1. PrEP-ს შეუძლია შეამციროს აივ-ით ინფიცირების რისკი 99%-მდე
PreP-ის წინაშე აივ/შიდსი უძლურია. პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია. ყოველდღიურად 1 აბის მიღების შემთხვევაში პრეპი აივ ინფექციისგან იცავს 99%-მდე. პრეპი უზრუნველყოფს აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებისგან მაქსიმალურ დაცვას, თუმცა იგი არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მაგ: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ჰეპატიტები), შესაბამისად, კონდომის გამოყენება კვლავ აუცილებელია.
2. აივ ინფექციას 3-თვიანი ფანჯრის პერიოდი აქვს
სარისკო ქცევიდან 4-8 კვირას ეწოდება ,,ფანჯრის პერიოდი” ამ დროს გამომუშავებული აივ ანტისხეულების კონცენტრაცია დაბალია და აივ ტესტირებით მათი აღმოჩენა ვერ ხერხდება, ამიტომ ამ პერიოდში აივ-ზე ტესტირებას აზრი არ აქვს, რადგან შეიძლება ტესტირებამ მოგვცეს ე.წ. ,,ცრუ უარყოფითი” შედეგი. 3 თვის შემდეგ გაკეთებული ტესტირების შედეგი ზუსტია.
3. სარისკო ქცევიდან 72 საათის განმავლობაში, აივით ინფიცირების რისკების შემცირება შესაძლებელია.
პეპი(PEP) პოსტ ექსპოზიციური პროფილაქტიკაა მათთვის, ვინც არ არის
აივ დადებითი, თუმცა ჰქონია სარისკო ქცევა/კონტაქტი აივ ინფიცირებულ
პირთან ან პირთან, ვისაც აქვს აივ-თან დაკავშირებული მაღალი რისკი. აივ ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია პეპ-ის დროული მიღება. სახელმძღვანელო პრინციპებიდან გამომდინარე, სარისკო კონტაქტიდან მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოთ პეპი. რაც უფრო გვიანდება პეპის მიღება, აივ ინფექციისგან დაცვის შანსი იკლებს. ყველაზე ეფექტური პეპის მიღება სარისკო ქცევიდან 2 საათის განმავლობაშია.
4. მკურნალობის კურსით სისხლში ვირუსის განულება შესაძლებელია
არსებობს აივ ინფექციის მკურნალობის ეფექტური საშუალება (მას არვ (ანტირეტროვირუსულ) თერაპიას ვუწოდებთ). არვ თერაპია აივ/შიდსთან ბრძოლის მთავარი მეთოდია და მას აივ დადებითი ადამიანებისთვის სასიცოცხლო ფუნქცია აქვს. დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი სახეობის ანტირეტროვირუსული მედიკამენტი არსებობს. არვ თერაპია, როგორც წესი, რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღებას გულისხმობს. ამ მედიკამენტების ერთსა და იმავე დროს მიღება მნიშვნელოვანია, რათა აივ-ის უჯრედებმა თავად არ გამოიმუშაონ იმუნიტეტი, ანუ ე.წ. რეზისტენტულობა. არვ მკურნალობის ძირითადი ფუნქცია აივ ვირუსის გამრავლებისგან შეჩერება და იმუნური უჯრედების დაცვაა. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, როგორც წესი, ვირუსის რაოდენობა ადამიანის სისხლში მცირდება. თუმცა, მკურნალობის საბოლოო მიზანი ვირუსის რაოდენობის იმდენად შემცირებაა, რომ საერთოდ აღარ გამოჩნდეს PCR ტესტის მეშვეობით. ამ მდგომარეობას არაგანსაზღვრადი მდგომარეობა ეწოდება.
საქართველოში არვ თერაპია და ყველა ზემოთ აღწერილი სამედიცინო სერვისები უფასოა და მას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს.
5. 2019 წელს (პირველად ისტორიაში) მეცნიერებმა აივ-ინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს;
2 ივლისს ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო ცხოველური ექსპერიმენტის დონეზე პირველად ისტორიაში მასპინძელი გენომიდან აივ ინფექციის სრული გამოდევნა. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ: მეცნიერებმა აივ დაინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს. კვლევა 29 თაგვზე ტარდებოდა. მათ ნაწილს აძლევდნენ ანტი-რეტროვირუსულ პრეპარატებს, რათა აივ ვირუსის ოდენობა მინიმალურ დონეზე ყოფილიყო ორგანიზმში და ამის პარალელურად იყენებდნენ გენური რედაქტირების ტექნიკას, რათა ეფექტურად მოეცილებინათ აივ-ის დნმ დაინფიცირებული გენომიდან. სხვადასხვა ტესტის შედეგების მიხედვით მსგავსი კომბინირებული მკურნალობის შედეგად თაგვების 30%-ში ვირუსის კვალი ვერ ნახეს. დაფიქსირდა სრული განკურნება. მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვთ, რომ ამ შემთხვევაშიც მსგავს შედეგს მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერებს კვლევის ადამიანებზე გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.