კორონავირუსი: აივ დადებითი ადამიანები მომეტებული რისკის ქვეშ არ მიიჩნევიან


ახალი კორონავირუსი ჯერჯერობით საფუძვლიანად შეუსწავლელი ინფექციაა და ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციას ვიღებთ მის შესახებ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ პანიკას და მივდიოთ სპეციალისტების რჩევებს.

მნიშვნელოვანია, რომ არ დადასტურებულა კონკრეტული შემთხვევა, რომ აივ დადებით ადამიანებს კორონავირუსის ან სხვა დაავადების რთული ფორმა ჰქონოდათ. რეკომენდებულია, რომ ადამიანებმა, ვინც იღებენ მედიკამენტებს აივ-ის პრევენციისთვის, ან მკურნალობისთვის, უნდა განაგრძონ პროცედურა ისე, რომ არ გაზარდონ დოზა ან არ გადაერთონ სხვა მედიკამენტებზე, თუ ეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ არაა რეკომენდებული.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ აივ-ის მედიკამენტებს ლოპინავირს/რიტონავირს (კალეტრა) ცდიან კორონავირუსთან საბრძოლველად, თუმცა ამ მედიკამენტების ეფექტურობა მსგავსი ვირუსების საკმაოდ შეზღუდულ შემთხვევებს ეხება. არ არის მტკიცებულება, რომ ლოპინავირი/რიტონავირი ეფექტურია კორონავირუსთან საბრძოლველად.

მიჩნეულია, რომ CD4 უჯრედები აივ ნეგატიური ადამიანების შემთხვევაში 500-დან 1500 ერთეულამდე მერყეობს. აივ დადებითი ადამიანების შემთხვევაში, 500 ერთეულის ფარგლებში CD4-ის მაჩვენებელი მისაღებია. როდესაც უჯრედების მაჩვენებელი 200-ს ჩამოსცდება, იზრდება საფრთხე რომ სერიოზული დაავადებები განვითარდეს დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე.

თეორიულად, ადამიანებს, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, არიან მომეტებული საფრთხის ქვეშ, რომ კორონა ვირუსის რთული ფორმა დაუდგინდეთ. თუ ადამიანს შემცირებული აქვს CD4 უჯრედების რაოდენობა და დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა, მომეტებული საფრთხის ქვეშ არის.

შესაბამისად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ისევე როგორც ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. ინფექციონისტი სტივ პერგამი მიიჩნევს, რომ აივ დადებითი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ არვ მკურნალობით გაუმჯობესებული იმუნური სისტემა, კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხე განსაკუთრებით სახიფათო არ უნდა იყოს.

შესაბამისად, იმისათვის, რათა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მზად იყოთ, აუცილებელია ანტირერტოვირუსული მკურნალობის მოთხოვნები პირნათლად დაიცვათ.

ინფექციონისტები გვირჩევენ, რომ:

  • თან იქონიეთ ანტირეტროვირუსული მედიკამენტები;
  • გქონდეთ კონტაქტი ჯანდაცვის სპეციალისტთან;
  • გაიკეთეთ ვაქცინაცია დროულად, გრიპსა და პნევმონიაზე;
  • თუ კი იქნებით თვითიზოლაციაში ან კარანტინში შეადგინეთ კლინიკური ზრუნვის გეგმა – დისტანციური მკურნალობის საშუალებით;
  • შეინარჩუნეთ სოციალური ურთიერთობები, თუმცა არაინტენსიური. სოციალური ურთიერთობები მენტალურ ჯანმრთელობას გვინარჩუნებს და გვიცავს მოწყენილობისგან;
  • შესთავაზე შენს დამსაქმებელს, რომ დისტანციურ რეჟიმში იმუშაო, თუ ჯერ კიდევ არ გადასულხარ დისტანციურ რეჟიმზე;
  • თავი აარიდეთ ახლო კონტაქტს;
  • დაიბანეთ ხელები საპნით სისტემატურად;
  • გამოიყენეთ ალკოჰოლზე დამზადებული სანიტაიზერები, როცა არ გაქვთ წვდომა წყალზე;
  • ეცადეთ ხელით არ შეეხოთ თვალებს, პირს და ცხვირს.

გადაუდებელ შემთხვევეში შეგიძლიათ მომართოთ “თანასწორობის მოძრაობას”. საერთაშორისო რეკომენდაციებიდან გამომდინარე, უმჯობესია თავი ავარიდოთ პირისპირ შეხვედრას, შესაბამისად, “თანასწორობის მოძრაობა” დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ტესტირებისთვის სამშაბათობით 13:00-17:00 საათამდე და ხუთშაბათობით 17:00-20:00 საათამდე მოგვმართეთ.

16 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა რეგისტრირებული, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი  იმყოფება, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ – 54, 1 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

აივ/შიდსის მატარებელთა რაოდენობა საქართველოში 8204 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაციენტთა უმრავლესობა 29-40 წლამდეა.

წყაროები:

poz.com

thebodypro.com

aidscenter.ge

aidsmap.com

special.croi.capitalreach.com

bhiva.org