NDI-ის კვლევის თანახმად, ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვას 27% მიიჩნევს მნიშვნელოვნად, რაც წინა წლებში მიღებულ შედეგებთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა.
გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 45% მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა არაა მნიშვნელოვანი, ხოლო 20%-ს ამ საკითხის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.
ანალოგიური შეკითხვა 2015 წლის აპრილსა და 2018 წლის ივნისში ჩატარებული კვლევების ფარგლებში დაუსვა რესპონდენტებს.
2018 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებებს დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნდა გამოკითხულთა 24%-ს, უმნიშვნელოდ – 43%-ს, ხოლო 26%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა.
2015 წლია აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა 22%, უმნიშვნელოდ – 49%, ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა 19%-ს.
ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მცირედით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, შემცირდა ნეიტრალური ადამიანების რაოდენობა.
არადომინანტური რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფების უფლებების მიმართ საქართველოს მოსახლეობა უფრო მეტად მიმღებია. მაგალითად, რელიგიური აღმსარებლობების უფლებების დაცვა გამოკითხულთა 71%-ისთვისაა მნიშვნელოვანი, ხოლო გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება გენდერულ კვოტირებას, გამოკითხულთა 46% მხარს უჭერს 50-50%-ით ქალებისა და კაცების წარმომადგენლობას პარლამენტში.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ივლისში CRRC საქართველომ ჩაატარა. 2 131 ადამიანთან ჩატარდა დასრულებული ინტერვიუები. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.7%-ია. ინტერვიუები ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხინვალისა და სოხუმის რეგიონების გარდა.