“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ სამოქალაქო პარტნიორობის კვლევას, რომელიც “ევრაზიული კოალიციის მამაკაცთა ჯანმრთელობისთვის” (ECOM) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ავტორი თათია ქინქლაძე.
კვლევის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე სამოქალაქო პარტნიორობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს სამოქალაქო პარტნიორობის რეგულირების აუცილებლობას.
ერთი რამ ცხადია, რომ არაჰეტეროსექსუალური პატერნების ფორმირება ნელ-ნელა ხდება ჰეტეროსექსუალურ საზოგადოებებში. ეს განსაკუთრებით ცხადად გამოიკვეთა ,,ოჯახურ ცხოვრებასთან“ მიმართებით, რაც უფრო ხილვადი გახდა რადიკალური, გრძელვადიანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ძვრების ფონზე. თანამედროვე საზოგადოებაში შექმნილი დისკურსი უფრო ღია და დემოკრატიული ურთიერთობებს ეფუძნება. სწორედ ამას უწოდებს გიდენსი ინტიმურობის ტრანსფორმაციას. ერთი რამ ცხადია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰეტეროსექსუალობისა და ჰომოსექსუალობის ბინარული დაყოფის არსებობა და საზოგადოების მიერ არანორმატიული ხასიათის ურთიერთობების მნიშვნელობის აღიარება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია ქორწინების სამართლებრივი აღიარების პროცესში, ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არაღიარება კონვენციის მე-8 მუხლის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დარღვევად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღიარა. ქორწინების საკითხის მოწესრიგების პროცესში სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია, ერთი მხრივ ადეკვატურად შეისწავლოს ის სოციალური თუ კულტურული რეალობა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინოს ისეთი მოდელი, რომელიც აღნიშნული გარემოებაზე დაფუძნებულ სამართლებრივ გარანტიებს შექმნის, რაც უნდა დაეფუძნოს ადამიანის უფლებების პატივისცემის იდეას.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს არ ეკისრება ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინების რეგულირების ვალდებულება, თუმცა შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ანტიდიკრიმინაციული პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას, მამაკაცსა და ქალს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ასევე, სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე განხორციელებული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას. [1]
სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმები, რომელიც ქორწინებას და მასთან დაკავშირებულ უფლებებს და მოვალეობებს ადგენს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების არსებობის შემთხვევაში წარმოშობა. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების ფონზე ლგბტ პირებს ერთმევათ იმისა შესაძლებლობა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას ფართოდ განმარტავს, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ოჯახური ცხოვრების ალტერნატიული ფორმები აღიარებული და დაცული იყოს სახელმწიფოს მიერ და გაუთანაბრდეს ქორწინებას. თუმცა, ქორწინების მარეგისტრირებელი საკანონმდებლო ნორმები საკანონმდებლო დონეზე არ განსაზღრავს სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციის წესს და აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს, რაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ შეიქმნას მყარი საკანონდებლო გარანტიები ლგბტ პირთა ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების დასაცავად. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლია აკისრია, როგორც საკანონდებლო ორგანოს, პარლამენტს, აქტიური დისკუსია დაიწყოს ქმედითი ცვლილებების განსახორციელებლად, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, განმარტოს, ფაქტობრივი თანაცხოვრების არსებობის პირობებში იქნება თუ არა შესაძლებელი, პირებმა ისარგებლონ ქონებრივი უფლებებით, რაც ქორწინების ფორმალურად რეგისტრაციის პირობებში შეიძლება წარმოშობილიყო.