PICK A SIDE – უნდობლობა, შიში და წინასწარგანწყობები ბისექსუალი ქალების მიმართ


 ავტორი: რენე მარიამ ნადარეიშვილი

სამყარო ცხვრებად და თხებად არ უნდა იყოფოდეს

                                                         ალფრედ კინსი, 1948

„რამდენად ქვიარი ვარ?“ – ეს ალბათ ყველა ბისექსუალ ადამიანს უფიქრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში აღმოჩენილა. ეს კითხვა ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ ბისექსუალ ადამიანებს – საკუთარი სექსუალობისა და სექსუალურ ორიენტაციაში გამორკვევის ფაზიდან, ქამინგაუთის შემდგომი გამოცდილებების ჩათვლით. თითქოს, ჰეტერო- და ჰომოსექსუალობას შორის მკაცრი საზღვარია, რომელზეც მუდმივად დადიხარ, რომელ მხარესაც ნაბიჯს გადადგამ, ის სექსუალური იდენტობა უნდა გაითავისო. ამ განსაზღვრებას, უპირველესად, საზოგადოება ითხოვს, არც თუ ისე იშვიათად – თემის ჯგუფებიც, განსაკუთრებით ლესბოსელი ქალები. ჩემი გამოცდილებით – რომელსაც ყველა ლესბოსელ ადამიანზე ვერ განვაზოგადებ, თუმცა ტენდენციას მაინც გამოკვეთს – ბისექსუალი ქალების მიმართ უნდობლობა ან/და არასერიოზული დამოკიდებულებაა. დაწყებული დეითინგ აპებიდან (როდესაც გეკითხებიან ბისექსუალი ხომ არ ხარ, და თუ ხარ, ენთუზიაზმი მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება) დამთავრებული რომანტიკული ურთიერთობებით. ერთი შეხედვით ჯანსაღ და ჰარმონიულ ურთიერთობებში სადღაც სულ იყო შიში, რომ კაცთან წავალ ან სინამდვილეში ჰეტეროსექსუალი ვარ და ეს ურთიერთობა ჩემთვის მხოლოდ ეგზოტიკური გამოცდილებაა.

ქამინგაუთი

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჰეტეროსექსუალი მამაკაცების მხრიდან გამოხატული ინტერესი, გაფეტიშება ან/და აგრესია ხშირი და შემაწუხებელია. თუმცა, ლესბოსელებისგან განსხვავებით, მათ არ ეშინიათ, რომ ბისექსუალი პარტნიორი ქალი  სხვა ქალს შეიყვარებს და მასთან წავა – პირიქით, ხანდახან ეს მათი ეროტიკული ფანტაზიის ნაწილიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 19 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს საახლობლოში ქამინგაუთი გავაკეთე, საჯაროდ მხოლოდ რამდენიმე წლის მერე გავაჟღერე ინსტაგრამზე. ჰომოფობიური რეაქციების გარდა, ძალიან ხშირი იყო სრისამის შემოთავაზება მეგობარი, ახლობელი, თანამშრომელი კაცებისგანაც კი. მანამდე, როგორც ბიოლოგიური ქალი, ბავშვობიდან შეგუებული ვიყავი, რომ ყველაფერი რასაც აკეთებ, შეიძლება დიდწილად სექსუალიზებული ან მიუღებელი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთი სთორის გაშვებით ჩემი ნდობის ობიექტებისთვისაც კი წამში ვიქეცი სექსუალური ფეტიშის საგნად. 

კიდევ უფრო რთულადაა საქმე, როდესაც კაცებთან გაქვს რომანტიკული ურთიერთობა და შენი ორიენტაციის შესახებ ღიად საუბრობ. ამ დროს ხშირად მიჭირდა ჩემი სათქმელის ჩამოყალიბება, დალაგება და გაჟღერება. ერთი მხრივ, მინდა რომ პარტნიორმა სერიოზულად აღიქვას ჩემი სექსუალური ორიენტაცია, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტული ადამიანით არ შემოიფარგლება; მეორე მხრივ, არ მინდა ეშინოდეს, რომ მაინცდამაინც ქალთან ვუღალატებ; და მესამე, არ მინდა ყოველ დილის ყავასთან ერთად ვიღაც გოგოს სურათებს მათვალიერებინებდეს, თითქოს ადამიანი კი არა, ონლაინ შოპინგის დროს ასარჩევი ფეხსაცმელია და „ჩამატებას“ მთავაზობდეს. ამ ყოველივეს გამო, ბისექსუალები ხშირად არ საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, ორიენტაციაზე და ქამინგაუთს არ აკეთებენ. თითქოს ჩაკეტილი წრეა – Ბისექსუალების მიუღებლობის მიზეზი მათ შესახებ ცოდნის ნაკლებობაა და, ამავე დროს, მიუღებლობის შიშით, ბისექსუალები ღიად ვერ საუბრობენ საკუთარ ორიენტაციაზე, რაც ისევ ცოდნის ნაკლებობას იწვევს. 

და მაინც, რა არის ბისექსუალობა? გადავიმეოროთ

ბისექსუალობა „ქოლგა“ ტერმინია. ის მოიცავს რომანტიკულ ინტერესს, სექსუალურ მიზიდულობასა და სექსუალური სახის ქცევას, რომელიც მხოლოდ ერთი გენდერით არ შემოიფარგლება. ეს ფართო განსაზღვრება, ბუნებრივია, ბევრ ვარიაციას შეიძლება მოიცავდეს. Ვარ თუ არა ბისექსუალი ვარ თუ ქალების მიმართ მაქვს რომანტიკული ფანტაზიები, მაგრამ კაცების მიმართაც განვიცდი სექსუალურ ლტოლვას? Დიახ და ასევე, პირიქითაც. ბისექსუალი ვარ, თუ აქამდე მხოლოდ კაცებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ვგრძნობ რომ ქალებიც მიზიდავენ? დიახ. გენდერზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ბისექსუალიზმის დეფინიცია ხშირად მოიცავს მხოლოდ ორ გენდერს – სისგენდერ ქალებსა და კაცებს. თავად ბი წინსართი ამ ტერმინში სწორად ამას აღნიშნავდა. ამის გამო გაჩნდა ტერმინი პანსექსუალობა,  რომელიც უგულებელყოფს ინტერესის ობიექტის გენდერულ მიკუთვნებულობას. აღსანიშნავია, რომ როდესაც გენდერი თავისთავად სპექტრია, ანუ ფემინური და მასკულინური ნიშნები სხვადასხვა პროპორციითა და კომბინაციით გვეძლევა თითოეულ ადამიანში, მაშინ ბისექსუალობა თავისთავად უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ინტერესის ობიექტები მხოლოდ სისგენდერი ადამიანები ვერ იქნებიან, თუ ტრანსფობიასთან არ გვაქვს საქმე. თითქოს დეფინიცია საკმარისად გასაგები უნდა იყოს, თუმცა ბისექსუალების მიმართ არსებობს სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ ინტეგრაციას როგორც ჰეტეროსექსუალ უმრავლესობაში, ისე თემში. ქვემოთ სწორედ ამ საკითხებსა და მათ მიზეზებს მიმოვიხილავთ.

პატრიარქატი და ბიფობია – რატომ არ ენდობიან ბისექსუალ ქალებს?

ქვიარი ქალების ფეისბუქ ჯგუფში, ისევე როგორც პირად საუბრებში, ლესბოსელებისთვის მიკითხავს, რატომ არ ენდობოდნენ ბისექსუალ ქალებს. ზოგი საკუთარი გამოცდილებების შესახებ ყვებოდა, როგორ ეტკინათ გული, როდესაც მათი ყოფილი პარტნიორი კაცზე დაქორწინდა, თავი მოტყუებულად იგრძნეს, თითქოს მათი ურთიერთობა არ იყო ნამდვილი. პირადი გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც კი არსებობს წინასწარი განწყობა, რომ ბისექსუალი ქალი კაცს ამჯობინებს. ჩემს მორიგ კითხვაზე – სხვა ქალი რომ ამჯობინოს, ნაკლებად მტკივნეული იქნება? –  პასუხი რიგ შემთხვევებში არ ჰქონდათ, ხოლო როდესაც ჰქონდათ, ამბობდნენ, რომ კაცის შემთხვევაში უფრო მეტად განიცდიდნენ ამ ამბავს. ამის მიზეზი ბუნდოვანი დარჩა. შესაბამისად, ჩნდება მომდევნო კითხვა, რომელიც ამ ქალებისთვის არ დამისვამს: სინამდვილეში ვისი გვეშინია – ბისექსუალი ქალის, რომელიც ნდობას გაგვიმტყუნებს, თუ კაცების?

პატრიარქალურ საზოგადოებაში დაბადებისას ქალად მონიშნულ ადამიანებს, აღზრდის პროცესში და შემდგომაც, საზოგადოებაშიც შთაგვაგონებენ, რომ კაცის ინტერესები, სურვილები, განწყობები უფრო მნიშვნელოვანია და ქალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური საჭიროებების უზრუნველყოფაზე. გარდა ამისა, ვითავისებთ, რომ კაცს უპირატესობა აქვს თანდაყოლილი უნარების, შესაძლებლობების, ნიჭის გამო. ამ გათავისებული მოცემულობების გამო, ქალებისთვის კაცებთან კონკურენცია უფრო რთულდება, ხოლო ქვიარი ქალები, რომლებსაც ასევე  ქალები მოწონთ, კაცებთან ერთგვარი რომანტიკული კონკურენციის პირობებში გრძნობენ თავს. სწორედ ამიტომაა რომ ხშირად ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის კაცთან ურთიერთობა უფრო მეტად საწყენია, თითქოს დამარცხების ელფერი დაკრავს, თითქოს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დიახ, კაცი უპირატესია. ამგვარ შიშებზე და განწყობებზე კი პასუხი ასეთია: რა თქმა უნდა, განშორების შემდგომ კაცთან ურთიერთობა არ არის გამორიცხული და შეიძლება გიღალატონ კიდეც როგორც კაცთან, ისე ქალთან. თუმცა ურთიერთობის შეთანხმების დარღვევა ბისექსუალი ქალების ექსკლუზიური მახასიათებელი არაა. ეს საკითხი ქალთა გაძლიერების უფრო ფართო თემის ნაწილია – რამდენად ღირებულადაც აღვიქვამთ საკუთარ თავს, ვენდობით თუ არა პარტნიორს იმდენად, რომ გვჯეროდეს, ის პიროვნებას ირჩევს და არა კონკრეტულ გენდერს, მარტო იმიტომ რომ თეორიულად შეუძლია.

ბისექსუალობა, როგორც ტრანზიცია და ექსპერიმენტი

ალბათ ყველას გაგვიგია ფრაზა „ბისექსუალობა ფაზაა.“ ვიღაცისთვის, ნაწილობრივ, შესაძლოა ასე იყოს. ლესბოსელი და გეი ადამიანები თვითგამორკვევამდე დიდ გზას გადიან და რაღაც მომენტში შესაძლოა ბისექსუალადაც მიიჩნევდნენ თავს, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს, რომ ბისექსუალობა ცალკე ორიენტაციად არ უნდა მოვიაზროთ. და სულაც, ვიღაცისთვის ფაზა რომ იყოს, ვის აქვს უფლება სხვისი სექსუალური ორიენტაცია განიკითხოს?

სანამ ლესბოსელთა თემსა და საზოგადოებას განვსჯით ბიფობიის გამო, Სამართლიანი იქნება აღნიშნოს, რომ იმ აკადემიურ ნაშრომებშიც კი, რომელიც ერთი და იმავე გენდერის ადამიანების ერთმანეთისადმი მიზიდულობას იკვლევს, ხშირად გამოირიცხება ბისექსუალთა გამოცდილებები. სამეცნიერო მსჯელობის ფარგლებში სამი მოდელი გამოიყოფა ბისექსუალობის ბუნების არასახსნელად. პირველი მოდელი მოიაზრებს, რომ ბისექსუალობა არის ტრანზიციის, ექსპერიმენტისა და უარყოფის ფაზა ჰომო/ჰეტეროსექსუალი ადამიანების თვითგამორკვევის პროცესში. მეორე მოდელი ამბობს, რომ ეს არის ფიქსირებული მიზიდულობა ორივე გენდერის მიმართ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამგვარი დაყოფა გამორიცხავს სპექტრზე მყოფ ადამიანებს, რომელთა მიმართაც ბისექსუალები განიცდიან მიზიდულობას. მესამე მოდელი კი ამბობს, რომ ეს არის პიროვნების  სექსუალური ფლუიდურობის მიმართ მზაობა. სამივე მოდელი აქტიური განხილვის საგანია. პირველი მიდგომა გადმოსცემს გამოცდილებას, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა ბისექსუალობის დაყვანა თუნდაც იმ ჰომოსექსუალთა გამოცდილებამდე, რომლებმაც ფაზა გაიარეს, არსშივე არასწორია. ხოლო ბისექსუალობის, როგორც გარდამავალი გამოცდილების მოდელის საწინააღმდეგო შედეგს იძლევა დაიმონდის ლონგიტუდური კვლევა, რომელიც 10 წლის განმავლობაში, 1995 წლიდან 2005 წლამდე, ტარდებოდა ერთი და იმავე მონაწილეების ჩართულობით. Კვლევის მონაწილეები არაჰეტეროსექსუალი ქალები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ იმ ქალების რიცხვი, ვინც ბისექსუალებად იდენტიციფირდებოდნენ ან იარლიყს არ აკერებდნენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას, კვლევის 5 ტალღის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა.   

Pick a side

ბისექსუალად ქამინგაუთის შემდეგ, უწინდებურად ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას და, თავისთავად, კაცებთანაც მქონია ურთიერთობა. როდესაც ჩემმა ოჯახმა და საახლობლომ ამის შესახებ შეიტყვეს, თითქოს ამოისუნთქეს, იფიქრეს რომ „გამოვსწორდი.“ ხოლო შემდეგ, როდესაც გაიგეს, რომ ჩემი მორიგი პარტნიორი ქალი იყო, იმედი გაუცრუვდათ – თუ ნორმალურად შეგიძლია ცხოვრება, ქალს რატომ ირჩევო. შემდგომ დაიწყო ჩემი პარტნიორების gender reveal party-ები. რამდენჯერაც გაიგებენ, რომ ვინმეს ვხვდები, ჩემთან გასაუბრებამდე მკითხაობენ, ქალია თუ კაცი. თუ კაცი აღმოჩნდება, მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას იმ იმედით, რომ ეს ბოლო პარტნიორია და, საბოლოოდ, კაცთან დავრჩები. 

რაც შეეხება ლგბტ თემს: როდესაც ბისექსუალი ქალი კაცზე ქორწინდება, თითქოს მან უკვე მხარე აირჩია, მისი ქვიარობა ქორწინების ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან ერთად დასრულდა. საზოგადოების, ასევე კონკრეტულად ლგბტქ+ თემის, მხრიდან ამგვარი კატეგორიზების აუცილებლობას, თანმდევ შიშს, დისკომფორტს, გაურკვევლობასა და უნდობლობას თუ უფრო ჩავუღრმავდებით, კოგნიტური საფუძველი აქვს. Კატეგორიებად დაყოფა ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომელიც განვითარებას 12-30 თვიდან იწყებს. ამ ფუნქციის მეშვეობით შევიმეცნებთ და აღვიქვამთ სამყაროს, ვქმნით წესრიგს, რომელიც დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას გვიჩენს. ბუნებრივია, როცა ისეთი ფენომენი გვხვდება, რომლის მოთავსებაც არსებულ კატეგორიებში რთულია, ვიბნევით, უხერხულობისა და უცხოობის გრძნობა გვიჩნდება. ამ შემთხვევაში გამოსავალი კატეგორიათა სპექტრის გაფართოება და ნორმალიზებაა – სექსუალური ორიენტაციის არა ურთიერთსაპირისპირო კატეგორიებად, არამედ სპექტრად განხილვა. ჯერ კიდევ ალფრედ ქინსი ამტკიცებდა, რომ სექსუალური მიზიდულობა ფართო კონტინუუმია, რომელზეც თავისთავად შეიძლება არსებობდეს უფრო მეტად ფიქსირებული ან უფრო მეტად ფლუიდური სექსუალობის გამოხატულებები.


Diamond M. L (2008) Female Bisexuality From Adolescence to Adulthood: Results From a 10-Year Longitudinal Study, Developmental Psychology, 2008, Vol. 44, No. 1, pp. 5–11

Hartwell  E. E, Hertlein M. K (2016)

Mereish E. H, Katz-Wise S. L, Woulfe J. (2017) Bisexual-Specific Minority Stressors, Psychological Distress, and Suicidality in Bisexual Individuals: the Mediating Role of Loneliness, Society for Prevention Research 2017, p. 721