“რომ შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა, ნაკლებად ჰომოფობიურია ქართული მედია, ვიდრე იყო შარშან, რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს არ არის ის სასურველი რეალობა, რომელსაც უნდა ქმნიდეს მედია. ამის გააზრება არის ყველაზე მთავარი. თუ ამას იაზრებ, აღარც შენი რეპორტაჟი, შენი სტატია ან შენი გადაცემა, აღარ არის ყვითელი. აღარ მოგყავს ტრანსგენდერი ქალი გადაცემაში, მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ თქვას, რომ “კაცი ქალის კაბით” და ეს გახდეს, შემდეგ, ყვითელი მედიის განხილვის მთავარი თემა.
თავად მე ვარ ძალიან, ძალიან, ცუდი რეპორტაჟის ავტორი ტრანსგენდერ ქალზე. 2008 წელს მაქვს მომზადებული ეს რეპორტაჟი, რომელიც დასაწყისიდან, პირველი კადრიდან ბოლო კადრამდე, პირველი ტექსტიდან ბოლო ფრაზამდე, თავისი ტონით, მუსიკით, არის ჰომოფობიური და, მეტწილად, აყოლილია შეხედულებებს თუ ღლიცინს საზოგადოებაში.
მოკლედ, ბევრი წელი არ დამჭირდა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, როდესაც მეტად გავიაზრე მედიის როლი, მედიაში ყოფნა რას ნიშნავს, გაჩნდა სტანდარტები, მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი რეპორტაჟი, თუ კი რამ მომიმზადებია ჩემს კარიერაში. ადამიანების უფლებების ცალსახა დარღვევაა. ვთვლი, რომ დღეს ის სახელმძღვანელოა, როგორ არ უნდა მოვამზადოთ რეპორტაჟი.
თავად მედიის წარმომადგენლებმა უნდა გავიაზროთ ჩვენი როლი. იმიტომ, რომ ჩვენი სჯერათ, ჩვენი ესმით, ჩვენ ვავრცელებთ, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ ამბავი გადაიქცეს სენსაციად. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, არსებულ რეალობას, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ პირადად ჩვენ, ჟურნალისტებმა, მედიის წარმომადგენლებმა, ვიცით, მაგალითად, რამდენჯერ გამხდარა ლგბტ თემი აგრესიის და ძალადობის მსხვერპლი, გაგვიშუქებია მკვლელობები მათ შესახებ, ის, რომ სცემეს, ის, რომ ვიღაც რაღაცას აბრალებს და მივდივართ შემდეგ მის სასამართლო პროცესზე, ამ ამბავს ვაშუქებთ და, მეტწილად, ობიექტური კია, მაგრამ რაღაცნაირად იგრძნობა ცუდი განწყობა, ცუდი ტონი, კადრი არის ისეთი გადაღებული, რაც უფრო მეტად აღრმავებს ამ სტერეოტიპებს, ისედაც არსებულს.
ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი როლი, მოვყვეთ ამბები ლგბტ ადამიანებზე, ისე როგორც მოვყვებოდით ნებისმიერ ჩვენ სხვა რესპონდენტზე. რესპონდენტები ერთმანეთისგან არასდროს უნდა განვასხვაოთ და არ უნდა იგრძნობოდეს ჩვენი დამოკიდებულება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი”, – დავით ქაშიაშვილი.