ვილნიუსის მერიასა და პოლიციას შორის სასამართლოში დავა მიმდინარეობს იმის თაობაზე, დარჩება თუ არა ცისარტყელის ფერებში შეღებილი ქვეითთა გადასასვლელი, რომელიც ლგბტქ თემის მხარდასაჭერადაა შექმნილი.
ქალაქის მუნიციპალიტეტს სურს, რომ შეინარჩუნოს ლგბტქ თემის მხარდამჭერის ნამუშევარი, თუმცა პოლიცია ამტკიცებს, რომ ეს საგზაო მოძრაობის წესებს ეწინააღმდეგება.
ქვეითთა გადასასვლელი პილიმოს ქუჩაზე 2018 წელს შეიქმნა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, გადასასვლელი გადაღებეს, რაზეც პოლიციამ ორი ადამიანი დააჯარიმა.
“გადასასვლელი გამოხატავს ვილნიუსის როგორც ტოლერანტული ქალაქის სულს და მრავალფეროვნების ელემენტი არ შეიცავს არავითარ საშიშროებას”, – განაცხადა ვილნიუსის მუნიციპალიტეტის კომუნიკაციების სპეციალისტმა პაულიუს ვაიტეკენასმა.
პაულიუს ვაიტეკენასის განმარტებით, ქვეითთა გადასასვლელების შეღებვა ცისარტყელის ფერებში მიღებული პრაქტიკაა და ევროპის სხვა ქალაქებშიც შეხვდებით.
პოლიცია კი ამტკიცებს, რომ ქვეითთა გადასასვლელის ამგვარად მოწყობა ეწინააღმდეგება ლიეტუვის კანონებსა და რეგულაციებს.
“ქვეითთა გადასასვლელები ქუჩებში უნდა იყოს მოწყობილი ლიეტუვის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2020 წლის ბრძანებაში გაწერილი წესების შესაბამისად”, – ამბობს იულია სამოროკოვსკაია, ვილნიუსის ოლქის პოლიციის მთავარი კომისარიატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
ვილნიუსელების ნაწილის აზრით, ეს საქმე უფრო მეტად გამოხატავს ვილნიუსის პოლიციის შინაგან დამოკიდებულებებსა და განწყობებს, ვიდრე კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხს.
“ჩვენმა პოლიციელებმა ნაკლები იციან საგანმანათლებლო თანასწორობის შესახებ”, – ამბობს თომას კირსა, 2019 წელს ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლი, რომლის საქმის გამოძიებითაც პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ეს ამბავი მედიამ გააშუქა.
“არ უნდა ველოდოთ, რომ რამდენიმე გადამზადება ყველას მენტალიტეტს შეცვლის”, – ამბობს ის. კირსას აზრით, ლიეტუვაში ლგბტქ უფლებები არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის.
ქვეითთა გადასასვლელები იღებება პრაიდის თვის დასაწყისის წინა დღეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ივნისის თვეში აღინიშნება. ლიეტუვაში შარშან ჰქონდათ მცდელობა, რომ მიეღოთ კანონი ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შემოღების შესახებ, რომლითაც წყვილებს საერთო საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები დაუდასტურდებოდათ. თუმცა, კანონპროექტმა პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ხოლო ვილნიუსის ქუჩებში მოეწყო “ოჯახის დაცვის მარში.”
რაც შეეხება ქვეითთა გადასასვლელის საქმეს, ადგილობრივი სასამართლოს სპიკერმა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომები ნოემბერში გაიმართება.
წყარო: www.euronews.com