ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაცია გამოწვევად რჩება – სახალხო დამცველი


ლგბტ დროშა ფოტო: Annamaria Vidović/flickr

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში ერთერთ გამოწვევად რჩება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად ხდება ლგბტქი თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი. ამ დამოკიდებულებების გამოხატულებაა 2018 წლის 28 სექტემბერს თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარედ ჩვენს თანამშრომლებსა და ოფისის სტუმრებზე თავდასხმა, რაც ასახულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მაღალი იყო ლგბტ ადამიანების მომართვიანობა მომსახურების სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებზე. ასევე პრობლემურია თემის წარმომადგენლების მხრიდან უძრავი ქონების ქირავნობასთან დაკავშირებული საკითხები.

სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს ხაზს უსვამს ისიც, რომ 2018 წლის 17 მაისს გამართულ აქციაზე ლგბტქი აქტივისტს თავს დაესხა ერთერთი ადამიანი.

ანგარიშში შესულია:

  • ლგბტქი საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობა 17”-ს ფიზიკურმა პირმა არ მიაქირავა თავისი ფართი ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე. საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მართალია ხელშეკრულების თავისუფლება უნდა იყოს დაცული, რომ პირმა გადაწყვიტოს დადოს თუ არა ესა თუ ის ხელშეკრულება, თუმცა ეს პრინციპი შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ნორმების საფუძველზე – როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა.
  • სახალხო დამცველს მიმართეს ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით სარგებლობაზე. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ჯანდაცვის სხვადასხვა კომპონენტისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც ტრანსგენდერთა საჭიროებებზე არის მორგებული. ამ საკითხს ომბუდსმენის ოფისი ახლა სწავლობს.

სპეციალური ანგარიში “დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ” მოიცავს 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდს. მასში ასახულია საქართველოში სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის თანასწორობის უფლების მდგომარეობა.