ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი


ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი შესანიშნავია თავის პროფესიაში.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ცალკე ცხოვრობს – დამოუკიდებლად იყიდა სახლი.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი საზღვარგარეთ სწავლობდა.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი კარგი დედაა. შეიძლება განქორწინებულია, მაგრამ ყოფილთან ინაწილებს მშობლობის პასუხისმგებლობას და სრულყოფილად უთავსებს კარიერას.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი შვილს ეკრანთან დროის გატარების ნაცვლად თავად ეთამაშება.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი სილამაზის სტანდარტებს არ ცნობს, თუმცა აუცილებლად მშვენივრად გამოიყურება.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი სარკასტულია, მაგრამ სექსუალური.
ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს ფხიზელი გონება აქვს, ცხოვრობს აწმყოთი.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი სპორტულ ცხოვრებას ეწევა.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი სიგარეტსაც ეწევა.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ჯანსაღად იკვებება.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი კარგი მძღოლია.
ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს სოციალური ქსელებისთვის ბევრი დრო არ აქვს.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის ღირებულებები ნათელი და სანთელია.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ფემინისტიც არის, ოღონდ რადიკალი არა!
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი თვითშეფასებას არ უჩივის.
ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს უყვარს საკუთარი თავი და ტანი.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი Sex and the City -ს არ უყურებს (ან თუ უყურებს – ჩუმად, პიემესის დროს). მას უფრო კარგი ხარისხის სერიალები მოსწონს…
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ბავშვობაში ბიჭივით ჭკვიანი იყო.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ახლაც ჭკვიანია.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ყოველთვის პოულობს დროს საკუთარი თავისთვის.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი თვითგანვითარებას არასოდეს წყვეტს.
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი რაციონალურია და თუ არის, ესე იგი, მენსტრუაცია აქვს..
ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი, სიმართლე რომ ვთქვათ, არ არსებობს. სიზიფეს კლიშეა. ქვის მაგივრად ზურგზე აკიდებული გვაქვს უამრავი პასუხისმგებლობა. და მზერა, რომლითაც მუდმივად უნდა ვასკანეროთ საკუთარი თავი.
მორიგი მითიური ქმნილებაა – ამჯერად კაპიტალიზმის მიერ ფემინიზმისთვის მოპარული აზრების ნაყოფი, რომელიც მორიგ მიუწვდომელ სახე-ხატს გვაჩეჩებს – იდეას, რომელსაც თანამედროვე ქალებს მიჰყიდის და მათგან (პრინციპში, ჩვენგან) სულ უფრო მეტ მოგებას ნახავს. ეს ახალი სტანდარტია, 90/60/90 პარამეტრების ნაცვლად – სხვა შინაგანი თუ გარეგანი მახასიათებლების ერთობლიობაა. თუმცა ეს „ახალი“ ხატი ძველთან მსგავსებას ინარჩუნებს – შეუძლებლობით, მიუწვდომლობითა და აბსურდულობით.
„ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი“ ჩვენი, ცოცხალი ქალების თვითუკმარობის განცდით იკვებება.
რამდენი მშვენიერი ადამიანი და მართლა შესანიშნავი ქალი ადარებს თავს (სრულიად უნებლიეთ, მაგრამ მაინც) ამ „ძლიერ და დამოუკიდებელ“ ქალს. რამდენ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან?
საერთოდ, შესაძლებელია, რომ ყველა ეს კრიტერიუმი მოირგო? დღეში რამდენი საათი უნდა იმუშაოს ძლიერმა, დამოუკიდებელმა ქალმა, რომ ბაზარზე უბადლო, მუდმივად განვითარებად პროფესიონალად დარჩეს? რამდენი საათი უნდა დაუთმოს შვილებს, ოჯახს? საკუთარ თავს? საკუთარ ორგანიზმს, გარეგნობას? არის კი ამდენი საათი დღე-ღამეში?
ამრიგად, ფემინიზმი არ უნდა იყოს ისეთი სწორხაზოვანი, რომ ჩვენ, ქალებს – ჩვეულებრივ ადამიანებს, მოკვდავებს, სუსტი მხარეებით, ლიმიტირებული ფიზიკური სხეულით – პატრიარქალურ დღის წესრიგში ჩაწერას, იძულების წესით კაცებთან გათანაბრებას, ამავე დროს ქალად დარჩენას და მთების გადადგმას გვიკვეთავდეს.
ქალად ყოფნა არასოდეს არის ჩვეულებრივი გამოწვევა. ხშირად, მტრულად განწყობილ პატრიარქატში, საკმარისად ნაზები, ლამაზები, ჭკვიანები, მოხერხებულები არ ვართ. ამ ყველაფერს კი ქალურობის ახალი სტანდარტი საკონტროლო გასროლასავით უმატებს იმას, რომ საკმარისად მაგრები არ ვართ.
ამ ტექსტში, პირველ რიგში, საკუთარ თავს აღვწერ – ჩემს გამალებულ მცდელობას, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის ხატი მომერგო, ჩემს იმედგაცრუებას საკუთარი თავით და, საბოლოოდ, აღმოჩენას, რომ შეუძლებლისკენ სწრაფვა ყოველგვარ ძალას მაცლის, მათ შორის, საკუთარ თავად ყოფნის ძალასაც…

ნამი ბლანში

პოსტერში გამოყენებულია სალომე ჟვანიას ილუსტრაცია