“ჯიხამ” დისკრიმინაცია წაახალისა – ქარტიის საბჭო


საინფორმაციო ცენტრ "ჯიხას" დისკრიმინაციული პოსტი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” საჩივარი და დაადგინა, რომ საინფორმაციო ცენტრმა “ჯიხამ” დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი  და დისკრიმინაცია წაახალისა.

საინფორმაციო სააგენტო “ჯიხას” ფეისბუკის გვედრზე არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა გააზიარა “ტაბულას” ვიდეო, რომელიც ასახავდა ლევან სუთიძის გამოსვლას 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციაზე კანცელარიის წინ. გაზიარებულ ვიდეოს ჰქონდა მინაწერი „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ლევან სუთიძე, რომელიც გამოხატავდა მხარდაჭერას ლგბტ თემის მიმართ, შეფასებული იქნა როგორც ანტიქრისტეს [ბოროტების] მიმდევარი [მხარდამჭერი], ანუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება უარყოფითად იქნა წარმოჩენილი, რასაც მოჰყვა დისკრიმინაციის წახალისება.

საბჭომ მიიჩნია, რომ ეს ნათლად ჩანს პოსტის გამოხმაურებებში, რომლებიც მრავლად შეიცავს დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. შესაბამისად საბჭოს პოზიციით, ვიდეოს გაზიარებისას მინაწერმა გამოიწვია დისკრიმინაციის წახალისება და მე-7 პრინციპის დარღვევა.

“თანასწოობის მოძრაობამ” ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში ასევე გაასაჩივრა ქარტიის პირველი [ზუსტი ინფორმაციის გავრცელება] და მე-11 [ფაქტის დამახინჯება] პრინციპების დარღვევა, თუმცა საბჭომ მიიჩნია, რომ ეს მუხლები არ დაურღვევია ჯიხას” არაიდენტიფიცირებად ჟურნალისტს.

ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად საინფორმაციო ცენტრ „ჯიხას“ არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნული სახით მასალის გავრცელებაზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება საინფორმაციო ცენტრ “ჯიხას” საქმეზე by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd