდა, ხან თითს იტეხდა, ხან ცემდნენ, ხან მისგან ნაცემი ბავშვის მშობლის მოთაფვლა და მოსყიდვა იყო საჭირო.

რას ვშვებოდი მე? ვხატავდი, ვწერდი, ვსწავლობდი გაკვეთილებს, წრეში ბურთში სულ მუშტისილა ვიყავი და მაქსიმალურად ვცდილობდი, როგორღაც ყველანაირი ფიზიკური აქტივობა, სადაც დაშავების თუნდაც მცირე საფრთხე არსებობდა, თავიდან ამერიდებინა. როგორღაც 27 წლის ასაკამდე ისე მოვაღწიე, რომ ცხოვრებაში არავის დაურტყამს და ფიზიკურად არავისთან მიჩხუბია ჩემი ძმის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვცეკვავდი, ჩემი სხეული სრულიად უმწეოდ და ,,უძალოდ” წარმომედგინა და ისევ მტკიცედ მჯეროდა, რომ ყველაფერს ყოველთვის ჩემი ძლიერი არგუმენტებით, ფსიქოლოგიის კარგი ცოდნით, კომუნიკაციის გადასარევი უნარებით და თავის არიდებით მოვაგვარებდი. მთელი არსებით მძულდა და დღესაც მძულს შხამიანი კაცობის კულტურა თავისი ,,რაზბორკებით”, ,,დაჩმორებითა” და ,,ვაჟკაცი კაცებით”, სკოლის ეზოში დაჭრებით, ,,ეს ვის უთხარი ჩემიდედაშევეცი”-თ, ,,ჩაპიზდვით” – მოკლედ რომ ვთქვა, სხვა კაცებისა და ქალების ხარჯზე საკუთარი კაცობის მუდმივი წარმოებით.

ასე იყო, სანამ შარშან დეკემბერში შევამჩნიე, როგორ ძლივს გადმოვდიოდი ტაქსიდან, დაბალი სკამიდან გაჭირვებით ვდგებოდი, კიბეზე ასვლა დიდ ძალისხმევად იქცა და ზოგადად, დილით (რაღა დილით, შუადღეზე) საწოლიდან წამოსადგომად ერთი საათის განმავლობაში მაინც მიზეზებს ვეძებდი. ამ დროს ჩემმა მეგობარმა კრავ მაგაზე დაიწყო სიარული. კრავ მაგა ისრაელელი ჯარისკაცების მიერ მოფიქრებული ქუჩის საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც სრულიად არაკეთილშობილი მიზნებისთვის შეიქმნა, თუმცა დღეს ყოველდღიურობაში თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა. ხელოვნება ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია, საბრძოლო ხელოვნებებს წესები აქვს მაშინ, როცა, კრავ მაგა, როგორც ჩემი მწვრთნელი ამბობს ,,ვიჟივანიეა” (გადარჩენაა). თან გადარჩენა ყველაფრის ფასად.

და აი, დადგა სანუკვარი დღე – ჩემს ძველ ელასტიკებსა და მოჩვარულ მაისურში გავეკვეხე და კრავ მაგას დაბაზში შევაბიჯე. ახლა ალბათ ელოდებით შთამაგონებელ სიტყვებს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება იმავე წამს, როგორც კი ოფლიან ტატამზე პირველად დავანარცხე ჩემი მოწინააღმდეგე. ან როგორ აღმომაჩნდა საოცარი ნიჭი და როგორ გადავწყვიტე მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვნა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. პირველი ორი თვე ვეგუებოდი, ჩემკენ წამოსული მუშტისთვის თვალი როგორ გამესწორებინა, ამერიდებინა და სახლში არ გავქცეულიყავი, მტკიოდა ყველაფერი, ძლივს დავღოღავდი და ყოველი წასვლის წინ ვფიქრობდი, რა ჯანდაბად ვიკლავ თავს-მეთქი. მიუხედავად ამისა, მაინც დავდიოდი; ჯერ იმიტომ, რომ ხერხემლის ტკივილი მნიშვნელოვნად შემიმცირდა, მეორეც, ყოველი გაკვეთილის მერე ხასიათიც უკეთესი მქონდა, ენერგიაც მომემატა და ჩემმა ქონმა გამკვრივება დაიწყო.

თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება, რაც კრავ მაგამ მომცა არა დაკლებული კილოგრამები ან უფრო კარგი მოყვანილობის პრესი, არამედ ახალი სხეულის იდეაა. იმ სხეულის შესაძლებლობა, რომელსაც მე ვწვრთვნი ტკივილით, შიშით, ბრაზით, სიყვარულით და ცოდნით. აქამდე მეგონა, რომ ჩემი სხეული მუდმივად უნდა დამეცვა გარიდებით და დამალვით. ,,ჩვენ უნდა ვებრძოლოთ გაუპატიურების კულტურას!” ,,უნდა ვამხილოთ მოძალადეები!” და ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფრის ახლაც მჯერა, თუმცა სხეულის და ბრაზის გადამალვა ყოველთვის კარგი გამოსავალი აღარ მგონია. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვგრძნობ იმ ბრაზს, რომელიც მთელი ჩემი არსებობის მანძილზე სხეულით დავიმახსოვრე. ეს არ არის უბრალოდ სექსუალური შევიწროების ცალკეული შემთხვევა ავტობუსში, ან ქუჩაში მოხვედრილი  წებოვანი მზერა. სხვის სურვილთან წინააღმდეგობაში იმდენ დროს ვატარებდი, იმდენი ხანი ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი  გასაგნებული და სექსუალიზებული ობიექტი, მსხვერპლი, განსჯის საგანი ან სრულიად უჩინარი, ზედმეტად გამომწვევი, ზედმეტად აგრესიული ან პირიქით, მორჩილი. არ მქონოდა სექსი პოლიტიკურად არაკორექტულ კაცებთან,ზოგადად კაცებთან, ბაბულიკ ლესბოსელებთან და ა.შ. ბოლოს რა და როგორი უნდა ვყოფილიყავი – როგორ უნდა ამეგო ჩემი სხეული პოზიტიურად – პასუხი არ მქონდა.

სხეულის დადებითად განსაზღვრა მხოლოდ მის წარმოსახულ ,,ბუნებრივი სილამაზის” აღიარებას და მიღებას არ ნიშნავს. ჯერ სხეული ბუნებრივი როდისაა? ის სულ ათასი თვალის და სიტყვის სუბიექტია, მუდმივად იძერწება პლასტელინივით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც კი უჯრედები მუდმივად ახლდება, თმა ამოდის, სისხლი მოძრაობს, იზრდები, იკლებ, იმატებ, თან ყოველთვის სხვებთან ხარ ურთიერთობაში, არ აქვს მნიშვნელობა, მათთან სითხეებს ცვლი უკიდურესი ფიზიკური სიახლოვით თუ შენთვის მარტო წევხარ პიჟამოში გამოწყობილი. თვალი და წარმოსახული კამერა ყველგანაა. თან, უმრავლეს შემთხვევაში, როცა ქალად იზრდები, ეს კამერა ფალიკური წარმოშობის დანასავით ბასრი, შენს პირად სივრცეში შემოჭრილი საფრთხეა. იმის ილუზია, რომ ამ ყველგანმყოფი ლინზის (მამაკაცის მზერის) მიღმა იარსებებ, აბსურდია. საბედნიეროდ, ამ მზერას მრავალი პრაქტიკით ვუპირისპირდებით, თუმცა, საკუთარი მზერის შემუშავება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე – მზერის არიდება.

კრავ მაგა, ერთი მხრივ, მეხმარება, ლინზა გავბზარო პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით; მეორე მხრივ, ჩემი სხეულის შექმნის პროცესის მონაწილე ვიყო. ფიზიკური გაძლიერება, საკუთარი ძალისა და ენერგიის მუდმივი კულტივირება უფრო ამტანს და აგრესიულს მხდის მზერის მიმართ. რა თქმა უნდა, არის საფრთხე, ერთგვარ ცრუ თავდაჯერებაში ჩაეშვა და საკუთარ თავს (და ტანს) მეტი მოსთხოვო, ვიდრე შეგიძლია. მით უმეტეს, რამდენიმეთვიანი ვარჯიშის შემდეგ როგორი კარგად მომზადებულიც არ უნდა იყო, არც უნარები გაქვს ბევრ სხვადასხვა საფრთხესთან გასამკლავებლად და არც არავინ იცის, როგორ მოიქცევი კრიტიკულ სიტუაციაში, სადაც დანა რეზინის არაა და მართლა შეუძლია დაგჭრას. ამის ასარიდებლად თავს უბრალოდ ვუმეორებ, რომ ეს თავდაცვაა და გადარჩენაა, ეს უკანასკნელი კი ყოველთვის ფიზიკურ დაპირისპირებას არ გულისხმობს. თუმცა, რასაც ნამდვილად იძენ და რასაც გარშემომყოფები ალბათ კანით გრძნობენ, საკუთარი სიმთლიანის განცდაა. იმ სიმთლიანის განცდა, რომელიც მუდმივად ირღვევა და თავიდან მოსაპოვებელი გაქვს. ჩემი სხეული აღარ არის უბრალოდ პატარა 52 კილოგრამიანი ტომსიკა, რომელსაც საზოგადოება კერავს, ახლა ამ კერვაში მეც ვმონაწილეობ. ის ტკივილი, რომელიც ისედაც თან ახლავს ჩემს გადაადგილებას – გარედან მომდინარე საფრთხეებს, ცივ ამინდში გაყინულ ფეხებს, თუ ჩემი მე-5 მალის ანთებას, უკვე ჩემი მართული, სიამოვნებანარევი, ჩემ მიერ ნაწილობრივ მაინც კონტროლირებული ტკივილით იცვლება; მზერა, რომლისთვისაც მე ობიექტი ვარ – ჩემი ახალი მზერით, ზედსართავებჩამოშორებული სხეულის იდეით, რომლისთვისაც ერთადერთი ,,ბუნებრივი” მოცემულობა მუდმივი ცვალებადობა და დინამიკაში ყოფნაა.

და ბოლოს, კრავ მაგა გაძლევს იმედს, ერთგვარ ოცნებას, რომ ოდესმე არა მხოლოდ საკუთარ თავს, შეიძლება სხვასაც დაეხმარო. წინა გაკვეთილზე ჩვენი მასწავლებელი ასე გვამხნევებდა:

  • მიდით, მაგრად დაარტყით [,,ლაპას”]. აფეთქდით, გაბრაზდით! იმ ნაძირალაზე იფიქრეთ, ქალს რომ ყელი გამოჭრა! წარმოიდგინეთ, რომ მას ურტყამთ!

დიახ, დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, რომ სხვის ძალადობას შეიძლება, თქვენი ძალა დაუპირისპიროთ! აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ!

გარეკანის ფოტო: ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო