“ჩვენ გვახსოვს” – ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი პაატა საბელაშვილი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს.
პაატა საბელაშვილმა გაიხსენა 7 წლის წინ აქციაზე გადაღებული ფოტო, რომელიც ტრანსგენდერთა ხსოვნის დღის აქციაზე მისული ადამიანებია აღბეჭდილი.
“დღეს ტრანს ადამიანების ხსოვნის დღეა! ეს ფოტო 7 წლის წინაა გადაღებული.
– ჩვენ გვახსოვს ყოველ წელს ცინიკურად მოკლული ან წესაგებული (თუ აუგებელი) ტრანს ადამიანები, რომლებსაც საზოგადოების ყოვლადგულისამრევი მორალით წახალისებული მკვლელები ესხმოდნენ თავს;
– გვახსოვს ტრანსქალების ცხედრები (ვინც დაწვას გადაურჩა), რომლებსაც დაკრძალვისთვის ბიჭურად ჩააცვეს, იმ გამოხატვის საწინააღმდეგოდ, რომლის გამო სიცოცხლეც კი დათმეს;
– გვახსოვს ავადმყოფობით გარდაცვლილი, რომელიც ოჯახმა სახლში არ დაასვენა, მკვდარიც კი არცხვენდათ ალბათ;
– გვახსოვს მცხეთობა დღეს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანი, გვახსოვს ის დაცინვა, რაც ობიექტური გამოძიების და სათანადო რეაგირების მოთხოვნით ქუჩაში დღისისთ გამოსულ მის დებს მოაყოლა ბევრმა ჩემმა მეგობარმაც;
– გვახსოვს, რომ მკვლელები სათანადოდ არც ერთ ამ შემთხვევაში არ დასჯილან;
ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი გვახსოვს!
მე იმასაც ვხედავ როგორ გარბიან ჩვენი დები და ძმები საკუთარი ქვეყნიდან, რადგან ეს ქვეყანა მათი არ არის, არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, მათ ტრანზიციას არავინ აფინანსებს და დოკუმენტურად არავინ აღიარებს, თითქოს არც არსებობდნენ.
ვხედავ და მახსოვს, მახსოვს და ვხედავ. და მორჩა, მეტს ვერაფერს ვაკეთებ, ვერაფერს ვცვლი. მინდა ამ პოსტის მკითხველების გულებში შეიცვალოს რაღაც. ძალიან მინდა რამე შეიცვალოს რომ მხოლოდ გვახსოვდეს და აღარ ვხედავდეთ! მინდა, რომ გავაცნობიეროთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ყველა იმ ბოროტებაში რასაც ჩვენი ტრანს მეგობრები აწყდებიან იმ მომენტშიც კი, როდესაც ეს პოსტი იწერება და იკითხება.
მინდა ხვალინდელი დღე ყველასთვის უსაფრთხო იყოს! და როდესაც ვამბობ ყველას, ვგულისხმობ ყველას!
#ტრანსფორმაცია,” – წერს საბელაშვილი ფეისბუკზე.
ტრანსგენდერთა ხსოვნის მსოფლიო დღე 20 ნოემბერს 1999 წლიდან აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტრანსფობიურ ნიადაგზე მოკლილი ადამიანების გახსენებაა.
ტრანს ადამიანები ერთერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლებიც მუდმივად განიცდიან ჩაგვრასა და ძალადობას. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჯგუფმა “პატივისცემა ტრანსფობიის ნაცვლად” შეადგინა, 2008 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში 2982 ტრანს ადამიანი მოკლეს.