“შენს კაბინეტს რომ ფეხით შემოვაღებ?!” – იდენტური ან მსგავსი სიტყვები ყველას თუ არა, ბევრ ჩვენგანს მოუსმენია ბავშვობაში, როდესაც სკამზე დამდგარს ჩვენს სადღეგრძელოს გვასმენინებდნენ. ჩვენი ოჯახი, სამეზობლო თუ ახლობლები გვამზადებდნენ, გვაგულიანებდნენ თანამდებობისთვის, ან უფრო მეტად იმისთვის, რათა გვცოდნოდა ვინაა ჩვენიანი და ვინ უცხო, ვის შეუძლია ფორმალობებისა და კარზე კაკუნის გარეშე ჩვენთან მოსვლა, კარის შემოღება და სათხოვრის განდობა, რათა დაუმსახურებლად ან რიგში დგომის გარეშე მოაგვაროს გავლენიანი ნაცნობის დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს კაბინეტს, ჩვენს სავარძელს ან გავლენებს აზრი ეკარგება, თუ იგი არ ჩადგება დიდი ოჯახის სამსახურში.
ჩვენი ადგილი დაბადებისთანავე მოაზრებულია. “თანამდებობისთვის გამზადება” მცირე ნაწილია ბედნიერების კონცეპტებისა, რომელსაც ჩვენი კულტურა, ყველა სხვა კულტურის მსგავსად ქმნის. ეთნიკური, კლასობრივი, გენდერული მიკუთვნებულობა და კიდევ სხვა უამრავი იდენტობის ჩარჩოები განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების გზას. და თუ რამე ისე არ მოხდება როგორც დაგეგმილია, შეიძლება მოხდეს ყველაფერი მდუმარე უხერხულობიდან დაწყებული ოჯახის მხრიდან გარიყვამდე დამთავრებული.
ერთი მხრივ, ოჯახი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სოციალური მხარდაჭერის მექანიზმის ფუნქციას. ოჯახები გვეხმარებიან გადარჩენაში, მშობლების სახლი თავშესაფარია, რომელიც გვიხსნის უსახლკარობისგან იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის შემოსავალს არ შეუძლია სახლის შესყიდვა ან ცალკე ცხოვრება დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, ოჯახი კონტროლის ეფექტური მექანიზმია, რომელიც ინდივიდის გადაწყვეტილებებსა და არჩევანს ზღუდავს გუნდურობის მიზნებიდან გამომდინარე, რადგანაც ადამიანი მოიაზრება ოჯახის სახედ სამეზობლოში, სანათესაოსა და უფრო ფართო ჯგუფებში.
ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა, რადგანაც მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გვარიშვილობის ჰეტეროპატრიარქალური იერარქიული ოჯახის უცვლელობის საკითხი – სექსუალობის, გენდერული იდენტობის მრავალგვარობა და თვითგამოხატვაა. ლგბტქი თემი საქართველოში ცდილობს გაძლიერდეს ხილვადობის გაზრდით, იმ პრობლემების საჯაროდ დაფიქსირებით, რომლებსაც თემის წევრები ყოველდღიურად ვაწყდებით. საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიღება კი სწორედ ოჯახის გარემოდან იწყება: სასწორის პინაზე კი დგას ოჯახი როგორც სოციალური მხარდაჭერის ინსტიტუტი, რომელის დახმარებაზე უარის თქმაც რთულია, მეორე მხრივ კი ინდივიდუალური არჩევანის საჭიროება, რომელსაც ასე ძლიერ ზღუდავს კოლექტივი. 2013 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქციის დარბევის შემდეგ, როდესაც სახელმწიფომ არ შეძლო კონტრაქციის მონაწილეთა შეკავება, საზოგადოების ნაწილი დააფიქრა იმაზე, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა სცილდება ერთი კონკრეტული თემის საზღვრებს და ზოგადად სეკულარულ სახელმწიფოს ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს[1].
მთავრობა, პოლიტიკოსები, საპატრიარქო, იყენებენ ოჯახის ინსტიტუტს ლგბტქი თემის გაუცხოებისა და საკუთარი თავის, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველებად პოზიციონირებისთვის. ამავდროულად, ქართულ კულტურაში დამკვიდრებული ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებული ღირებულებები (კლანურობა) პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობისას კორუფციის, ნეპოტიზმის, არაგამჭვირვალე სახელმწიფო სისტემის შენარჩუნებას ახალისებს და უწყობს ხელს. ორივე ფაქტორი კი ასუსტებს ლგბტქი თემს, რადგანაც დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე, ლგბტქი თემის წინაშე არსებული წინაღობების, ისე როგორც ნებისმიერი სხვა სოციალური საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად შეუძლებელია.
ჰეტეროპატრიარქალური/იერარქიული ოჯახი და ლგბტქი თემი
გენდერის მკვლევრის ეკა აღდომელაშვილის მიხედვით, პირველ პერიოდში, 1990-იანი წლების დასაწყისში, სიტყვა ჰომოსექსუალი უცხოელი შოუ ბიზნესის წარმომადგენლის მიმართ გამოიყენებოდა, ნაწილობრივ ირონიული ტონით, შორეულ ქვეყანაში მცხოვრები ჰომოსექსუალი არ აღიქმებოდა საფრთხედ. 1998 წლიდან კი ჩნდება “ავადმყოფი” “ჩვენის” აღქმა, რომელიც დევიაციად და ცოდვად კლასიფიცირდებოდა. ჰომოსექსუალობის დასავლური წარმომავლობის შესახებ ცოდნა კი ახალ კონტექსტში ქართველობის დაკარგვის და გადაგვარების საფრთხედ იქცა. ამგვარი რიტორიკა 1998-2003 წლებში გახშირდა, 2007 წლიდან კი რამდენჯერმე ქვეყნდება ინფორმაცია გაზეთ “ალიაში” დაგეგმილი “გეი პარადის” ჩატარების შესახებ, რომ ამას ხელისუფლება მფარველობს და ხელს აფარებს. ამ პერიოდიდან ჰომოსექსუალობისადმი ამგვარი მიდგომა ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და რელიგიური გაერთიანებები იყენებდნენ. შესაბამისად, 1993-2003 წლებში ჰომოსექსუალობის უკუგდება ხდება რაციონალური არგუმენტებით, 2007-2011 წლებში კი ხაზი ესმება შეუთავსებლობას ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციებთან. დისკურსების ამ ცვლილებას, მკვლევარი ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას უკავშირებს.[2]
ლგბტქი თემის მობილიზებამდე თემის წინააღმდეგ გამოსვლის კარგი მაგალითია 2010 წელს მრევლის მიერ “ჰომოსექსუალების ძებნის” მანიფესტაცია ბათუმში. მას საფუძვლად დაედო დეზინფორმაცია თითქოს ბათუმში უნდა მოწყობილიყო ლგბტქი ადამიანების მსვლელობა, რომელსაც უცხოელებიც უნდა შეერთებოდნენ.[3]
2012 წელს საპარლამენტო უმცირესობამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ დააყენა საკითხი, რომ 2012 წელს 17 მაისის მანიფესტაციის შემდეგ უნდა შექმნილიყო საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, გაძლიერდებოდა “ტრადიციული ღირებულებები.” პარტიის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ დაიწყებდნენ ხელმოწერების შეგროვებას. მოვლენები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს ემთხვეოდა.
“ეს არის ძალიან შორს გამიზნული და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, მამათმავლობის, გახრწნილობის, გარყვნილების, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია”.[4] თარგამაძემ ამ გამოსვლაში ერთმანეთს დაუკავშირა რელიგიურობა და ტრადიციული ღირებულებები ათეიზმსა და ლგბტქი თემს.[5] ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან გახმოვანდა ისეთი კანონპროექტის შექმნის საჭიროება, რომელიც დაუპირისპირდებოდა ლგბტქი თემის ხილვადობას.
“ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” პარალელურად და შემდეგაც არსებობდნენ მცირე პარტიები, რომლებიც ასევე იყენებდნენ ლგბტქი თემს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობდა “ქართული მარში”, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. თუმცა, მათ მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ჰომოფობია არ იყო საკმარისი პოლიტიკური ხმების მისაღებად, რაც გამოჩნდა “ქართული მარშის”,“თავისუფალი საქართველოს” შემთხევაში, მათ მიერ ჰომოფობიური დღის წესრიგის შექმნას სხვა ეფექტი ჰქონდა: მათი “ძალა უძალოთა” მმართველ პოლიტიკურ გუნდზე ერთგვარი ზეწოლა და იმ განწყობების შექმნა იყო, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობდა ხელისუფლებაში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ: ხელისუფლება ხელს უწყობს “ჰომოსექსუალების პროპაგანდას”. ეს რიტორიკა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 2014 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობის ინიცირებით პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. კანონის მიღებას თან სდევდა ცხარე დისკუსიები (მათ შორის სამღვდელო პირების ჩართულობით)[6], რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კანონის მიღებას. კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა ილია მეორე, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალში ქართველები დაფიქრდებიან იმაზე, თუ როგორ დაუშვეს “დიდი ცოდვის”, უკანონოს დაკანონება.[7]
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პარალელურად პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადო პირობა, რომ მთავრობა კონსტიტუციაში შეიტანდა შესწორებას, სადაც ქორწინება, გზა ოჯახისკენ, განმარტებული იქნებოდა კაცისა და ქალის ერთობა. მისი განმარტებით, ეს კეთდებოდა იმისათვის, რათა თავიდან აეცილებინათ ინსინუაციები იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა ხელს უწყობდა “ჰომოსექსულობის პროპაგანდას”. მისი დაპირებით დაცული იქნებოდა ოჯახის ინსტიტუტი.[8]
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ მთავრობის დამოკიდებულებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლგბტქი საკითხების კანონმდებლობაში ასახვა დარჩა როგორც საზღვარგარეთიდან შემოტანილი რამ, რომელიც არაორგანული და გაძევებულია ქართული ოჯახის სივრციდან. ქართული ოჯახიდან, რომელიც საჯარო სივრცეში, შესაბამისად, პოლიტიკაშიც, ქართულობის, იდენტობის ფუძეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება “არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში”[9].
ოჯახს კი სოციალური მეცნიერებების პრიზმიდან ასე შეგვიძლია განვმარტოთ: „ოჯახი არის სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომელის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით.“[10]
ახლა კი ვნახოთ, როგორ განმარტავს ოჯახს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
„რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან ინტერვიუში 2015 წლის 29 ივნისს.[11] შესანიშნავი ინიციატივა უწოდა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერმინისტრის წინადადებას და ხაზი გაუსვა იმას, რომ ოჯახი და ქორწინება საქართველოში ტრადიციულ ღირებულებებს ემყარება.[12]
აი, კიდევ ერთი განმარტება ოჯახისა, რომელიც 2019 წელს 17 მაისამდე ერთი თვით ადრე განაცხადა პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ: “ჩვენი ტრადიციები, ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი ამ ქვეყანაში და ასე, ამ ჩვენი განსაკუთრებული ნიშნით, განსაკუთრებული ტრადიციულობით უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.”[13] იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ვინმე ებრძვის ოჯახს, თანაც ევროპულ სივრცეში გაწევრების კონტექსტში. ყოფილ პარლამენტარს, ზაქარია ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ ოჯახის სიმტკიცის საფუძველი საქართველოში არის ჯვრისწერის საიდუმლო. განსხვავებით ევროპისგან, სადაც საქორწინო ხელშეკრულება ანიჭებს ქორწინებას დამატებით სიმტკიცეს.[14]
თუ გავაანალიზებთ ოჯახის და ქორწინების ცნებისადმი ქართველი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას განსხვავებით საკანონმდებლო ან სამეცნიერო განმარტებებისგან, რომლებიც დაცლილია ემოციური შინაარსისაგან, ქართველი პოლიტიკოსებისთვის ოჯახი და ქორწინება არის ტრადიციული ღირებულება, რომელიც არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი, ამიტომ მისი დაცვა ტრადიციული ღირებულებების დაცვას საჭიროებს. ასევე, ჯვრისწერის ფაქტორის ხსენებას ოჯახის ცნების გააზრებისას დამატებით რელიგიური შრე შემოაქვს.
ჩემი აზრით, ეს განმარტებები, რამდენადაც პოპულისტურია და ფართო აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, იმდენად არ გვაძლევს საკითხის დეტალურად წვდომის საშუალებას: კონკრეტულად რას გულისხმობენ პოლიტიკოსები, როდესაც ოჯახსა და ქორწინებას ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებულად მიიჩნევენ? ან რატომაა ოჯახი ტრადიციის ნაწილი ისე, რომ მისი გადახედვა ან მნიშვნელობის შეცვლა არ შეიძლება? ნუ თუ ის მხოლოდ ტრადიციის საკუთრებაა და არ ეკუთვნით ადამიანებს, რათა ისინი დროების შესაბამისად გაიაზრონ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა მივმართოთ საპატრიარქოს და პატრიარქ ილია მეორის მიდგომას ოჯახისადმი. სწორედ საპატრიარქო იყო პირველი ინსტიტუტი, რომელმაც ლგბტქი თემის წინააღმდეგ ოჯახის გამოყენება დაიწყო. 2014 წელს, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებამდე რამდენიმე წლით ადრე, პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღე, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა. საზოგადოების ნაწილს ეღიმებოდა ამ დღის დაწესება ქვეყანაში, სადაც ყოველწიურად რეგიტრირებული ქორწინებების ნახევარი განქორწინებებით ბალანსდება.[15] ამ ცინიკური სკეპტიციზმის მიუხედავად, 17 მაისს თბილისის ქუჩებში გამოსული “ოჯახის სიმტკიცის დღის მონაწილეების მთავარი დევიზი, ზემოხსენებულ პოლიტიკოსების ნააზრევთან ასევე ახლოს მდგარი, “სახელმწიფო ოჯახიდან იწყება[16]” არის. მოდით, გადავხედოთ ამონარიდებს ილია მეორის ქადაგებებიდან:
ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა…[17]
ასევე:
გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი; მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის… [18]
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ოჯახის ინსტიტუტი დაიბადა პირველ ადამიანებთან – ადამსა და ევასთან, ერთად. იგი აღიარებულია ღმერთის მიერ, როგორც რეპროდუქციული ფუნქციის მატარებელი, რომლის წევრებს აქვთ გამრავლების საშუალება. ოჯახი ქმნის რა სივრცეს კოლექტივის კვლავწარმოებისთვის, იგი ერის მსახურებას ეწევა. ერიც ოჯახის მსგავსად უძველესი წარმოშობისაა. შესაბამისად ოჯახი, ქორწინება და ერი ბუნებრივი ფენომენია, რომელიც მუდმივად არსებობდა და მუდმივად იარსებებს, განსხვავებით ლგბტქი იდენტობებისგან, რომელიც “ახალი ხილია” და სწორედ მარადიულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს. ზემოთ მოცემული მოსაზრებების მიხედვით, ოჯახი, იერარქია, მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ამ გარემოში ჰეტეროსექსუალი ქართველი კაცის უზენაესად გამოცხადება გააზრებულია არა როგორც კულტურული ფენომენი, არამედ როგორც ბუნებრივი მოცემულობა, რომლის დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბუნების (ღმერთის) წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. თუმცა ეს ასე არ არის. შერი ორტნერი წერილში “არის ქალურსა და მამაკაცურს შორის ისეთივე მიმართება, როგორც ბუნებასა და კულტურას შორის?”[19] ასაბუთებს, რომ კაცების მიერ ქალებზე დომინირების კულტურული წანამძღვარი და შეთანხმება დაფუძნებულია დაშვებაზე რომ ის, რაც არის კულტურის (მამაკაცების) მიერ დაწესებული, მიჩნეულია უპირატესად და ბუნების მიერ დაწესებულად, ბუნებრივი (ქალური) კი მიჩნეულია არაკულტურულ, ნაწილობრივ ველურ მოცემულობასთან, რომელსაც კულტურისმიერი გაკეთილშობილება სჭირდება. როგორც ორტნერი განმარტავს, კულტურა აცნობიერებს ბუნების უპირატესობას და მისი “დამორჩილებით”, ესე იგი, კულტურული ფენომენების ბუნებრივ ნორმებად გამოცხადებით, ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს ბუნებაზე და წინ აღუდგეს ცვლილებებს. თუ კი ორტნერის თეორიას მოვარგებთ ჩვენ მიერ განხილულ საკითხს, ცხადი გახდება, რომ ადამიანის სექსუალობისადმი დაწესებული ნორმები ისეთივე სოციალურია (ადამიანის მიერაა შექმნილი), როგორც ერი, ოჯახი და ეკლესიის კანონები და მას ბუნებრივთან საერთო არაფერი აქვს პატრიარქის გაჯიუტებული მტკიცების მიუხედავად
ოჯახი და კლანურობა პოლიტიკაში
მას შემდეგ რაც მიმოვიხილეთ ის, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური აქტორები იერარქიული, ჰეტეროპატრიარქალური ოჯახის ცნებას ლგბტქი თემის წინააღმდეგ, სტატიის მეორე ნაწილში შევეხოთ იმას, თუ როგორ მსჭვალავს ოჯახის ფენომენი პოლიტიკის ყველა სფეროს, გარდაიქმნება იგი კლანის თუ გუნდის ცნებად, რაც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ინსტიტუტები კი აუცილებელია თანასწორობის მისაღწევად.
სასამართლო სისტემა
ბოლო პერიოდში ადვილი გახდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი და გაძლიერდა რწმენა, რომ სასამართლოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული კლანი მართავს.. სასამართლო სისტემის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ მიუხედავად დაპირებული რეფორმებისა, ხელისუფლება არაა დაინტერესებული სასამართლო კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს,[20] მოსამართლეები კი, რომლებიც უვადოდ ინიშნებიან და საპენსიო ასაკამდე ექნებათ გარანტირებული ამ თანამდებობებზე მუშაობა, მუდმივად იქნებიან პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, რომელმაც დაუდგენელი მიზეზებით დატოვა დაკავებული თანამდებობა,[21] ისაუბრა იმაზე, რომ რეფორმირების პროცესში მოსამართლეების ნაწილი შეეწინააღმდეგა საქმეების ელექტრონულ განაწილებას და მოსამართლეთა დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნას, [22] რაც გააუმჯობესებდა სასამართლო გამჭვირვალეობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი ჰყვება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევდა გუნდი, ოღონდ ეს არ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.[23]
პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2012-2016 წლებში 150-დან 27-მა დეპუტატმა დასვა 405 შეკითხვა. რაც ბევრად დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით (საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა – 26 249 შეკითხვა 2014-2015 წლებში; ბრიტანეთის პარლამენტი 107,237 შეკითხვა 2010-2012 წლებში). თუ მინისტრს კითხვას მისწერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სამინისტრო პასუხს არა კითხვის ადრესანტ დეპუტატს უგზავნის, არამედ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე აგზავნის.[24]
კიდევ ერთი კვლევის მიხედვით[25], ვგებულობთ, რომ ძირითადი პრობლემები, რომლებსაც საპარლამენტო კონტროლს ახასიათებს არის ის, რომ პარლამენტს არ გააჩნია ცალკეული მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ბერკეტი; რეგლამენტი ნათლად არ ითვალისწინებს პრემიერმინისტრის მიერ ყოველწლიური ანგარიშის ზეპირად წარდგენის ვალდებულებას; მინისტრისთვის შეკითხვის დასმისა და სამთავრობო საათის პროცედურა ბუნდოვანი და გაუმართავია.
შიდაპარტიული დემოკრატია
ქართველი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ გუნდურობაზე, თუმცა პარტიული გუნდურობის შიგნით არ არსებობს შიდაპარტიული დემოკრატია, რომელიც გულისხმობს კონკრეტული კანდიდატურების შერჩევას გამჭვირვალე პრინციპების დაცვით. როგორც წესი ეს გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება. ილია ჭავჭავაძის ცენტრის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის[26] მიხედვით, საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტია, პარტიის წევრები ფლობენ ცოდნას შიდაპარტიული დემოკრატიის ცალკეული ნაწილების შესახებ, თუმცა როგორც პროცესის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. ანგარიშის მიხედვით, პარტიის წევრები, რომლებიც არ არიან მაღალ პოზიციებზე, მიიჩნევენ, რომ ინსტიტუციური განვითარების დაბალი დონე, ფინანსური გამჭვირვალობის დეფიციტი, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, შიდაპარტიული დემოკრატიის ნაკლებობას განაპირობებს, რამდენადაც სიის შედგენის პროცედურა და სხვა შიდაპარტიული პროცესები “მათთვის უფრო ავტორიტარულ, ელიტურ-კლანურ მმართველობასთანაა ახლოს, ვიდრე დემოკრატიულთან.”[27]
ამ კვლევის შედეგიდან საგულისხმო არის ის, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ელიტურ-კლანური გადმოსახედიდან. შედეგად, გაუცხოება ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის უცხო აღარაა. დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებაც მიიქცია, ათქმევინებს საკითხით დაინტერესებულ არაერთ ადამიანს, რომ მრავალი მწვავე სოციალური პრობლემა (დიდი ჰესების მშენებლობა, მასთან დაკავშირებული პროტესტი და მთავრობის საპოლიციო პასუხი, ასევე გადაადგილებისა და გამოხატვის შეზღუდვა პროტესტთან დაკავშირებით და სხვა) დიდი პოლიტიკის ყურადღების მიღმა რჩება, ჩანს მხოლოდ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომელიც პარლამენტში მყოფი ხელისუფლებით და პარლამენტში მიწვეული თუ გაჯიუტებული ოპოზიციით შემოიფარგლება.
ავტორიტარული მმართველობა
გამოცემა “პუბლიკამ”[28] შეკრიბა “ქართული ოცნების” წევრების 30 ქება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნეს, სადაც გამოკვეთილია, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანებს და სახელმწიფოს; ივანიშვილი არის მშობელი მმართველი პარტიისა, იგი სამაგალითოა ერზე ზრუნვის კუთხით, ივანიშვილი არის მთავრობის „ბალახის შრიალი“, და „ქვეყნის დამზღვევი და გარანტი“.
ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდეზე საუბრობს, ივანიშვილის ვაჟი ბერა, რომელიც მედიაში თავს იწონებდა იმით, რომ ძალადობრივად პასუხი აგებინა იმათ ვინც თავის ოჯახს შეეხო. მას არ ეგულება ქართველი “კაცი”, რომელიც დედის და ოჯახის შეურაცხყოფაზე პასუხს არ მოსთხოვს[29]. რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს ესაუბრება კონკრეტული ადამიანების დაშინებაზე. ისინი არიან მამის კლანის, დიდი ოჯახის წევრები, რომლებიც სახელმწიფო პოზიციებს იკავებენ დღეს. ამგვარად გამყოფი ხაზი საკუთარ ბიზნესსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ქრება.
კიდევ ერთი სფერო, რომელიც სახელმწიფოსა და პირად ინტერესებს შორის საზღვრის გაქრობას ეხება სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფო შესყიდვებია. კვლევები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ხშირად იგებენ ყოფილი და მიმდინარე მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების, ნათესავების და მეგობრების, ან ზოგადად დაახლოებული პირების კომპანიები. ისინი ძირითადად სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობენ.[30] მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ზოგჯერ ტენდერის პირობები კონკრეტულ კომპანიებზეა მორგებული, რათა ნაკლებ მონაწილეს მიეცეს მათში მონაწილეობის შესაძლებლობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხშირად ისინი, ვინც იმარჯვებენ ტენდერებში მმართველი პოლიტიკური პარტიების შემწირველები არიან, ცხადი ხდება, როგორც იქცევა სახელმწიფო ფული კონკრეტული პარტიის, გუნდის თუ კლანის ბიუჯეტში ხვდება[31]. ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთი კონკრეტული მეწარმე შესაძლოა 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის შემწირველი იყოს, 2012 წლის შემდეგ კი ქართული ოცნების შემწირველი გახდა. ესეც საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად.
შეჯამება
წინამდებარე სტატიაში შევეცადე წარმომეჩინა ქართული ჰეტეროპატრიარქალური ოჯახის ფენომენი, და მისი გავლენით შექმნილი გავლენით კლანურობა პოლიტიკაში, როგორ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს და ხელს უშლის პირდაპირ და ირიბად ლგბტქი თემის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების გაუმჯობესებას.
შენარჩუნებული უთანასწორობა და ზოგადად ოჯახის მოაზრება ლგბტქი თემთან დაპირისპირებულ ფენომენად, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი, როგორც სოციალური მხარდაჭერის ინსტიტუტი ზრდის სოციალურ უთანასწორობას, ლგბტქი თემს დაუცველს ხდის ეკონომიკური ჩაგვრის წინაშე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ლგბტქი ადამიანებთან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 50% ცხოვრობს ოჯახისგან დამოუკიდებლად მარტო (29%) ან იზიარებს ბინას მეგობართან (20%). მაშინ როდესაც ზოგად მოსახლეობაში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს დამოუკიდებლად.[32] მკვლევრები თანხმდებიან იმაზე, რომ სოციალური გარიყულობა ხელს უწყობს ეკონომიკურ უთანასწორობას და სოციალური უთანასწორობისგან“, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების, ჯანმრთელობის, განათლების, საცხოვრისის უფლებისა და რესურსების გადანაწილების სტატუსს მოიცავს საზოგადოების წევრებს შორის. სოციალური უთანასწორობა და ეკონომიკური უთანასწორობა ერთმანეთზე ურთიერთქმედებს, და აძლიერებს ერთმანეთს.[33] ქართული ოჯახი დიდია მას შეუძლია მიიღოს თავისი გეი, ლესბოსელი, ბისექსუალური ან ტრანსგენდერი შვილი[34], ოჯახი მას ზურგს არ შეაქცევს იქამდე, სანამ მე-დ ყოფნას გადაწყვეტს.
ავტორი: მიხეილ მეფარიშვილი
სქოლიო
[1] 2013 წლის 24 მაისს დედაენის ბაღში გაიმართა აქცია “არა თეოკრატიას”, სადაც დაგმეს საპატრიარქოსგან მართული კონტრაქციის მონაწილეთა ქმედება.
[2] აღდგომელაშვილი, ეკა. ჰომოფობიური სიძულვილის ენა და პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში. თბილისი,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, 2012, გვ. 8-15. : https://bit.ly/3uIKnQj
[3] მრევლი ჰომოსექსუალებს ეძებს, ნეტგაზეთი, 26.08.2010; წყარო: https://netgazeti.ge/life/6971/
[4] ქდმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდის ლგბტ-ს აქტივობების შემდეგ, 22.05.2012; წყარო: https://civil.ge/ka/archives/150403
[5] თარგამაძის სიტყვებით: “ევროპულ სახელმწიფოებში გაცხადებული ათეისტები რაოდენობა 50%–ს აჭარბებს, ჩვენ კი ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც საბედნიეროდ ჯერ კიდევ ძლიერი არის ტრადიციული ღირებულებები”, იქვე
[6] მღვდლების პოლიტიკური პროტესტი პარაკლისით, 30.04.2014, ნეტგაზეთი; წყარო: https://netgazeti.ge/news/31320/
[7] პატრიარქი ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, 2014, ზნეობა; წყარო: https://zneoba.ge/7378/
[8] მთავრობა ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვის წინადადებით გამოდის, 28.03.2014, სივილ.ჯი; წყარო: https://old.civil.ge/geo/article.php?id=28016
[9] საქართველოს სამოქალაქო კოლექსი, მუხლი 1106 https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=113
[10] ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; წყარო: http://dictionary.css.ge/content/family
[11] მთავრობა ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვის წინადადებით გამოდის, 28.03.2014, სივილ.ჯი; წყარო: https://old.civil.ge/geo/article.php?id=28016
[12] წულუკიანი: დიახ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა, 08.03.2016, ნეტგაზეთი; წყარო: https://netgazeti.ge/news/99840/
[13] ჩვენი ტრადიციები, ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი ამ ქვეყანაში – მდინარაძე, 15.04.2019, ნეტგაზეთი; წყარო: https://netgazeti.ge/news/356648/
[14] ქუცნაშვილი: ოჯახის სიმტკიცის გარანტიად ჩვენ ჯვრისწერის საიდუმლო გვაქვს, 24.01.2017, ნეტგაზეთი; წყარო: https://netgazeti.ge/news/168916/
[15] ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები 2020, საქართველოს სტატისტიკის სამსახური; წყარო: https://bit.ly/3a0zLV5
[16] ქადაგება 2018 წლის 14 მარტი, https://patriarchate.ge/news/2068
[17] ილია II ოჯახთა მსოფლიო კონგრესზე: ოჯახი ღვთისგან დადგენილი ინსტიტუტია, 16.05.2016, ნეტგაზეთი; წყარო: https://netgazeti.ge/news/115044/
[18] საპატრიარქოს განცხადება, 14.03.2018, საპატრიარქო; წყარო: https://patriarchate.ge/news/2068
[19] Ortner, Sherry B. 1974. Is female to male as nature is to culture? In M. Z. Rosaldo o and L. Lamphere (eds), Woman, culture, and society. Stanford, CA: Stanford University Press, pp. 68-87 https://bit.ly/3teBA8f
[20] სასამართლო სისტემის მდგომარეობა 2016-2020 წლებში, 23.10.2020, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; წყარო: https://bit.ly/329lQYs i
[21]ავადმყოფობა თუ იძულება: რატომ გადადგა ნინო გვენეტაძე?, 02.08.2018, რადიო თავისუფლება; წყარო: https://bit.ly/3uJ5IZL
[22] ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან, 10.11.2015, GDS, https://bit.ly/32atr9g
[23] უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე “ჩინჩალაძის კლანს, 27.12.2018, ბათუმელები; წყარო: https://bit.ly/3a3LrX0
[24] საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა, 07.12.2015, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; წყარო: https://bit.ly/3uR1uj7
[25] ვახუშტი მენაბდე, რედ. ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე, (2017), 28-30;წყარო: https://bit.ly/3dbbmOw
[26] მარიამ გერსამია, გაიოზ (გია) ჯაფარიძე, ნინო კალანდაძე, გიორგი ხარებავა, გიორგი ჯოხაძე, შიდა პარტიული დემოკრატია საქართველოში. ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი. თბილისი, 2020, გვ. 50. https://bit.ly/3dXowxJ
[27] იქვე, 50
[28]30 ქება ბიძინა ივანიშვილს პანდემიის დროს, 04.05.2020, პუბლიკა; წყარო: https://bit.ly/3siVC0o
[29] ბერა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ, 09.03.2021, ტელეკომპანია “იმედი”; წყარო: https://bit.ly/3mIsyhG
[30] ტენდერები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; წყარო: https://bit.ly/2QiQdZI
[31] ტენდერებით გამდიდრებული “ქართული ოცნების” შემწირველები, 30.08.2017, ნეტგაზეთი; წყარო: https://netgazeti.ge/news/217546/
[32] შინამეურნეობები, საქართველოს სტატისტიკის სამსახური; წყარო: https://bit.ly/3dYOukq
[33] ლიკა ჯალაღანია,სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევა (2020), 19; წყარო: https://bit.ly/2ONT8ta
[34] 2010 წელს აქციაზე მღვდელ თეიმურაზის სიტყვებია: “თითო ოროლა ჩვენ ოჯახშიც გვყავს ასეთი საქციელის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ეს არ გადაიქცეს წესად, წყარო: https://netgazeti.ge/life/6971/