“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ “ტრანს* ადამიანების ჯანდაცვის საკითხების კვლევას”.
ტრანს* ჯანდაცვის განვითარების და ტრანს* ადამიანების ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლევა ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში 2020 წლის თებერვალში შესული ცვლილება, სახელდობრ, მე-15 თავი – “თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომლის მიზანია სოგი-ს სპეციფიკის გათვალისწინებით ქვეყანაში სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის ფარლგებში, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას: (1) სოგის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებული სერვისების კვლევა, (2) ტრანს* ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და (3) ინტერსექსი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა (მათ შორის, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით). აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებად განსაზღვრულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო აქტივობების განხორციელების პერიოდად – 2020 წელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტრატეგიაში არ არის გათვალისწინებული თითოეული აქტივობის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო, რაც გეგმის მნიშვნელოვან ნაკლოვანებად და მისი განხორციელების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად შეიძლება იქნას მიჩნეული.
საქართველოში „ტრანსგენდერობა“ სრულად არის პათოლოგიზებული, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტრანს* ადამიანების ცხოვრების მრავალ ასპექტზე: ზღუდავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სერვისებზე ტრანს* პოპულაციის წვდომას, გარკვეულწილად განაპირობებს სქესის სამართლებრივი აღიარების მავნე პრაქტიკას, რომლის აუცილებელ წინაპირობას სქესის ქირურგიული შეცვლა წარმოადგენს და ამასთან, ართულებს ტრანს* ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებას ქვეყანაში.
ტრანს* ადამიანებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, საქართველოში ტრანს*-სპეციფიკური და ტრანს*-სენსიტიური სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაბალია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. აღნიშული, გარკვეულწილად განპირობებულია სახელმწიფო გაიდლაინისა თუ პროტოკოლის და უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობით, რის გამოც ექიმებს იშვიათად მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ტრანს* ჯანდაცვის ლიტერატურაზე. სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი ტრანს* ადამიანების უნდობლობას განაპირობებს, შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში სერვისის მიღებისგან თავს იკავებენ და მიმართავენ თვითმკურნალობას, რაც ასევე უშედეგო და საზიანო არის მათი ჯანმრთელობისთვის.
სამაგიდო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსების თვალსაზრისით უთანასწორო დამოკიდებულებაა ტრანს* და ცისგენდერ ადამიანებს შორის. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საჭიროებისა და სამედიცინო ჩვენებისა, ტრანზიციასთან დაკავშირებული პროცედურები, როგორც ჰორმონული, ასევე – მენტალური და ქირურგიული სერვისები სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული არ არის. ამის მიზეზად მიჩნეულია შემდეგი: (1) სახელმწიფოს მიერ ტრანს* ჯანმრთელობის პრიორიტეტად არაღიარება და (2) ტრანზიციასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურების პლასტიკური/ესთეტიკური მედიცინის ნაწილად განხილვა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მაღალია ტრანს* ადამიანების მიმართ სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის ხარისხი. აღნიშული არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობისას ვლინდება, არამედ – ადმინისტრაციასთან კავშირის დროსაც. ამასთან ერთად, სამედიცინო დოკუმენტაციისა და ინფრასტრუქტურის არატრანს*-სენსიტიური მოწყობა, საქართველოში ტრანს* ადამიანების რუტინული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის ერთ-ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს.
ტრანს*-სენსიტიური და სპეციფიკური სამედიცინო მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია ტრანს* ადამიანებისთვის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც სოციალურ-კულტურული გარემოებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმედ ლგბტქი თემშია გამოვლენილი.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ პასუხობს საერთაშორისო რეკომენდაციებსა და გაიდლაინებს, შესაბამისად – ტრანს* ადამიანების ჯანმრთელობის საჭიროებებს. გარდა ამისა, ტრანს* ჯანდაცვასთან დაკავშირებული კანონმედებლობა (სქესის სამართლებრივი აღიარება) და პრაქტიკა, ტრანს ადამიანების უფლებათა უგულებელყოფისა და ღირსების შელახვის განმაპირობებელი ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორია.
კვლევის სანახავად, გთხოვთ, გადადით ბმულზე.