[ვიდეო] ვიზუალური რეპრეზენტაციები და მათი ძალაუფლებრივი ასპექტები | სალომე ცოფურაშვილის ლექცია


ლექცია გაიმართა “თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით სოციალურ საწარმოში BALLROOM BAR 2019 წლის 1 მაისს.

აღწერა:

“ხელოვნება სიმბოლური ძალაუფლების ფორმაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ან დომინაციისთვის, ან ემანსიპაციისთვის“ – გერმანელი ხელოვანის ჰანს ჰააკეს ეს სიტყვები შეიძლება არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ ყველა იმ ვიზუალურ რეპრეზენტაციას მივუსადაგოთ, რომლითაც თანამედროვე კულტურაში ჩვენი ყოველდღიურობაა გაჯერებული.

დღეს სულ უფრო და უფრო მეტი მკვლევარი იზიარებს იმ მოსაზრებას რომ ის, რასაც ხელოვნებად მოვიაზრებთ, არის არა მარადიული ჭეშმარიტება – ისტორიის მიღმა მყოფი კატეგორია – არამედ იგი გარკვეული სოციალური ორგანიზაციის შემადგენელი ელემენტია, რომელიც იდეოლოგიურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს კვებავს. ხელოვნება და პოპკულტურა არასდროს წარმოადგენენ მხოლოდ ნეიტრალურ ესთეტიკას, თვით „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ შექმნილი ნამუშევრებსაც კი სოციალური მნიშვნელობა და ზემოქმედება აქვთ. ხელოვნება და პოპკულტურა ქმნის სიმბოლურ მნიშვნელობებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ირეკლავენ, ხოლო მეორე მხრივ, კი თავად აწარმოებენ სოციალურ ღირებულებებს და ფლობენ ძალაუფლებას, განამტკიცონ ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ისინი.

ლექცია სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებს მოაქცევს აუდიტორიის ყურადღების ცენტრში, ვიზუალური რეპრეზენტაციების ჭრილში. განხილული იქნება ხელოვნებისა და პოპკულტურის რაობა, მათ შორის არსებული იერარქია და ამ იერარქიის პირობითობა, ვიზუალური გამოსახულებების ძალაუფლება და გავლენები სოციალურ ასპექტებზე.