კარცერული თანამედროვეობა: საქართველოს მაგალითი


ავტორი: ლევან ბერიანიძე

მთარგმნელი: მაგდა კალანდაძე და სალომე ყანჩაველი
რედაქტორი: მაგდა კალანდაძე

შესავალი

პროგრესი და თანამედროვეობა ის ცნებებია, რომელთა მნიშვნელობაც, ერთი შეხედვით, საყოველთაოდ პოზიტიურადაა აღქმული. ზოგადად მოიაზრება, რომ თითოეული ქვეყანა და ადამიანი პროგრესისკენ მიისწრაფვის. გლობალიზაცია იქცა ტერმინად, რომელიც მოდერნიზაციის პროცესს ასახავს – სამყაროს მომავალი პოზიციონირებულია, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული მსოფლიო, ინტეგრირებული გლობალური სისტემებით, ადამიანის უნივერსალური უფლებებით, და გლობალური ეკონომიკით, სადაც ადამიანებს სამყაროს ყველა კუთხეში აქვთ წვდომა იმ სიკეთეებსა თუ სერვისებზე, რომლებიც მათთვის წარსულში მიუწვდომელი იყო… ამ პროცესში დასავლეთი წარმოდგენილია იმ გათანამედროვებული მსოფლიოს მაგალითად, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს მთელი დანარჩენი სამყარო და ქვეყნებიც “განვითარებადი მსოფლიოდან” ერი-სახელმწიფოების დასავლურ მოდელზე ეწყობიან. არგუმენტი, რომ კაპიტალიზმის გლობალური ჰეგემონია თავისი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებითაც კი – ნეოლიბერალიზმით – სწორედ გლობალიზაციის ნიღაბქვეშ ჩამოყალიბდა და შენარჩუნდა – ახალი არ არის. მკვლევრები სხვადასხვა დისციპლინიდან დიდი ხანია, აკრიტიკებენ გლობალიზაციის პროცესს და წარმოაჩენენ ძალთა დისბალანსს ხსენებულ პროექტში –  ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესში მსოფლიოს ყველა ქვეყანას საკუთარი კონტრიბუცია შეჰქონდეს, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ კულტურას, ცოდნას, დოვლათს, ცხოვრების წესსა თუ სხვა ღირებულებებს თანასწორ პირობებში, ადგილი აქვს დასავლური კულტურის ნორმალიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გლობალიზაცია იმპერიალისტური პროექტია, სადაც დასავლური კაპიტალი მოიხმარს ადამიანებს, მათ მიწებს და ხელოვნურად ნერგავს ნეოლიბერალურ წესრიგს იმისათვის, რათა შეინარჩუნონ კაპიტალიზმის გლობალური ექსპანსია.

ამ ნაშრომში კონკრეტულ ქვეყანას – საქართველოს – დავაკვირდები და მოვნიშნავ გზებს, რომელთა საშუალებითაც ქვეყანა გადის მოდერნიზაციის პროცესს. საქართველო საინტერესო მაგალითია. იგი 70 წლის მანძილზე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერს გაუჩნდა ძლიერი მისწრაფება, გამხდარიყო დასავლეთ სამყაროს ნაწილი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგი პერიოდი მტკივნეული გამოდგა ქვეყნისთვის – მოშლილი ინსტიტუტების პირობებში სიღარიბემ, კრიმინალმა და ქაოსმა დაისადგურა 1990-იან წლებში. “ვარდების რევოლუცია” 2003 წელს იყო ხალხის ნების განსხეულება, რომ დაესრულებინათ ეს ქაოსი და დაეწყოთ ახალი თანამედროვე ქვეყნის შენება. ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთის ხელშეწყობით გლობალიზაციის ტრაექტორიას გაუსწორა ქვეყნის განვითარების ორიენტირი და ერის აგრესიულ მოდერნიზაციას მიჰყო ხელი. ამ ნაშრომის ინტერესი სწორედ ამ პროგრესზე დაკვირვებაა. რას ნიშნავს პროგრესულ, თანამედროვე ერად ყოფნა? რომელი თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის განვითარებადი მსოფლიო? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა არის ამ მოდერნიზაციის აქტის განმახორციელებელი იარაღები და როგორია ფასი, რისი გადახდაც ხალხს ამ პროცესში უწევს?

ნაშრომის პირველ ნაწილში მიმოვიხილავ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ ერის მშენებლობის პროცესს; მეორე და მესამე სექციებში შევეხები გენდერულ თანასწორობასა და ლგბტ საკითხებს, როგორც თანამედროვეობის მარკერს. მიზნად მექნება, ვიკვლიო ის როლი, რომელიც კარცერულმა პოლიტიკამ ითამაშა ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში და გამოვავლინო ის ტაქტიკები/მეთოდები, რითაც ხსენებული ძალადობა ჩაიდინეს პროგრესის სახელით. 

აღნიშნული ნაშრომი ასევე თვითრეფლექსიის მცდელობაა. იმის მიუხედავად, რომ ამ ტექსტის ფარგლებში შეუძლებელი გახდა ლგბტქ და ფემინისტური მოძრაობების მიზნებისა და ტაქტიკების მოკვლევა და გაანალიზება, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ორივე მოძრაობა მეტნაკლებად ჩართულია კარცერული პოლიტიკის წარმოებაში. იმედია, ნაშრომი დაეხმარება მომავალ აქტივისტებს, გადაიაზრონ არსებული პოლიტიკა და არ გაიმეორონ დაშვებული შეცდომები.

Პირველი ნაწილი: დასაწყისი

“თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ! იმისათვის, რომ დასახულ მიზნამდე მიხვიდე, ამ მიზნისაკენ მიმავალ გზას უნდა დაადგე. სწორი მიმართულების ასარჩევად, ზუსტი მარშრუტის მოსაძებნად და არჩეული კურსის სწორად გასაანალიზებლად, უნდა გქონდეს პასუხი სამ მარტივ შეკითხვაზე: საიდან და რით დავიწყეთ? სადამდე და რით მოვედით? საით და რით მივდივართ? საიდან დავიწყეთ… ყველაზე მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: დავიწყეთ ნანგრევებიდან. დავიწყეთ იქიდან, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობა დამთავრებული ჰქონდა; ჩვენს ქვეყანას წართმეული ჰქონდა ყველა ღირსება, ხოლო ხალხს – ყველა უფლება. დავიწყეთ უიმედობიდან, უპერსპექტივობიდან, უუფლებობიდან, უძლურებიდან, უსამართლობიდან, უდენობიდან, უფულობიდან, უხელფასობიდან, უპენსიობიდან, უწესრიგობიდან. დავიწყეთ იქიდან, სადაც სახელმწიფოები და ერები არსებობას ასრულებენ.”
“საქართველო სახელმწიფოა თავისი ყველა ატრიბუტით: კარგად გამართული და ეფექტიანი სახელმწიფო აპარატით; ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით; სწრაფი ტემპებით მზარდი საფინანსო მაჩვენებლებით; ხალხის სამსახურში მყოფი ძლიერი სამართალდამცავი სისტემით; ძლიერი, კარგად მოტივირებული, ასევე კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარით, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ; განახლებული და განახლებადი ინფრასტრუქტურით; ყველა სფეროში აქტიურად მიმდინარე რეფორმებით; აღმშენებლობისა და ზრდის აქამდე არნახული მაჩვენებლებით. მოვედით იქამდე, რომ დღეს საქართველოს მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს – როგორც ქვეყანას, რომელიც საიმედო და პერსპექტიული პარტნიორია; როგორც ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი ხდება; როგორც ქვეყანას, რომელიც განიხილება არა ცალკე ერთეულად, არამედ ქვეყნად, რომელიც თავის გარშემო გეოპოლიტიკურ სივრცეს ქმნის…”
“დავიწყეთ, როდესაც დანაშაულსა და კანონიერებას, კრიმინალურ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის საზღვარი აღარ არსებობდა.”
“ამიერიდან ასე აღარ იქნება! 
ვაცხადებ ახალ კანონპროექტს – ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც ბინის და ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობასა და ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს. ამ დანაშაულებებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს – ყველა ციხეში!”
“ნულოვანი მოთმენა ყველანაირი, თუნდაც წვრილმანი დანაშაულის მიმართ!”
(ამონარიდები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წლიური ანგარიშიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, 2006 წლის 14 თებერვალი) 

ეს არის ამონარიდი სიტყვიდან, რომელიც საქართველოს მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქვა და რომელშიც ავადხსენებული “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის შესახებ განაცხადა. ნულოვანი ტოლერანტობა პრეზიდენტის ინაუგურაციიდან (2004 წლის 25 ნოემბერი) მოკლე დროშივე ამოქმედდა. სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი ქვეყანაში, რომელიც იძირებოდა კორუფციაში, სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა, კრიმინალის სტატისტიკა მაღალი იყო და უსამართლობა – არაერთი ფორმით გავრცელებული. იგი ძალაუფლების სათავეში “ვარდების რევოლუციის” გზით მოვიდა, რომელიც, თავის მხრივ, მოსახლეობისთვის წარდგენილი იყო, როგორც დისფუნქციური რეჟიმის დასრულებისა და ახალი, დასავლური დემოკრატიის მშენებლობის საწინდარი (BBC, 2004). სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას დასავლეთიც მიესალმა და მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა მას.

თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მთელ ამ პროცესში ახალმა მთავრობამ პოლიტიკური და სოციალური სფეროს ყველა ასპექტში რეფორმები გაატარა – დაწყებული კორუფციის აღმოფხვრით, პოლიციისა და განათლების რეფორმებით, დამთავრებული ნეოლიბერალური საგადასახადო და შრომის კოდექსის შემოღებით. მართალია, ხსენებული პოლიტიკის მიზნებად მაშინდელი ლიდერებისგან ისეთი კეთილშობილური ნარატივები იყო შემოსაღებული, როგორებიცაა, მაგალითად, სიღარიბის აღმოფხვრა და ქვეყანაში უსაფრთხო დემოკრატიის დამყარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, პოლიტიკის შედეგი ადამიანებისათვის მძიმე და დამაზიანებელი გამოდგა. 

შემდეგ სექციაში ვეცდები, ავსახო, როგორი იყო კარს მომდგარი თანამედროვეობის, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ – თანამედროვე ერი-სახელმწიფოს მშენებლობის – პროექტის შედეგები. ყურადღებას მივაპყრობ მათკენ, ვინც საზოგადოებრივი სხეულის მიღმა იქნა დატოვებული, ვინც იძულებული გახდნენ, „მკვდარ ცხოვრებას“ შეგუებოდნენ იმისათვის, რათა სხვებს გაეხარათ… ვისთვის დადგა თანამედროვეობა და ვის ხარჯზე მოხდა ეს?

თანამედროვე ერი-სახელმწიფოს მშენებლობასთან მიმართებაში არსებული თეორიები ახალი არ არის. აჩილ მემბე თანამედროვე ერი-სახელმწიფოს შექმნაში ჩართული ძალის აღსაწერად ტერმინი „ნეკროპოლიტიკა“ დაამკვიდრა. ნეკროპოლიტიკა არის ძალა, რომელიც ადგენს, ვისი სიცოცხლეა ღირებული და ვისი – ღირებულების არმქონე, და ვისი სიკვდილია საჭირო, რათა სხვებმა განაგრძონ ცხოვრება. ავტორი ამბობს, რომ თანამედროვე სუვერენიტეტი (უზენაესი ძალაუფლება) დაფუძნებულია სუვერენული სუბიექტის ლიბერალურ კონცეფციაზე, რაც თვითმყოფად, რაციონალურ ინდივიდს გულისხმობს. Მემბეს მტკიცებით, თანამედროვე სახელმწიფოები წარმოიშვნენ სიკვდილის ზონების შექმნის ხარჯზე, რომელთა მაგალითებიცაა პლანტაციები და კოლონიები. ეს ის სივრცეებია, სადაც მონებისა და სხვა დატყვევებული ადამიანების შრომითი ექსპლუატაცია ხდებოდა და რომელიც თითქმის ყველა “განვითარებული” ერი-სახელმწიფოების შენების საფუძველშია ჩაბეტონებული. ეს სივრცეები სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებული განზომილებებია, სადაც ადამიანები სუბიექტების ნაცვლად სიკვდილის ობიექტებად არიან ქცეული და მათ სიცოცხლეს ყოველგვარი მნიშვნელობა აქვს წართმეული.

მსგავსად, ჯორჯო აგამბენი ანტიკური საბერძნეთიდან და რომიდან დღემდე პოლიტიკის ფილოსოფიის, სახელმწიფოს მოწყობისა თუ  დასავლური დემოკრატიის ისტორიული მოვლენების კვლევებზე დაყრდნობით გვიჩვენებს, რომ დასავლური დემოკრატიისათვის ძალადობა არათუ გამონაკლისი გარემოება, არამედ მისი თანამდევი ატრიბუტია. აგამბენი იყენებს ტერმინებს „საგანგებო მდგომარეობა“ და „შიშველი სიცოცხლე“ იმ სამართლებრივი (უფრო კონკრეტულად – სამართლებრივს მიღმა არსებული) სივრცის აღსაწერად, სადაც ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიურ ერთეულებად არიან აღქმული და მათი სიცოცხლე ღირებულების არმქონედ მიიჩნევა. ხსენებული მკვლევრების ინტერესის სფერო მეტწილად საკონცენტრაციო ბანაკები, ციხეები (როგორებიცაა, მაგ. აბუ-გრეიბი და გუანტანამო), ომი, კოლონიალიზმი, პლანტაციებსა და საზღვრებზე არსებული მდგომარეობებია. თუმცა, ეს თეორიული ჩარჩო ასევე გამოსადეგია თანამედროვე ციხეების, პატიმართა საცხოვრებელი მდგომარეობისა და იმ ბიოპოლიტიკის ანალიზისთვის, რომელიც მონაწილეობს ადამიანების მსგავს მდგომარეობამდე მიყვანაში. ციხეები ის სისტემებია, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ სოციალური ცხოვრების უფლება და გარიყული არიან დანარჩენი საზოგადოებისგან. პატიმრები გადაქცეული არიან ცოცხალ გვამებად, მათი სიცოცხლე იქცევა ფასეულობის არმქონედ და აზრს მოკლებულად.

ამასთან ერთად, ციხეები გამოიყენება არა მხოლოდ ადამიანების დასასჯელად, არამედ მათი დისციპლინირებისთვისაც. მიშელ ფუკო პანოპტიციზმის მაგალითზე ხსნის, თუ როგორ გვევლინება ციხის არქიტექტურა, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია ზედამხედველობის ტექნოლოგიების სრულყოფაზე, იმ ინსტრუმენტად, რომელიც თვითდისციპლინას აწარმოებს. თვალთვალის დროის განუსაზღვრელობა აიძულებს პატიმრებს, შეისისხლხორცონ დამკვირვებელი თვალი და მოიქცნენ ისე, თითქოს მათ მუდმივად ვიღაც უყურებს. Შესაბამისად, პატიმარი ზედამხედველი თვალის ინტერნალიზებას ახდეს და იგი საკუთარი თავის დამკვირვებელი ხდება. ამგვარად, სისტემა თვითმადისციპლინირებელ პატიმარს აწარმოებს. 

ჯეკი ვონგი (2018) ფუკოს მადისციპლინირებელ ძალას თანამედროვე კაპიტალიზმის ძალაუფლებასთან აკავშირებს და ამბობს, რომ ნეოლიბერალური სახელმწიფო აპარატი, რომელიც კაპიტალ(იზმ)სა და მოქალაქეებს შორის მედიატორად გვევლინება, იყენებს სადამსჯელო მეთოდებს ადამიანების საბაზრო სისტემაში მოსაქცევად. Ნეოლიბერალიზმის აპოლოგეტები ხშირად ესხმიან თავს სოციალურ პროექტებს და მათი მოსპობით შეძლებისდაგვარად პატარა სახელმწიფოს იდეას ქადაგებენ. Როგორც წესი, პატარა სახელმწიფოს ისინი არსებითად უსაფრთხოების სისტემის განზომილებაში ხედავენ – სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს არაფერში, გარდა კანონის აღსრულებისა უსაფრთხოების კუთხით (მაგ. Პოლიცია, ჯარი, სასამართლო). ეს ლოგიკა არაა გასაკვირი, რადგან ნეოლიბერალური ხელისუფლების ფუნქცია შემდეგია: უზრუნველყოს საკუთრებისა და კაპიტალის უსაფრთხოება, რადგან კაპიტალიზმს სჭირდება ძალაუფლება იმისათვის, რათა ადამიანები თავის მსახურებაში ამყოფოს. სამართლით რეგულირებული საბაზრო სფეროს მიღმა ინტერაქციები კრიმინალიზებულია და სადამსჯელო მეთოდები გამოიყენება სუბიექტის დისციპლინირებისთვის, რათა მან კაპიტალისტური ბაზრის პრინციპების მიხედვით შეცვალოს თავისი ქცევა (იპოვოს სამსახური, აიღოს სესხები და ა.შ.). მეტიც: ვონგის თანახმად, სადამსჯელო მეთოდები გამოიყენება აგრეთვე იმ სოციალური შფოთვის გასაკონტროლებლად, რომელიც მზარდი უთანასწორობით, სოციალური დაუცველობითა და შფოთვისა და გაურკვევლობის ზრდითაა განპირობებული.

საქართველოს მაგალითი კარგი ილუსტრაციაა ნეოლიბერალური ერის მშენებლობისა თუ მადისციპლინირებელი ბიოპოლიტიკის იმ ძალებისა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვიმსჯელე. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი და მისი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, საქართველომ შთამბეჭდავი ეკონომიკური წინსვლა განიცადა. მაგალითად, თუ ქვეყნის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 2004 წლისთვის 5,125 მილიარდი იყო, ეს რიცხვი სწრაფად გაიზარდა და 15,846 მილიარდს მიაღწია უკვე 2012 წელს (თარიღი, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ არჩევნები წააგო და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ჩაანაცვლა) (მსოფლიო ბანკი, 2019). თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში აბსოლუტური სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ფაქტობრივად, სიღარიბე გაიზარდა 2004 წლიდან 2007 წლამდე – თავდაპირველად იგი იყო 34.3% და მიაღწია 38.8%-ს. მხოლოდ 2008 წელს დაიწყო ამ კოეფიციენტმა კლება და 34.9%-მდე ჩამოვიდა. თუმცა, ეს მონაცემიც კი 2004 წლისაზე მაღალია. მეტიც, 2008 წლის შემდეგ სიღარიბე კვლავ გაიზარდა და 37.3%-მდე ავიდა. სიღარიბემ მხოლოდ 2010 წლის შემდეგ დაიწყო კლება და რეკორდულად დაბალ ნიშნულს – 30%-ს მიაღწია 2012, ენმ-ს ხელისუფლების ბოლო წელს (მსოფლიო ბანკი, 2019). ეს ნიშნავს, რომ შექმნილი დოვლათის უმეტესობა ნაწილდებოდა მცირე რაოდენობის მდიდრებს შორის, მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბი რჩებოდა (დროის გარკვეულ მონაკვეთებში კი კიდევ უფრო ღარიბდებოდა) და ემსახურებოდა ელიტური კაპიტალისტების შემოსავლების ზრდას. ეს მსჯელობა კიდევ ერთხელ დასტურდება უთანასწორობის ანალიზითაც. მსოფლიო ბანკი იყენებს ჯინის (GINI) კოეფიციენტს იმისათვის, რათა დათვალოს შემოსავლების უთანასწორობა მსოფლიოს მასშტაბით. ეს კოეფიციენტი 2004-ში საქართველოსთვის იყო 36.2. ენმ-ს მმართველობის პერიოდში მაჩვენებელი მერყეობდა, თუმცა ჯამში ნელ-ნელა გაიზარდა 39.6-მდე (2011-ში) და ოდნავ დაიწია 39-მდე 2012 წელს (მსოფლიო ბანკი, 2019). ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ამ ეკონომიკური პოლიტიკისგან სარგებელი ვერ მიიღო. მთავრობა გამიზნულად ატყუებდა მოქალაქეებს საქართველოს ეკონომიკური წარმატების ბენეფიტების შესახებ, მაშინ, როცა ეს პროცესი მხოლოდ მცირე რაოდენობის ელიტას ამდიდრებდა.

ამასთან ერთად, ციხეებში ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა 2004-დან 2012 წლამდე. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ციხის პოპულაცია 2004 წელს ჯამში 7876 იყო (World Prison Brief, 2019). ეს რიცხვი თითქმის გასამმაგდა 2010 წლისთვის, როდესაც პატიმართა ჯამურმა რაოდენობამ ციხეებში 23,684-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი შემცირდა 19,350-მდე 2012 წლისთვის, თუმცა საკმაოდ დაშორებული იყო ციხის პოპულაციის საწყის რაოდენობას (2004 წლისას) (World Prison Brief, 2019). ასევე მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად მთავრობის ხარჯები განათლებაზე მთლიან ხარჯებთან მიმართებაში შემცირდა (მსოფლიო ბანკი, 2019). იმის მიუხედავად, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი რესურსები ჩადო განათლების სისტემის რეფორმაში, რომელიც ძირითადად განათლების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად, მსოფლიო ბანკის აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ მაშინ, როდესაც ბიუჯეტი იზრდებოდა, ყველა სფეროს დაფინანსება განათლების სფეროსთან მიმართებით, პროპორციულად, გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე თავად განათლებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი. 

ზემოთ მოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ვიმსჯელოთ, რომ ქვეყნის, უფრო სწორად კი, ქვეყანაში მცირერიცხოვანი ჯგუფის გამდიდრებასთან ერთად, გაზრდილი უთანასწორობის შედეგად წარმოშობილი სოციალური არეულობის დარეგულირებას ხელისუფლება სადამსჯელო მეთოდებით ცდილობდა. საზოგადოების შესაძლო უკმაყოფილების კონტროლის სურვილთან ერთად დასჯის მეთოდები ასევე გამოიყენებოდა მოსახლეობის მენტალური დისციპლინირებისა და მოდერნიზაციისათვის გლობალურ ეკონომიკასთან შესაბამისობაში; ეს ყველაფერი თანამედროვე ერის მშენებლობის პროცესის ნაწილი იყო. საქართველოს მოსახლეობა განიხილებოდა, როგორც შეუსაბამო ახალი, თანამედროვე სახელმწიფოსათვის და მიზანი იყო მათი დისციპლინირება დამსჯელობითი გზებით.

სააკაშვილის რიტორიკაზე დაკვირვება ნათელს ხდის, რომ ეს პროექტი მოდერნიზაციის საფარქვეშ ინერგებოდა. თანამედროვეობა დამკვიდრდა სადამსჯელო მადისციპლინირებელი ძალით. პრეზიდენტის იმ სიტყვაში, რომელიც ამ სექციის დასაწყისში მოვიყვანეთ ციტატად, სააკაშვილი მკაფიოდ საუბრობს წარსულსა და მომავალზე. ის ხაზს უსვამს წარსულს, როგორც დისფუნქციური სახელმწიფოს ხანას და აწმყოს, როგორც საჭირო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის მქონე ერის მშენებლობის პროცესს. მეტიც, ერთ-ერთ სხვა სიტყვაში სააკაშვილმა მოსახლეობის ნაწილის (მეტწილად საბჭოთა პერიოდის ინტელექტუალებისა და არტისტების) მიმართ გამოიყენა შეფასება „ჩარეცხილები“, რაც არსებითად რეგრესულს გულისხმობდა (ასათიანი, 2007). 

ეს კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ საწყისშივე სახეზე იყო თანამედროვე სუვერენული ერის მშენებლობის პროექტი. ერის მოდერნიზების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებიც უნდა გათანამედროვებულიყვნენ. საჭირო იყო მათი გადაქცევა ლიბერალურ, პრაგმატულ, რაციონალურ, ეკონომიკურ აგენტებად. მოქალაქეები, რომლებიც შეძლებდნენ ახალი წეს-ჩვეულებების გათავისებას, დაიმსახურებდნენ ადგილს კანონიერ ეკონომიკასა და საზოგადოებაში. მხოლოდ ძალიან ცოტა მათგანი გადაინაცვლებდა უკეთეს და უფრო მაღალ საფეხურზე სოციალურ იერარქიაში. ადამიანთა უმეტესობა კი, ვინც ვერ შეძლებდა თვითდისციპლინირებასა და საბაზრო ეკონომიკის წესების ინტერნალიზებას, გახდებოდა ე.წ. “შიშველი სიცოცხლე“ – შიმშილის ზღვარზე მყოფი ან/და ციხეებში განრიდებულად გამოკეტილი. კარცერული პოლიტიკა კაპიტალისტურ სისტემაზე ადამიანების მორგების იარაღი იყო, და ეს ძალადობა ხდებოდა ერის მშენებლობის პროცესის შემადგენელი ნაწილის სახელით. თანამედროვეობა არსებითად კარცერული პოლიტიკის ხელით შენდებოდა.

Მეორე ნაწილი: ფემინიზმი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა. ამას მოჰყვა მომდევნო წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულება და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება. ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალას, “ქართულ ოცნებას,” არ ჰქონდა ერთი იდენტიფიცირებული იდეოლოგია, რადგანაც საპირისპირო პოლიტიკური იდეოლოგიების მქონე რამდენიმე პოლიტიკური პარტიისაგან შედგებოდა. თუმცა, მათ რამდენიმე პოლიტიკას ემჩნეოდა მემარცხენე ტენდენციები, რისი ერთ-ერთი მაგალითიცაა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა. ხელისუფლების ერთი მმართველი ძალიდან მეორეზე გადაბარების მიუხედავად, მთელი რიგი ნეოლიბერალური მიდგომები შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ ახლად არჩეული პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა პატიმართა მასობრივი ამნისტია გახდა. ეს მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამნისტიის შედეგად დრამატულად იკლო ციხეში პატიმრების რაოდენობამ. სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად 8322 პატიმარზე მეტი გათავისუფლდა (DF Watch, 2013). მართალია, კრიმინალებზე მასიური ნადირობა შესუსტდა, მაგრამ მოდერნიზაციისთვის სადამსჯელო მეთოდების გამოყენება არ შეწყვეტილა. ნაშრომის ამ მონაკვეთში ვაპირებ, ვაჩვენო, რომ სადამსჯელო მეთოდები კვლავაც გამოიყენებოდა ხელისუფლების პროგრესულობისა და თანამედროვე სახელმწიფოს ლეგიტიმურობის დემონსტრირებისათვის. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფაქტორის გამო, კერძოდ, ა. რადგანაც იმ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა ეჭვქვეშ არ აყენებდა  ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბ. რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მასიური დაპატიმრებები უარყოფით ფენომენად აღიქმებოდა, და გ. რადგანაც ახალ ხელისუფლებას საკუთარი ლეგიტიმურობის ჩვენება უმეტესწილად მხოლოდ საერთაშორისო არენაზე სჭირდებოდა, ამ სადამსჯელო პოლიტიკის სამიზნე ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობიდან ძირითადად საერთაშორისო საზოგადოებაზე გადაინაცვლა.

ნეოლიბერალური ძალების მიერ ემანსიპატორული იდეების ინსტრუმენტალიზაცია და ადაპტირება ამ იდეების საწყისი მიზნებისგან განსხვავებული შედეგის მისაღებად ახალი არ არის. კრისტინ ბულიმერმა (2008) შეისწავლა აშშ-ს კონტექსტში, როგორ შეძლო ნეოლიბერალურმა სახელმწიფომ სექსუალური შევიწროვებისა და გაუპატიურების წინააღმდეგ ბრძოლის ფემინისტური იდეების ინსტრუმენტალიზება. მისი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ჩათრევამ კრიტიკის სიმძიმის ცენტრი გადაიტანა ინსტიტუციებიდან და ძალაუფლების უთანასწორობიდან, რომელიც სექსუალური შევიწროებისთვის ნიადაგს ქმნის, და პრობლემად „არანორმალური“, „პათოლოგიური“ ინდივიდები წარმოაჩინა, რამაც უმცირესობების დაპატიმრებას, გაზრდილ თვალთვალს, მიყურადებასა და სახელმწიფოს მიერ ზეწოლის გაზრდილ შესაძლებლობებს ლეგიტიმურობა შესძინა. მსგავსად, ელიზაბეტ ბერნსტეინმა (2019) გაანალიზა ახალი სექსუალური პოლიტიკის წარმოშობა, რომლის ფარგლებშიც ნეოლიბერალურმა და მჩაგვრელმა ძალებმა ნაყოფიერი ნიადაგი იპოვეს ტრეფიკინგის საკითხის მათ სასარგებლოდ გამოყენების, სახელმწიფო თვალთვალისა და მიყურადების, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებისა და უმცირესობების ჩაგვრისათვის. 

ბერნსტეინი იყენებს “კარცერული ფემინიზმის” ცნებას ფემინიზმის იმ ფორმის აღსაწერად, რომელიც ქალების დაცვას ეჭვმიტანილთა დაპატიმრების, პოლიციის ძალების გადამეტების, კონტროლისა და დასჯის სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს განათლების, ინტერსექციული ანალიზისა და სხვა პრევენციული ზომების გატარების ნაცვლად. კონკრეტულად, ბერნსტეინის მიხედვით, გენდერული უთანასწორობის საფუძვლად ანომალიური ქცევის მქონე ინვიდიდები აღიქმებიან და არა სოციალური ინსტიტუციები; შედეგად, გადაჭრის გზებადაც ინდივიდუალური, ბაზრის მიერ ნაკარნახევი გადაწყვეტილებები აღიქმება და არა – სოციალური კეთილდღეობა, სიღარიბის აღმოფხვრა, განათლება, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და ასე შემდეგ. ტექსტის შემდგომ ნაწილში ვაჩვენებ, თუ როგორ მოხდა გენდერული თანასწორობის, კონკრეტულად კი, გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის საკითხის ინსტრუმენტალიზება საქართველოში კარცერული პოლიტიკის შესანარჩუნებლად და თანამედროვე სახელმწიფოს სტატუსის ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად.

დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ოჯახში ძალადობის, მისი მასშტაბებისა და ძირეული მიზეზების შესახებ ყველაზე მოცულობითი და შინაარსობრივი კვლევა 2009 წელს ჩატარდა. კვლევამ ნათლად აჩვენა ძალადობის ეკონომიკური განზომილება. ძალადობის ხარისხი დრამატულად მაღალი იყო იმ ქალებში, ვისაც შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო არ ჰქონდათ – 71.5%, იმ ქალებთან შედარებით, ვისაც შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო გააჩნდათ – 28.5% (ჩიტაშვილი, 2020, გვ.34). იმ რესპონდენტებს შორის, ვინც დაადასტურეს, რომ მათი მეუღლეები/პარტნიორები მათ ქცევას აკონტროლებდნენ, 76.6%-ს საკუთარი შემოსავალი არ ჰქონდა (გვ.43).

მეტიც, ძალადობის ამოსავალი მიზეზის ძიებისას კვლევამ აჩვენა, რომ „ყველაზე ხშირ მიზეზად [ქალები] ასახელებდნენ იმას, რომ პარტნიორი „მთვრალია“ (51.3%) და მეორე ადგილზე ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა „ფულის პრობლემა“ (25.6%). ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ ჩამოთვლილ სხვა პრობლემებს შორისაა „ეჭვიანობს“ (21.9%), „[პარტნიორი] უმუშევარია“ (17.3%), „არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი“ (15.1%), „სახლში საჭმელი არ არის“ (12.4%), „ქალი არ დაემორჩილა“ (13.7%), „ქალი უარს აცხადებს სექსზე“ (11%). 10%-ზე ნაკლები მიიღო შემდეგმა პასუხებმა: პრობლემები პარტნიორის სამსახურში, მეუღლის იმპოტენცია, ბავშვები, ავადმყოფობა, ცოლის ეჭვიანობა, ერთმანეთი არ უყვართ“ (გვ.51). ნათელია, რომ ქალები ღიად საუბრობენ ძალადობის ეკონომიკურ განზომილებაზე. ასევე, კატეგორიაში „კაცი ნასვამი იყო“, შეუძლებელია, უგულებელყო დაუსაქმებლობისა და სხვა ფინანსური სირთულეების როლი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ჩვევის განვითარებაში (თუმცა, კვლევის მოძიება, რომელიც ამ ორ ფენომენს საქართველოს კონტექსტში ერთმანეთთან აკავშირებს, ვერ შევძელი).

2015 წელს საქართველომ გაიარა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესი, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესისთვის ჩაბარებულ ანგარიშში ხაზგასმულია ანტიდიკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება და სისხლის სამართლის კოდექსისა და სხვადასხვა სამართლებრივი ინსტრუმენტის შესწორებები. თუმცა, იმ ნაწილში, სადაც სახელმწიფო  გენდერული თანასწორობის განვითარებაში მის ძალისხმევას განიხილავს, ის საუბრობს გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებაზე, რომელიც „…მიზნად ისახავს გენდერულ სტერეოტიპებსა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლას, გენდერის საკითხების ყველა პროგრამასა და პოლიტიკაში ინტეგრირებას, უარყოფითი ტრადიციული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას, სამართალზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების მონაწილეობის დაბალანსებას“ (ადამიანის უფლებათა საბჭო, 2015, გვ.12).

ასევე, 73-76-ე პარაგრაფებში ნახსენებია სახელმწიფოს ძალისხმევა ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის მხრივ იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დამატებითი დაფინანსების მიწოდების გზით, რომელთა კანდიდატების მინიმუმ 30% საარჩევნო სიის პირველ ათეულში ქალები არიან; შრომის კოდექსში შეტანილი გაუმჯობესება, რომელიც დამატებით დაცვის მექანიზმებს გულისხმობს ორსული ქალებისთვის, დეკრეტული შვებულების გაზრდა ოთხიდან ექვს თვემდე და გაზრდილი ფინანსური დახმარება; სახელმწიფოს მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის კოოპერატივებისა და ამ კოოპერატივებში ქალთა ჩართულობისათვის (ადამიანის უფლებათა საბჭო, 2015). გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის მხრივ 77-79-ე პარაგრაფებში, სახელმწიფო ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილად ასევე ახსენებს „პრევენციას“ (თუმცა ბუნდოვანია, ზუსტად რას გულისხმობს სახელმწიფო პრევენციულ პოლიტიკაში).

თუმცა, სახელმწიფო კვლავ პირდაპირ ასახელებს სადამსჯელო მეთოდების გაძლიერებას გენდერული ნიშნით ძალადობისთვის პასუხის გასაცემ მექანიზმად: „გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებას მოიცავს. ამასთანავე, 2012 წლის ივნისში, საქართველომ ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა; [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს] დაემატა ორი ახალი შესწორება – 1261-ე მუხლი, რომელიც დაზუსტებით განმარტავს ოჯახში ძალადობის ცნებას და 111-ე მუხლი, რომელიც ოჯახში ძალადობის კატეგორიებს ამკვიდრებს.“ (გვ.14). მეტიც, სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ ძალადობა სერიოზული შეშფოთების საგანია და პირობას დებს, ხელი მოაწეროს სტამბულის კონვენციას, მოახდინოს მისი რატიფიცირება და სისხლის სამართლის კოდექსში დამატებითი შესწორებები შეიტანოს (78-ე და 79-ე პარაგრაფები).

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის დოკუმენტის შეჯამებაში, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სახელმწიფოსთვის მიცემული რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე სახელმწიფოს რეაგირებაა შეჯამებული, საქართველო ხაზგასმით იმეორებს ქალთა უფლებების განმტკიცების მიზნით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. Პოზიტიური აღნიშვნის ღირსია ის, რომ სახელმწიფო ასევე ახსენებს ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის კოდექსსა და დეკრეტულ შვებულებას, ისევე, როგორც უნივერსალურ ჯანდაცვაზე წვდომას (პარაგრაფები მე-11, მე-12, 23-ე, 26-ე, 28-ე და 68-ე) (ადამიანის უფლებათა საბჭო, 2015). რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, არის სულ სამი რეკომენდაცია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო შეთანხმების არასავალდებულო პროტოკოლის რატიფიკაციის შესახებ. ქალთა უფლებებზე პირდაპირ ან ირიბად მიმართული, საერთო ჯამში, 61 რეკომენდაციიდან 22 კანონმდებლობის მიღებას, პოლიციის ტრენინგს, მსხვერპლთათვის მომსახურეობების გაწევას, გამოძიებისა და სადამსჯელო ღონისძიებების გაძლიერებას ეხება. ჯამურად მხოლოდ 16 რეკომენდაცია ახსენებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, განათლებას, შრომისა და ჯანდაცვის საკითხებს ქალთა გასაძლიერებლად. არც ერთი რეკომენდაცია ღიად არ განიხილავს ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას  (იხ. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, საქართველო, 2015).

მსგავსი მდგომარეობა გვხვდება CEDAW-ის დოკუმენტში – კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომლის ნაწილიცაა საქართველო და რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებით პირდაპირაა დაინტერესებული. არც ერთი რეკომენდაცია სიღარიბეს არ ახსენებს, მხოლოდ ერთ რეკომენდაციაშია ნახსენები ეკონომიკური გაძლიერება და მხოლოდ ორ მათგანშია ნახსენები დასაქმების საკითხი. საერთო ჯამში, კომიტეტის მიერ გაცემულ 45 რეკომენდაციაში, აღსანიშნავია, რომ შვიდი სადამსჯელო ღონისძიებებზეა ორიენტირებული, 23 ორიენტირებულია განათლებაზე, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ჩართულობის გაზრდაზე, და გაძლიერების სხვა ფორმებზე (ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, 2014). 2016 წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხოლოდ 21-ე პარაგრაფისთვის – ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, და 25-ე პარაგრაფისთვის – პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ გაეცა პასუხი და კვლავაც ახსენა მათი ძალისხმევა დამნაშავეების დასჯის მხრივ, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და მისი ძალისხმევა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით (ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, 2016). 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებით წინ აყენებს სადამსჯელო მეთოდებს, სოციალურ დახმარებასა და სხვა არასადამსჯელო პოლიტიკებთან შედარებით გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის საკითხში. ასევე, ორივე ინსტრუმენტში რეკომენდაციები ქალთა განათლების, შრომითი დისკრიმინაციისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხების შესახებ, უმეტესწილად, ან ძალიან ბუნდოვანი ტერმინებით არის ნახსენები, ან ისეთი არაპირდაპირი გზებით, როგორიცაა CEDAW-ისა და სტამბულის კონვენციის დანერგვისა და/ან რატიფიცირების შესახებ რეკომენდაციები.

მეტიც, მთავრობის სამივე ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის, 2014 წლის, 2016 წლის და 2016-2018 წლების ანალიზი აჩვენებს, რომ დოკუმენტების გენდერული თანასწორობის ნაწილები არ მოიცავს განათლებას, სოციალური კეთილდღეობის სერვისებს და ქალების ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებას. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის იმპლემენტაციის მონიტორინგის შეფასება აჩვენებს, რომ 2014-2016 წლების გეგმისა და 2016-2018 წლების პერიოდში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და არსებული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ სახელმწიფოს ძალისხმევა ფრაგმენტირებული, სუსტი და არაკოორდინირებული იყო სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციას შორის (საქართველოს სახალხო დამცველი, 2017) (საქართველოს სახალხო დამცველი, 2018). მეტიც, ორივე ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკები არ იყო მორგებული ადგილობრივი ქალების საჭიროებებზე და ვერ მიაღწია სასურველ მიზანს. აღსანიშნავია, რომ ანგარიში ადასტურებს, რომ ქალთა უფლებების საკითხში წინსვლის უმეტესი ნაწილი საკანონმდებლო სფეროში, პოლიციის ეფექტურობისა და მსხვერპლთათვის გაწეული სერვისების მხრივ განხორციელდა. ანგარიშები ასევე ადასტურებს, რომ ეს სამი სფერო საკმარისი არ არის. მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციის ეფექტურობა ისევ პრობლემურია ბევრ ასპექტში, რადგანაც სამართალდამცავებს უჭირთ ქალის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. მაშინ, როდესაც საპოლიციო ძალების იმედად ყოფნა, რომ მათ სოციალური მუშაკისა და სხვა სოციალური ინსტიტუციების გასატარებელი სამუშაო გასწიონ, თავისთავად პრობლემურია. სახალხო დამცველის ოფისის შეფასება აჩვენებს, რომ გაუმჯობესება უმეტესწილად საკანონმდებლო დონეზე მოხდა, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის კოდექსში, რაც, ნაწილობრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაკარნახევი ტენდენციაა. ეს დახარჯული ძალისხმევის უკან არსებულ განზრახვებს კარგად აჩვენებს: მთავრობის კომპეტენტურობა და მათ მიერ ქალთა უფლებების მხარდაჭერა ადვილად დამტკიცებადია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ შესწორებების და ინდივიდუალური დამნაშავეების სამაგალითო დასჯის შესახებ ანგარიშების გაგზავნით, როდესაც, სინამდვილეში, არ არსებობს პრობლემის საფუძვლების აღმოფხვრის ერთიანი, სისტემური მიდგომა.

2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი (საქართველოს გაეროს ქალთა ფონდი, 2018). მათი მუშაობის სფეროა ოჯახში ძალადობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი კრიმინალის შემთხვევებში პოლიციის ეფექტურობის მონიტორინგი და პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა. მეტიც, დეპარტამენტის ფუნქციაა საპოლიციო ძალების ტრენინგი და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მაკავშირებლის როლის შესრულება. ეს ცვლილება საერთაშორისო ზეწოლის შედეგია. ქვეყანას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად სპეციალიზებული პოლიციური ძალის შექმნა მოსთხოვეს (უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველომ სამი ასეთი რეკომენდაცია მიიღო). მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ ახალი დეპარტამენტი, გაეროს ქალთა ფონდის ოფისის მხარდაჭერით, საჯაროდ წარადგინეს ოჯახურ ძალადობასთან და უმცირესობების დისკრიმინაციასთან გამკლავებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტად: „კანონის დაცვის სისტემის წინა ხაზზე პოლიციის მხრიდან რეაგირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მრავალი წელია არასამთავრობო ორგანიზაციები, გაეროს ქალთა ფონდთან ერთად, სამინისტროს მოუწოდებდნენ, შეექმნათ პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფი ან დეპარტამენტი, კანონის დამცველთა მხრიდან  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების გაუმჯობესებისათვის. რეკომენდაციები ასევე გაჟღერდა საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის საშუალებით,“ – ვკითხულობთ სტატიაში (საქართველოს გაეროს ქალთა ფონდი, 2018). ეს აჩვენებს არა მარტო სახელმწიფოს მიერ გენდერული უთანასწორობის პრობლემისთვის პასუხის გასაცემად უმეტესწილად საპოლიციო ძალების იმედად ყოფნას, არამედ, ასევე, საერთაშორისო ზეწოლას, ქალებისა და უმცირესობების მიმართ ძალადობისა და უთანასწორობის საკითხები საპოლიციო ძალების გზით მოგვარდეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 და 2018 წლების ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოჯახური ძალადობის დაფიქსირებული ფაქტების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მეტიც, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ეს რიცხვი 2015 წლიდან ყოველ წელს 50%-ით იმატებს (IDFI, 2018). მართალია, ბევრი ამ მატებას ქალთა შორის ცნობიერების ამაღლებითა და მეტი ხელმისაწვდომი მექანიზმის არსებობის გამო პოლიციისთვის გაზრდილი მიმართვიანობით ხსნის, მაგრამ მაინც, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე, ქალებში ჩატარებული უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა ცნობიერება და მათი მზაობა, დახმარებისთვის მიმართონ რაიმე ინსტიტუციას, გაზრდილია და გენდერული სტერეოტიპები ნაკლებ კონსერვატიულია, ვიდრე 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში იყო (გაეროს ქალთა ფონდი, 2018). კვლევა არ ახსენებს, შემცირდა თუ არა ძალადობის ზოგადი დონე.

ამ ნაწილში ვეცადე, მეჩვენებინა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ადეკვატური პასუხის გასაცემად მხოლოდ კანონის დამცველი ინსტიტუციებისა და კანონმდებლობის გამოყენების რედუქციონისტულმა მიდგომამ თავისი გავლენა იქონია სახელმწიფოზე და, შესაბამისად, შეამცირა პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში ეკონომიკური გადანაწილების ძალისხმევა. 

მეტიც, სადამსჯელო საპოლიციო რეფორმების წამახალისებელმა შეფასებამ სახელმწიფოს საშუალება მისცა ა. მისი, როგორც გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი სახელმწიფოს ლეგიტიმურობა ემტკიცებინა და ბ. შეემცირებინა სოციალური დახმარების პოლიტიკის მხრივ ძალისხმევა, იმ იმედით, რომ საკანონმდებლო და სადამსჯელო პრაქტიკის რეფორმებით მაინც წარმოჩინდებოდა ოჯახში ძალადობის დაძლევის საკითხებში კომპეტენტურ ძალად. ამგვარად, სახელმწიფოს მიერ საკუთარი ლეგიტიმურობის მტკიცების პროექტის ფარგლებში, კარცერული პოლიტიკა ქვეყანაში ქალთა საკითხების ინსტრუმენტალიზაციის გზით შენარჩუნდა. 

Მესამე ნაწილი: ლგბტქ უფლებები

აჩილ მემბეს, ელიზაბეტ ბერნშტეინისა და ბუმილერის ნაშრომებზე დაფუძნებით, სხვადასხვა ავტორი მსჯელობს და თავიანთი კვლევების ფოკუსს ქვიარ მოძრაობებსა და სადამსჯელო პოლიტიკის განვითარებაში ამ მოძრაობების მიერ შეტანილ წვლილზე მიმართავენ. სარა ლამბლეს (2013) თანახმად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები იქცა ლგბტქ ადამიანების იარაღად, აღიარებული ყოფილიყვნენ მოქალაქეებად: მათი შერწყმა საზოგადოებრივ სხეულთან გაიზომება სახელმწიფოს ნებით, მზადაა თუ არა ეს უკანასკნელი, ცნოს მათი ჩაგვრა და დასაჯოს „უვარგისი“, „ღირებულების არმქონე“ მოქალაქეები. ეს კი ქმნის კარგი და უვარიგისი მოქალაქეების დიქოტომიას და კრიტიკა გადააქვს სახელმწიფოდან – ჰომოფობიის მთავარი წყაროდან – ინდივიდებზე. ლამბლეს თქმით, მსგავსი პოლიტიკა შეუძლებელს ხდის, გააზრებული იქნეს ჰომოფობია სისტემურ პრობლემად; ამის ნაცვლად პრობლემა დანახულია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩამდენ ინდივიდში. ამ სცენარში სახელმწიფო არა თუ კრიტიკის მთავარი სამიზნე, არამედ პირიქით – დამცველი, არბიტრი/მსაჯია. ლამბლეს მტკიცებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩამდენი ადამიანების საპყრობილეებში გამოკეტვა არაეფექტურია, მეტწილად იმიტომ, რომ ციხეები თავად არის ის ინსტიტუციები, სადაც ძალადობრივი ჰეტეროსექსუალური მასკულინური ნორმები იწარმოება.

ელი აჰარონსონიც (2010) ამავეს აღნიშნავს თავის კვლევაში, რომელიც უმცირესობების დასაცავად მიღებული სისხლის სამართლის საკანონმდებლო ცვლილებების ფართოდ გავრცელების ტენდენციას ეხება. მკვლევარი ამბობს, რომ მსგავსი კრიმინალიზება გზას უხსნის სახელმწიფოს, თავი აარიდოს იმ სტრუქტურულ უთანასწორობაზე მუშაობის პასუხისმგებლობას, რომელიც იწვევს ინდივიდუალური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, და ასევე ხელს უწყობს, მთელი ყურადღება მიმართული იქნას ინდივიდზე; ამ ყველაფრიდან გამომდინარე იქმნება ილუზია, რომ, თითქოს, სახელმწიფო უმცირესობების მხარდამჭერია: „ამ კონტექსტში კანონმდებელთა მზარდი ენთუზიაზმი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ სახელმწიფოს მზადყოფნა იმ საშიშროებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩამდენისგან მოდის, ეხმაურება ზიგმუნდ ბაუმანის აღწერილ „შფოთვის ტრანსფერს“. ეს უკანასკნელი აღწერს სახელმწიფოს უკან დახევას იმ ფართო სისტემური ზიანის წარმოქმნის რეგულირებაში, რომელიც ჩაშენებულია კაპიტალისტური პროდუქტის თანამედროვე ფორმებში; და ამ უკან დახევამ თავის მხრივ გაზარდა იმ პოლიტიკური კაპიტალის მოცულობა, რომელიც ინვესტირებული იქნა სისხლის სამართლის დანაშაულებრივი პოლიტიკის წარმოებაში. ბაუმანისათვის ეს პროცესი მომდინარეობს კანონისა და წესრიგის ფუნქციონირების პოლიტიკისგან, რადგან ის წარმოდგენილია სახელმწიფოს კომპეტენციის „მაღალდრამატულ, ხელშესახებ და ხილულ“ სიმბოლოდ. ეს სიმბოლური მახასიათებლები გარდაქმნის კრიმინალიზაციას იმ ეფექტურ იარაღად, რომლის მეშვეობითაც ნარჩუნდება სამოქალაქო ნდობა მთავრობის ძალმოსილებაში –  დარჩეს რა იგი წესრიგისა და უსაფრთხოების გარანტად იმ ხანაში, როდესაც ხელისუფლების ნამდვილი მარეგულირებელი უნარები უკვე თვალშისაცემად გაცვეთილია.“

როგორც მკვლევრები გვიჩვენებენ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები გახდა სახელმწიფოსთვის გზა ადამიანის უფლებათა დაცვის მხარეს მდგომ აქტორად თავის წარმოსაჩენად და, აქედან გამომდინარე – საშუალებად თავის ლეგიტიმურობაზე პრეტენზიის გაცხადებისათვის. თუმცა, როგორც ვნახავთ, ხელისუფლების კომპეტენტურობის დემონსტრაციისთვის სამიზნე აუდიტორია ამ შემთხვევაშიც არ არის საქართველოს მოსახლეობა; ამ როლში კვლავ საერთაშორისო საზოგადოება გვევლინება. 

თუ შევხედავთ ილგა-ევროპის “ცისარტყელის რუკას” და გავაანალიზებთ ცვლილებებს, რომლებიც 2012-2018 წლებში საქართველომ გამოიარა, ცხადი გახდება, რომ ცვლილებები ლგბტ თემთან მიმართებაში იყო 1. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წელს, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობაში ყოფნის დროს იქნა მიღებული (ილგა-ევროპა, 2012), და 2. ანტიდისკრიმინაციული კანონი 2014 წელს, როდესაც უკვე “ქართულ ოცნებას” ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა (Civil Georgia, 2014). სხვა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ლგბტქ მოქალაქეებთან დაკავშირებით იქნა მიღებული, მხოლოდ 2016 წლის საკონსტიტუციო ცვლილებაა, რითაც ქორწინება განისაზღვრა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ კაცისა და ქალის ერთობა (The Jamestown Foundation, 2017).

CEDAW კომიტეტისგან 2014 წელს საქართველომ მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მიიღო, რომელიც ფარავდა ლგბტქ საკითხებს: “მიღებული იქნას ზომები ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი ქალების მიერ განცდილ ძალადობასა და შევიწროებასთან დაკავშირებით. ასევე, გაუქმდეს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების პროცესში არსებული შეზღუდვები“, რაზეც საქართველოს მხარემ უპასუხა: „73. მეტიც, 2014 წლის 2 მაისს მიღებული იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი. ეს უკანასკნელი ექსპლიციტურად/მკაფიოდ კრძალავს დისკრიმინაციას სქესისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ორივე – კერძო თუ საჯარო სექტორებში და პასუხისმგებლობას აკისრებს არა მხოლოდ საჯარო ინსტიტუციებს, არამედ სხვა ყველა იურიდიულ ერთეულსა თუ ინდივიდს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობამ ანტიდისკრიმინაციული კანონით დანერგა სიახლე მრავლობითი დისკრიმინაციის წესის კუთხით, რადგან ქალები, ისე როგორც სხვა მარგინალიზებული ჯგუფები, შესაძლებელია, განსაკუთრებით მოწყვლადები იყვნენ დისკრიმინაციის მრავლობითი და თანადროულად მოქმედი ფორმების მიმართ.“ (ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, 2014, გვ. 16).

2015 წლის უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაში (UPR) საქართველომ დისკრიმინაციასა და ლგბტქ თემთან დაკავშირებით რვა რეკომენდაცია მიიღო: 117,32, 117,33, 117.34, 117.44, 117.46, 117.47, 117.48, 117.49, და ყოველი მათგანი მონიშნული იქნა უკვე იმპლემენტირებულად ან პროცესში მყოფად (ადამიანის უფლებათა საბჭო, 2015). ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კიდევ ორ რეკომენდაცია, 118.9 და 118.10, რომლებიც ლგბტქ თემის მიმართ არსებული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ძალისხმევის გაზრდასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მებრძოლი სპეციალიზებული პოლიციური დანაყოფის შექმნას ითვალისწინებდა. ხსენებული რეკომენდაციები „მონიშნულად“ იქნა დარეგისტრირებული მთავრობის მიერ (ადამიანის უფლებათა საბჭო, 2015). არც ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ლგბტქ თემს ეხებოდა, მთავრობას აღსრულების ვალდებულება არ აუღია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ ჰომოფობიის აღმოსაფხვრელად საკმარის ინსტრუმენტებად მიიჩნია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუხლი და ანტიდისკრიმინაციული კანონი.

UPR-ის დოკუმენტის მე-11 პარაგრაფში სახელმწიფო კიდევ ერთხელ უსვამს ამ ლოგიკას ხაზს: „ყოვლის მომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მიღებული იქნა 2014 წელს, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, როგორც პირველი საკანონმდებლო მექანიზმი საქართველოში, რომელიც მკაფიოდ კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას გენდერული იდენტობის საფუძვლის ჩათვლით, ორივე – საჯარო და კერძო სექტორშიც. კანონის აღსრულებაში მოყვანა სახალხო დამცველის ზედამხედველობის/მონიტორინგის ქვეშაა“. (ადამიანის უფლებათა საბჭო, 2015, გვ. 4).

საქართველოს შესახებ მეოთხე ანგარიშში, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ კომისიის (ECRI) ყველა რეკომენდაცია ლგბტქ საკითხების შესახებ მიემართება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას, აღნიშნული დანაშაულების ადეკვატური დოკუმენტირებისათვის საჭირო მექანიზმების გაუმჯობესებასა და სიძულვილის ენის პრევენციას შესაბამისი კანონმდებლობისა და სპეციალური დოკუმენტების შემუშავებით, რათა დარეგულირდეს პარლამენტის წევრთა ეთიკური გამონათქვამები (ECRI – საქართველოს მონიტორინგი, 2015). მთავრობამ არჩია, პასუხი მხოლოდ კრიმინალური საქმეების ნაწილზე გაეცა და ყოველი შემთხვევის განხილვისას პასუხისმგებლობა უბრალოდ გამოძიებასა და დამნაშავე ინდივიდების დასჯაზე მიმართა. არც ECRI-სა და არც სახელმწიფოს არსად არ აღუნიშნავთ პრევენცია, განათლება ან ლგბტქი თემის გაძლიერების აუცილებლობა.

2014-2016 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანალიზი აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ლგბტქ თემთან მიმართებაში  მხოლოდ ერთი ამოცანა ჰქონდა: „4.4. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციასთან ბრძოლა“, რომლის ქვეშაც ჩამოთვლილია შემდეგი აქტივობები:

„14.4.1.დისკრიმინაციული მოპყრობისაგან დაცვის საკანონმდებლო გარანტიების უზრუნველყოფა;

14.4.2.სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის (სისხლის სამართლის კოდექსი, 53.31 მუხლის) ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა;

14.4.2.4. სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიადაგზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.“

მსგავსად, 2016-2018 წლების ეროვნული გეგმა მოიცავს შემდეგს:

„13.2.1. დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის საკანონმდებლო გარანტიების უზრუნველყოფა;

13.2.3. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის (მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 53.31 და 142-ე მუხლის) ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფა;

13.2.4. სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი ოჯახში ძალადობის დროული, და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა;

13.2.5 სექსუალური ორიენტაციისა ან/და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა;

13.2.2.3. საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და შესაბამის ეთიკის კოდექსებში სიძულვილის ენის აკრძალვის რეგულირება.“

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ლგბტქ საკითხებთან დაკავშირებული ამოცანები მოცემული არ არის (დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქალთა და გენდერის საკითხები, რომლის ქვეშაც ერთიანდება ლგბტქ თემატიკა, დოკუმენტს დაემატებოდა 2018 წელს, თუმცა ხსენებული დოკუმენტის იმ ვერსიის პოვნა, სადაც აღნიშნული ნაწილები განახლებული იქნებოდა, ვერ შევძელი). 

ზემოთ განხილული სამოქმედო გეგმები ნათლად ასახავს ტენდენციას, თუ როგორ ეყრდნობა ხელისუფლება საკანონმდებლო და სადამსჯელო პოლიტიკას იმისათვის, რათა გაუმკლავდეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის სტრუქტურულ პრობლემას. სამოქალაქო საზოგადოების ის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის ანგარიშში ხაზს უსვამენ ხელისუფლების რედუქციონისტულ და გამარტივებულ მიდგომას ლგბტქ ადამიანის უფლებების მიმართ:

2016-2017 წწ. ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული მიზნები, ამოცანები და საქმიანობები, უკიდურესად მწირია. იმის გათვალისწინებით, რომ ლგბტქ თემი განსაკუთრებით არის მარგინალიზებული ქვეყანაში, სამოქმედო გეგმაში ასახული რამდენიმე საკითხი ვერ უზრუნველყოფს ამ თემის წინაშე მდგარი სისტემური პრობლემების დაძლევას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გეგმის კონკრეტულ თავში გაწერილი საქმიანობები და ინდიკატორები, უმეტეს შემთხვევაში სრულად არ შეესაბამება გეგმით დასახულ მიზანსა და ამოცანას, ინდიკატორი და საქმიანობა ხშირად ზედაპირული ხასიათისაა და დასახული მიზნის მისაღწევად არ გამოდგება… გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ძირითადი გამოწვევებიც, რომლებიც 2016-2017 წწ. ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში ვერ მოხვდა. მათ შორის არის გენდერის სამართლებრივად აღიარება, ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის დაცვის პროცედურებისა და ინტერსექსი ბავშვების სქესის ნორმალიზების სამედიცინო პროცედურების რეგულირება, შევიწროება – როგორც დისკრიმინაციის ფორმა, მსმ პატიმრების მდგომარეობის განსაზღვრა, ლგბტი პირების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანგრძლივი და საოჯახო პაემნების გამოყენება და სხვ. აღსანიშნავია, რომ ლგბტი თემთან მიმართებით, ამ პირთა უფლებების დასაცავად აუცილებელი და გადამწყვეტი საკითხების გაუთვალისწინებლობა, სამოქმედო გეგმის უმთავრეს პრობლემად იკვეთება. (ვისგი, საია, იემსი, 2018, გვ. 3).

სისხლის სამართლის კოდექსის ჩასწორება, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და სხვა მსგავსი სტრატეგიები, რომლებითაც პოლიციისა და სადამსჯელო ღონისძიებების როლი იზრდება, ინსტრუმენტალიზებულია ხელისუფლების მიერ იმის დემონსტრაციისათვის, თუ როგორი კომპეტენტურია იგი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელს უწყობს უფრო ფართო, სისტემურ და ინსტიტუციურ ჰომოფობიაზე მსჯელობისათვის თავის არიდებას. ამ ტაქტიკით ხელისუფლება ცდილობს, პოზიციონირება მოახდინოს ლგბტქ ადამიანების დამცველად, ვიდრე წარმოჩინდეს ჰომოფობიის პირველწყაროდ.

იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ თავდაპირველად უარყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ კი – მოინიშნა რეკომენდაცია პოლიციის შიგნით სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მომუშავე დანაყოფის შექმნის შესახებ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემდგომ, 2018 წელს მან მაინც შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით. როგორც წინა სექციაში განვიხილეთ, ახლადშექმნილ დეპარტამენტს აქვს მანდატი, გადახედოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესს, დაატრენინგოს პოლიციის მუშაკები და ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან.

ისევ და ისევ – ეს პოლიტიკური ნაბიჯი ასახავს ხელისუფლების სადამსჯელო პოლიტიკაში ინვესტიციას სოციალური და სტრუქტურული პრობლემების გადასაწყვეტად და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ინდივიდებისკენ მიმართავს. ხსენებული პოლიტიკა სახელმწიფოს აძლევს ბერკეტს, დასაჯოს მოძალადე ადამიანები და ინდივიდუალური საქმეები გამოიყენოს იმისათვის, რომ თავად მოიხელთოს თანამედროვე, ადამიანის უფლებათა მხარეს  მყოფის სტატუსი. კარცერული მეთოდები კვლავ თანამედროვეობის ნიღაბს არის ამოფარებული.

დასკვნა

ამ ნაშრომში ვეცადე, მეჩვენებინა, თუ რა როლი შეასრულა კარცერულმა პოლიტიკამ საქართველოს მოდერნიზების პროექტში. ერის მშენებლობის პროცესისა და სახელმწიფოს იმ პოლიტიკის ანალიზმა, რომელიც ქალებისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვისათვის იყო გამიზნული, საშუალება მომცა, წარმომეჩინა, როგორ შეიძინა ლეგიტიმურობა კარცერულმა პოლიტიკამ „პროგრესის“ სახელით. პირველ ნაწილში იმის შესახებ ვიმსჯელე, თუ როგორ იქნა გამოყენებული კარცერული პოლიტიკა მოქალაქეების მოთვინიერებისთვის, უთანასწორობის ზრდით გამოწვეული სოციალური უთანხმოებებისა თუ მღელვარების ჩახშობისა და ადამიანების კაპიტალიზმის მსახურებაში ჩაყენებისათვის. მეორე და მესამე ნაწილებში განვიხილე ქალთა და ლგბტ ადამიანების ბრძოლების/პრობლემების გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მიზნებისათვის: წარმოაჩინოს თავისი კომპეტენცია საერთაშორისო არენაზე კარცერული და მეტისმეტად მარტივი საკანონმდებლო რეფორმების გატარების საშუალებით. მეტიც, მოთვინიერებული მოქალაქე მუდმივად ქვეტექსტად გაჰყვებოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ზრდას, ოჯახში ძალადობას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა თუ კანონის აღსრულებისათვის საჭირო ინსტიტუციურ რეფორმებს. როგორც აღმოჩნდა, კარცერული პოლიტიკა საქართველოს თანამედროვეობის თანდაყოლილი ასპექტია.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ თანამედროვეობა და პროგრესი დგებოდა „არათანამედროვე“, „წარუმატებელი“ მოქალაქეების ხარჯზე; თანამედროვეობა არა ინკლუზიური, არამედ ძალადობრივი და ექსკლუზიური პროცესია. ამ ტაქტიკების გამო პრობლემების ტვირთი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან არაცივილიზებული, წარუმატებელი ინდივიდების კისერზე გადავიდა. მეტიც: მსგავსი მეთოდების შემუშავებით სახელმწიფო ახერხებს, გაექცეს კრიტიკას, ნაკლები ძალისხმევა დაახარჯოს ეკონომიკურ რედისტრიბუციასა და სოციალურ სამართლიანობაზე, და ამავდროულად თავი წარმოაჩინოს როგორც ადამიანის უფლებების მხარეს მყოფ, პროგრესულ და კომპეტენტურ სუბიექტად.

არსებობს არაერთი სხვა პლატფორმა, სადაც ადამიანის უფლებები განიხილება – როგორებიცაა დიპლომატიური კორპუსის მიერ ე.წ. კარს უკან ლობინგი, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები და სხვა დანარჩენი ხელშეკრულებები თუ ინსტრუმენტები. ამ სფეროთა კვლევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, საინტერესო იქნებოდა ასევე შეგვესწავლა ადგილობრივ ფემინისტურ და ლგბტ მოძრაობათა მოთხოვნები ბოლო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ამ სტატიის ზომა აღნიშნული საკითხების ინტეგრაციის საშუალებას არ იძლეოდა.

ნარკოპოლიტიკამ ასევე უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ერის მშენებლობის პროცესში. საქართველოს ნარკოპოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და არაჰუმანურია მსოფლიოს მასშტაბით (Human Rights Watch, 2018). თუმცა, ამ ნაშრომის შეზღუდულ ფარგლებში შეუძლებელი იყო, შემესწავალა და ჩამერთო ეს მნიშვნელოვანი ნაწილები, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები დიდწილად გაამდიდრებდა მას.

ბოლოს, სწავლება ადამიანების ციხეებში განთავსებისა და უმცირესობების სასარგებლოდ მიღებული კანონმდებლობების შესახებ ახლა იწყებს განვითარებას. აკადემიურ სფეროში მომუშავეები და აქტივისტები ქმნიან ცოდნას, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ მკაცრი კანონები თუ სანქციები არ ამცირებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვს (Doob & Webster, 2003), ხოლო ადამიანების ციხეებში განთავსება კიდევ უფრო განამტკიცებს სოციალურ უთანასწორობას (Wakefield & Uggen). ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ცოდნა შეიქმნება და სამომავლოდ მეტი ინფორმაცია გახდება სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა აქტივისტებისათვის ხელმისაწვდომი.