განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით


დღეს 1 მაისია, მშრომელთა საერთაშორისო დღე, რომელიც ლგბტ ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს, შრომით უფლებებს, ღირსეულ სამუშაო პირობებს, ეხება.

შრომის თავისუფლება და შრომის უფლება სოციალურ უფლებათა ჯგუფს მიეკუთვნება. სოციალური სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა მშრომელთა ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, შრომის კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა უფლებების სათანადოდ დაცვას. გამოწვევად რჩება უსაფრთხო, დისკრიმინაციული მოპყრობისგან თავისუფალი სამუშაო გარემო, დასაქმებულთა სოციალური დაცვისა და ღირსეული ანაზღაურების საკითხი. Covid-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა მშრომელთა, განსაკუთრებით თვითდასაქმებული ადამიანების, მდგომარეობა. 

დღეს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მშრომელები მოკლებული არიან შესაძლებლობას საჯარო მანიფესტაციით აღინიშნოს ეს დღე, დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა როგორ დაუცველი არიან დასაქმებულები, კონკრეტულად ქვიარ ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი მიზერული ან დღიური ანაზღაურებით ირჩენს თავს. პანდემიის შეზღუდვებმა ყველაზე მეტად დღიური ანაზღაურების მქონე ადამიანები დააზარალა. 

ჰომოფობიითა და ტრანსფობიით ნასაზრდოები გენდერული წინასწარგანწყობები ადრეული სოციალიზაციის ეტაპზე ოჯახსა და სკოლაში, შემდეგ უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას აკადემიური მოსწრებისთვის, იმისთვის რომ ქვიარ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ განათლების უფლებაზე. ეს კი თავის მხრივ, გავლენას ახდენს დასაქმებასა და შრომით ბაზართან დაკავშირებულ მოლოდინებზე. 

ქვიარ თემის მრავალი წევრი დასაქმებულია მომსახურების სფეროში, სარგებლობენ მცირე სოციალური მხარდაჭერითა და დაბალი ანაზღაურებით. ამიტომ მშრომელთა უფლებების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ქვიარ სათემო ორგანიზაციისთვის. “თანასწორობის მოძრაობის” სოციალური სერვისები: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ადვოკატები, მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ქვიარ თემის წევრებს და დაიცვან მათი უფლებები სამუშაო ადგილას. 

ქვიარ ადამიანები ხშირად მომართავენ ჩვენს იურისტებს დამსაქმებლის მხრიდან მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ხშირია უფლებების დარღვევა, რომელიც შეეხება დაცვის მცირე გარანტიებს, იძულებით აივ-ტესტირებას, თანამშრომლების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამოვლენას და სხვა.

“თანასწორობის მოძრაობა” მზადაა, ნებისმიერ დროს უფასოდ გაგიწიოთ იურიდიული დახმარება თქვენი შრომითი უფლებების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ განუხრელად დავიცვათ ჩვენი უფლებები და არ მივცეთ დამსაქმებლებს უფლება ისარგებლონ საკუთარი წარმოდგენით, თითქოს არ გვაქვს მხარდაჭერა. 

ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა!

ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!