არასასურველი მეზობლები – განწყობები ლგბტ ადამიანების მიმართ, კვლევა


ფოტო: advocate.com

CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დიდ ნაწილს არ სურს ლგბტ ადამიანებთან მეზობლობა.

გამოკითხულთა უმრავლესობას – 58%-ს არ სურს, რომ მის მეზობლად ლგბტ ადამიანებმა იცხოვრონ. გამოკითხულთა 38%-ს ლგბტ ადამიანები არ დაუსახელებია იმ ჯგუფს შორის, რომლებთან მეზობლობასაც არ ისურვებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მეტმა 42%-მა ლგბტ ადამიანები იმ ჯგუფს შორის დაასახელა, ვინც ყველაზე მეტად ხდებიან ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლი.

გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია, 42%-ს უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად არ მიაჩნია. 17%-ისთვის კი არც მნიშვნელოვანია და არც უმნიშვნელო.

კვლევა, სახელწოდებით, “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა” 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა, ევროსაბჭოს დაკვეთით. კვლევის მიზანია შეესწავლა საქართველოში უმცირესობათა და დაუცველი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები და მათი გავლენა; დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში; სიტუაციის გამოსწორების არსებული მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; სხვადასხვა აქტორებისადმი დამოკიდებულება.

საქართველოს მასშტაბით გამოკითხეს  2 205 ადამიანი. რესპონდენტები 18 წელს ზევით ასაკის იყვნენ. საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 17 აგვისტოდან – 2 სექტემბრამდე. პირისპირ ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.