საპატრიარქოსთან სტენსილებისთვის დაკავებული ლგბტ აქტივისტები სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო


Photo by Ted Eytan; courtesy Flickr

2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკვრის დროს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება 2016 წლის 17 მაისს 10 ლგბტ აქტივისტის დაკავებას. ლგბტ აქტივისტებმა ვერ შეძლეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარება 2016 წელს, მათ ანტიჰომოფობიური სტენსილები გააკრეს რამდენიმე ადგილას, მთ შორის, საპატრიარქოს კედელზე.

იმ დროს როდესაც, აქტივისტები სტენსილს ამზადებდნენ, პოლიციამ ისინი დააკავა. პოლიცია აქტივისტებს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმების დარღვევას, რომელიც პოლიციის დაუმორჩილებლობასა (173-ე მუხლი) და სტენსილების შეუსაბამო ადგილებში გაკვრას (150-ე მუხლი) ეხება.

სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ 150-ე მუხლის დარღვევა და ისინი 50-50 ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აქტივისტებმა ისევ მიმართეს სასამართლოს, რათა განეხილათ დააკავეს თუ არა აქტივისტები კანონიერად და მოეთხოვათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

“როდესაც დააკავეს აქტივისტები, დაკავების მომენტისათვის არ არსებობდა დაკავების მიზანი. ასევე, ფორმები არ ეცვათ პოლიციის თანამშრომლებს, შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება. ამ კუთხით შეწყდა სამართალწარმოება, თუმცა მსჯელობა არ ყოფილა დაკავების კანონიერებაზე. იმ ეტაპზე არ შეფასებულა, რომ დაკავება უკანონო იყო”, – განაცხადა დავით ბერძულმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა.

აქტივისტების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. დავით ბერძულმა გვითხრა, რომ სასამართლომ არსებითი მსჯელობის დაწყებამდე განმარტა, რომ დაკავების კანონიერების განხილვა მის კომპეტენციაში არ შედიოდა და ამ საკითხზე არ უმსჯელია. დღეს, 18 ოქტომბერს კი არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილიც, რომელიც ზიანის ანაზღაურებას ეხება.

დავით ბერძული ამბობს, რომ ისინი ელოდებიან, როდის ჩაბარდებათ დასაბუთების ნაწილი, რათა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.