საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა” და “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებები “TV პირველის” ჟურნალისტის – ანა წერეთლის წინააღმდეგ.
სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 16 აპრილს გავიდა და საერთო კოვზით ზიარების საკითხს ეხებოდა.
“თანასწორობის მოძრაობამ” და “ქალთა ინიციაციტივების მხარდამჭერი ჯგუფმა” დამოუკიდებლად შეიტანეს განაცხადი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. საჩივრის მიხედვით, გადაცემის პირდაპირ ეთერში, რესპონდენტმა, გიორგი ანდრიაძემ ფრაზით „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“ მცდარი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაცია გააჟღერა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთვის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ნერწყვით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ. აქედან გამომდინარე, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაციის წახალისება) პრინციპი.
“თანასწორობის მოძრაობა” დამატებით დავობს მეხუთე (შესწორების) პრინციპზეც. ქარტიის საბჭომ “თანასწორობის მოძრაობისა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” განცხადებები გააერთიანა და ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
წყარო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გარდა “თანასწორობის მოძრაობამ” “TV პირველის” თვითრეგულირების მექანიზმსაც მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლის ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის I პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის
წყაროსა და ფაქტების სიზუსტე. ამავე მუხლის III პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.