“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “ქვიარ ქალების საჭიროებები საქართველოში”, რომელიც 2019 წლის ივნისში ჩატარდა.
კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ქვიარ ქალების საჭიროებების კვლევას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი დაცვა, ჯანმრთელობა სგგი პრევენცია, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და თემის შესაძლებლობების განვითარება.
თვისებრივ კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქვიარ ქალები სისტემური ჩაგვრის მსხვერპლი მინიჭებული სქესისა და ჰომოფობიის გამო ხდებიან. ინდივიდუალურად ისინი შეიძლება სხვა დაქვემდებარებულ ჯგუფებსაც მიეკუთვნებოდნენ, მაგ. რელიგიურ უმცირესობას ან შშმ ადამიანებს. შესაბამისად, ქვიარ ქალების გამოცდილებები ხშირად ე.წ. ინტერსექციური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის ტერმინებში განიხილება სამართლებრივ და სოციალურ დონეზე. ქვიარ ქალების საჭიროებებისა და მათი ბრძოლის კონცეპტუალიზება ხშირად თავად რესპონდენტებსაც კი უჭირთ, ვინაიდან ქალების გამოცდილებები ისედაც მარგინალურია და თავის საარტიკულაციო ენას მუდმივად ეძებს. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, იმ ისტორიული და მატერიალური კონტექსტის აღწერა, რომელშიც ჩვენი რესპონდენტები ცხოვრობენ, ქმნიან და იქმნებიან შიდა და გარე ფაქტორების გავლენით. სამართლებრივი გარემო ერთერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია ამ ანალიზისთვის.
კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და დაუსაქმებლობა პირდაპირ აისახება ქვიარ ქალების ცხოვრებაზე. რესპონდენტების დიდი ნაწილის შემოსავლის წყარო სამსახურია, დანარჩენი ოჯახის წევრებზე, როგორც წესი მამაზე, არიან ფინანსურად დამოკიდებული. შედარებით მაღალი შემოსავლის პირობებშიც კი რესპონდენტების ძალიან დიდ ნაწილს აქვს განვადება, სესხი, ქირა. ვინაიდან საქართველოში ქალები იშვიათად იღებენ მემკვიდრეობას, უძრავი ქონება კი უმეტესწილად კაცის საკუთრებად მოიაზრება, ქალების დასაქმების და დაწინაურების შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს მათ. უმრავლესობის გადარჩენა დამოკიდებულია კოლექტიურ ცხოვრებაზე. ოჯახის წევრის, პარტნიორის, ნათესავის დახმარებაზე. დასაქმებულ რესპონდენტებს თვითონაც უწევთ პერიოდულად ოჯახის წევრების დახმარება. შედეგად, ოჯახი ხშირად გადარჩენის ფუნქციას ატარებს და მისგან დისტანცირება, პოლიციის და სამართლებრივი გზით ძალადობასთან გამკლავება უმრავლესობისთვის გამოსავალი არ არის.
ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ კავშირშია ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. მონაწილეთა ნახევარს მაინც დასჭირვებია ექიმის დახმარება, მაგრამ ვერ მიუღია უსახსრობის გამო. უმრავლესობას ან თვითონ ან სხვის შესახებ გაუგია მცდარად დასმული დიაგნოზის შესახებ. რესპონდენტების ნაწილი დისკრიმინაციის შიშის გამო არ მისულა ექიმთან. თუმცა, დისკრიმინაცია მხოლოდ ჰომოფობიური ხასიათის არაა, ფსიქიატრთან მისვლაც გართულებულია ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ასოცირებული ნეგატიური წარმოდგენების გამო. 8-ს დაუმალავს თავისი სექსუალური გამოცდილების შესახებ (ძირითადად გინეკოლოგისთვის). უმრავლეს შემთხვევაში ყვებიან უხერხულ კითხვებზე ექიმების მხრიდან. განსაკუთრებით პრობლემურია სექსუალურ გამოცდილებაზე კითხვები. აქ არა მხოლოდ ლესბოსური გამოცდილება, არამედ ზოგადად ნებისმიერი სახის ქორწინებამდე სექსი, ტაბუირებულია. ხშირია გინეკოლოგების მხრიდან დამუნათება, შერცხვენა, უხამსი კომენტარები. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ხშირ შემთხვევაში როგორც მოზარდობაში, ისე ზრდასრულ ასაკში, ექიმთან დედა ან სხვა ქალი ნათესავი ახლავთ ხოლმე. პირადი სივრცის შეზღუდვა, ეკონომიკური ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და ექიმების დამოკიდებულება სამედიცინო მომსახურების მიღებას კიდევ უფრო ტრავმატულს ხდის რესპონდენტებისთვის. ცოდნის ქონის და საჭიროების აღიარების შემთხვევაშიც კი ხშირად თავს არიდებენ ექიმთან მისვლას.
უკლებლივ ყველა მათგანს აქვს სექსუალური შევიწროების გამოცდილება, რაც ქალების საჯარო სივრციდან განდევნისა და დემორალიზების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. დასაქმებულთა უმრავლესობას თავისუფალი დრო ისედაც ნაკლებად აქვს. ვისაც დრო აქვს მეგობრებთან და პარტნიორებთან ატარებენ მას (არავის დაუსახელებია ოჯახი, ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები). სოციალიზაციის ძირითადი სივრცე სახლი ან მეგობრების სახლებია, ნაკლებად ბარები, კლუბები და საჯარო სივრცეები. ამას აქვს ფინანსური განზომილება, რადგან ხშირად ამის საშუალება არ აქვთ. თუმცა, რადგან ზოგიერთ მათგანს სახლში დაბრუნების დროს უკონტროლებენ და, ზოგადად, საჯარო სივრცეები ქალებისათვის უსაფრთხო და ნაკლებად მეგობრულია ხოლმე, უმრავლესობა სახლში სოციალიზაციას ამჯობინებს მაშინაც კი, როცა ოჯახთან ერთად უწევს ცხოვრება. რეგიონებში ორგანიზაციები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სოციალიზაციის ფუნქციას, თუმცა თბილისში – ნაკლებად.
ყველაზე გავრცელებული აქტივობა, რომელსაც ყველა ორგანიზაცია აწყობს, საგანმანათლებლო შეხვედრებია. თითქმის ყველა რესპონდენტი დასწრებია რაიმე სახის სემინარს, ლექციას ან უორქშოპს. აქედან 12 მათგანი შეხვედრებს კარგად აფასებს, დანარჩენები საშუალოდ აფასებენ, ან არ დადიან, ან უარყოფითად აფასებენ. უმრავლესობა აღნიშნავს, რომ შეხვედრები ერთი და იმავე თემებზეა და გამრავალფეროვნება სჭირდება.
კვლევა ემყარება მეორეულ წყაროებს – არსებულ კვლევებს, საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებსა და მეორე ტალღის ფემინისტების თეორიულ მიგნებებს, ასევე ინტერვიუებსა და ჩართულ დაკვირვებას. კვლევის ფარგლებში სტრუქტურირებული ინტერვიუები ჩატარდა 21 ადამიანთან. მათ შორის 14 თბილისიდანაა, 5 – ქუთაისიდან და 2 ბათუმიდან. რაც შეეხება რესპონდენტების თვითგანსაზღვრას 14 ლესბოსელად, 4 – ბისექსუალად, 3 კი ქვიარად განსაზღვრავს თავს. რესპონდენტებიდან თორმეტი – 20-25 წლის ასაკისაა, ხუთი – 26-35 წლის და ოთხი 35-45 წლის. ყველაზე უმცროსი 20 და უფროსი 42 წლის.
კვლევის PDF ვერსიის სანახავად დააკლიკეთ 👇: