მეცნიერების რწმენით, ამერიკელი პაციენტი მესამე ადამიანია, რომლის აივ დადებითი სტატუსიც მკურნალობას დაექვემდებარა.
პაციენტმა ლეიკემიის მკურნალობის პროცესში გადაინერგა ღეროვანი უჯრედი, რომელიც ეკუთვნოდა პიროვნებას, ვისაც ჰქონდა გამომუშავებული აივ-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. უკვე 14 თვე გავიდა რაც ქალი ვირუსისგან თავისუფალია.
თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ გამოყენებული ტრანსპლანტირების მეთოდი აივ დადებითი ყველა ადამიანისთვის იყოს შესაფერისი.
პაციენტის შემთხვევის შესახებ საზოგადოებას განუცხადეს დენვერში გამართულ პრესკონფერენციაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დადასტურდა, რომ ეს მეთოდი ეფექტურია აივ-ის სამკურნალოდ.
პაციენტმა მიიღო ჭიპლარის სისხლი, როგორც თავისი კიბოს სამკურნალო საშუალება და ამის შემდეგ მას აღარ დასჭირდა აივ-ის სამკურნალო ანტირეტროვირუსული თერაპია.
აივ-ის განკურნების ყველა ისტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, რადგანაც ისინი ამტკიცებენ, რომ სრული განკურნების მიღწევა შესაძლებელია. თუმცა, ეს შემთხვევა არ მიგვაახლოვებს იმასთან, რომ 37 მილიონი ადამიანი, რომელთა დიდი უმრავლესობა სუბ-საჰარულ აფრიკაში ცხოვრობს, განიკურნოს აივ ინფექციისგან.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვა 2007 წელს მოხდა, როდესაც ტიმოთი რეი ბრაუნი პირველი ადამიანი გახდა, ვინც განიკურნა აივ-ისგან. მას ჰქონდა ისეთი დონორის ტრანსპლანტი, ვისაც ჰქონდა ბუნებრივი რეზისტენტულობა აივ-ის მიმართ.
მას შემდეგ, მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა ამ მეთოდის ეფექტურობა: ადამ კასტელეხოსა და ამერიკელი პაციენტის შემთხვევაში. სამივეს ჰქონდა კიბო და სჭირდებოდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სიცოცხლის გადასარჩენად.
აივ-ისგან განკურნება მათი თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა, შესაბამისად, თერაპია ზედმეტად სარისკოა, რათა ყველას განკურნებისთვის გამოიყენონ. ანტირეტროვირუსული თერაპია აივ დადებით ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ იცხოვრონ სრულყოფილი ცხოვრებით. განკურნების ძირითადი იმედები ფოკუსირებულია ვაქცინებსა და წამლებზე.
ქალის მკურნალობა დაფუძნებული იყო ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებზე. წინა ორ შემთხვევაში პაციენტებმა მიიღეს ზრდასრულების ღეროვანი უჯრედები, როგორც ძვლის ტვინის ტრანსპლანტი.
ჭიპლარის სისხლი ზრდასრულის ღეროვანი უჯრედებთან შედარებით უფრო ფართოდაა გავრცელებული და არ მოითხოვს, რომ დონორსა და მიმღებს შორის მჭიდრო შეთავსებადობა იყოს.
შერონ ლევინი, აივ-ის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი, აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ტრანსპლანტირების მეთოდი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენეს, არ იქნება შესაფერისი იმ ადამიანების უმეტესობისთვის, ვინც აივ სტატუსით ცხოვრობს.
თუმცა მან დაამატა, რომ ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ აივ-ისგან განკურნება შესაძლებელია და რომ გენური თერაპიით მკურნალობის გაგრძელება სანდო სტრატეგიაა აივ-ის წინააღმდეგ.
წყარო: BBC