ექიმების 19% მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეთ


2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში სოციალური მუშაკები უფრო მეტად არიან მხარდამჭერი ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის, ვიდრე ექიმები.

გამოკითხული სოციალური და ჯანდაცვის მუშაკების 90%-ს ლგბტ ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. მიაჩნიათ, რომ ჰომოსექსუალობა ისეთივე სექსუალური ორიენტაციაა, როგორც ჰეტეროსექსუალობა და ამის გამო არც უნდა იამაყონ და არც დასჯადი უნდა იყოს.

კვლევის ავტორებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ჰომოსექსუალობის მიმღებობას განაპირობებს ის, რომ გამოკითხულთა ოჯახის წევრები ან მეგობრები არიან ლგბტ თემის წევრები.

სოციალური მუშაკების 100% ეთანხმებიან იდეას, რომ ლგბტ ადამიანები არიან თანასწორი დანარჩენი მოქალაქეებთან გვერდით. ექიმების 93% ფიქრობს ასე.

სოციალური მუშაკები ექიმებზე მეტად არიან იმის მომხრე, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებმა შეძლონ ქორწინება და კანონი შვილის აღზრდის უფლებას აძლევდეს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სოციალური მუშაკები უფრო მეტად უჭერენ მხარს თანასწორობას, ვიდრე ექიმები. ასევე რაც უფრო ახალგაზრდაა რესპონდენტი, მით უფრო მეტად უჭერს მხარს თანასწორობის იდეას.

გამოკითხვის დროს სოციალური მუშაკების 44%-მა და ექიმების 26% განაცხადა, რომ თავიანთი კოლეგების მხრიდან ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის, გარიყვისა და მიუღებლობის ფაქტებს შესწრებიან.

ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სოციალური მუშაკები უფრო მეტად არიან გახსნილი იმისკენ, რომ ისაუბრონ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ, აღნიშნულია კვლევაში.

რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი მუშაობენ ლგბტ ადამიანებთან აივ-ისა და სგგი-ს პრევენციისათვის. ჯანდაცვის მუშაკები ლგბტ ადამიანებს აწვდიან რჩევებს აივ/სსგი-ის შესახებ უფრო ხშირად, ვიდრე სოციალური მუშაკები.

კვლევა, სახელწოდებით, “ჯანდაცვისა და სოციალური მუშაკების დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ” ECOM-მა (მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიული კოალიცია) 2018 წელს ჩაატარა კვლევა საქართველოში. გამოკითხვაში მონაწილეობა 129 რესპონდენტმა მიიღო. რომელთაგან 70 ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტია, ხოლო 59 – სოციალური მუშაკი.

ECOM ტალინში (ესტონეთი) დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი წევრობაზე დამყარებული კავშირია, რომელიც მიმართულია ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის პრევენციისა და მკურნალობისკენ გეი და ტრანსგენდერ კაცებში, ასევე იმ მამაკაცებს შორის, რომლებსაც სექსი აქვთ კაცებთან. ორგანიზაცია მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. იგი მოიცავს 53 წევრს 14 ქვეყნიდან.