17 მაისი | სარჩელი “ალმას” წინააღმდეგ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც მოვითხოვდით, რომ დისკრიმინაციულად ეცნო “ალმას” უარი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე.

სასამართლომ “ალმას” უარი დისკრიმინაციულად მიიჩნია, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომლითაც 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვდით კომპანია “ალმასგან”.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ სამჯერ გადადო სხდომა, სანამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. “თანასწორობის მოძრაობა” გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

საქმე ეხება “ალმას” უარს 17 მაისს ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე, რომელიც “თანასწორობის მოძრაობამ” თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

2019 წლის 17 მაისს “თანასწორობის მოძრაობამ” საჯარო მანიფესტაციის გამართვის ნაცვლად გადაწყვიტა, რომ ჰომოფობია თბილისის მეტროსა და ავტობუსის გაჩერებებზე ბანერებით გაეპროტესტებინა.

კამპანიის ფარგლებში მოვამზადეთ 11 ანტიჰომოფობიური ბანერი. პირველ ეტაპზე კომუნიკაცია კომპანია “ალმასთან” წარმატებით მიმდინარეობდა, შევადგინეთ ხელშეკრულება. კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კამპანია ჰომოფობიის საწინააღმდეგო იქნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გავუგზავნეთ ვიზუალური მასალა, უარი განაცხადეს ბანერების განთავსებაზე და ხელშეკრულება გააუქმეს.

კომპანიამ უარის ერთერთ მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას.

“თანასწორობის მოძრაობის” შეფასებით, “ალმას” მხრიდან განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა. მან დაარღვია ხელშეკრულება და უარი უთხრა “თანასწორობის მოძრაობას”, მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად. მათი თავდაპირველი პოზიციით ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ სოციალურ კამპანიებში ჩართვა და რეკლამების განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაცია, საპასუხოდ არაფერი მიგვიღია. 

სასამართლო პროცესზე “თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა წარადგინეს დოკუმენტაცია, რითიც დასტურდებოდა, რომ შპს “ალმას” ბანერებზე სხვადასხვა პერიოდში განთავსებული იყო სოციალური ხასიათის რეკლამები და უფრო მეტიც, პოლიტიკური შინაარსის პოსტერები, რომლებიც განთავსდა ცხელ წინასაარჩევნო პერიოდში, რამაც ნამდვილად გამოიწვია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებში აღშფოთება. 

აღსანიშნავია, რომ “ალმას” აქვს, ფაქტობრივად, მონოპოლიური მდგომარეობა – ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, მეტროსა და ავტობუსის გაჩერებეზზე არსებული ბანერები მათი საკუთრებაა. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო ამძიმებს მათ უარს, რადგან ორგანიზაციას ფაქტობრივად დაეხშო საზოგადოებისთვის ხმის მიწოდების ყველა ეფექტური გზა.