აქტივიზმი თანასწორობისთვის, იაგო კაჭკაჭიშვილი


იაგო კაჭკაჭიშვილი

“საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ცნობიერება საზოგადოებაში, არაფორმალურ ინსტიტუტებში, ოჯახში, ფორმალურ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილი, ეს არის მისი ინტიმური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის მისი იდენტობის შემადგენელი ნაწილი და ის, რაც ადამიანის იდენტობის შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება გახდეს მისი სოციალური რეპრეზენტაციის არსებითად განმსაზღვრელი.

სექსუალური ორიენტაციის მიმართ საზოგადოება უნდა იყოს გულგრილი (კარგი გაგებით), ან ნეიტრალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტი არ უნდა მონაწილეობდეს ადამიანის მიერ სოციალური კაპიტალის მშენებლობაში. ჩვენ მომსწრე ვართ ისეთი კონკრეტული ფაქტების, რომ სექსუალური ორიენტაცია ხდება ადამიანთა, სოციოლოგიის ენაზე რომ ვთქვათ, დელეგიტიმაციის, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანთა “გაფუჭების” ერთერთი ძირითადი ინსტრუმენტი. ეს მავნე პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში სექსუალური ორიენტაცია ითვლებოდა ადამიანთა საზოგადოებიდან გარიყვის და მისი ასოციალურად ქცევის ძირითად პრაქტიკად.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებამაც, პოსტსაბჭოთა საზოგადოებამაც, საბჭოთა სუკის მიერ აპრობირებული ეს იარაღი აქტიურად და წარმატებით გადმოიღო. ინსტიტუტები, ფორმალური თუ არაფორმალური, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ჰომოფობიური განწყობების დაძლევას, თავად არიან გაჯერებული ამგვარი სულისკვეთებით. არაფორმალურ ინსტიტუტებში, ძირითადად, მე ვგულისხმობ ოჯახს და ფორმალურ ინსტიტუციებში ძირითადად ვგულისხმობ სკოლას. ოჯახი და სკოლა გახლავთ სოციალიზაციის ორი ძირითადი აგენტი.

და რა ხდება დღეს ამ ინსტიტუციებში?! სამწუხაროდ, ეს ინსტიტუციებიც ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევიან და ისინი, ვინც უნდა გააღვივოს ან აღზარდოს ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული ადამიანების მიმართ, თავად არიან აღსაზრდელები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში, ისე როგორც ფართო საზოგადოებაში, ჩატარდეს საკომუნიკაციო სტრატეგია ჰომოფობიური განწყობების დასაძლევად. სხვა გზა არ არსებობს: განათლების, ტრენინგის, გადამზადების გზა ერთადერთი ლეგიტიმური გზაა ნებისმიერ საზოგადოებაში, მათ შორის ჩვენთანაც.

გადასახედია სასწავლო პროგრამები. რამდენადაც მე ვიცი, სასკოლო სახელმძღვანელოებში, მეთოდურ სახელმძღვანელოებში, საგნობრივ სახელმძღვანელოებში, ჯერ კიდევ არსებობს ჰომოფობიური ტექსტები, ისეთი ტექსტები, რომლებიც ჰომოფობიური განწყობებისკენ უბიძგებს სწავლების პროცესს. შესაბამისად, რევიზია სასწავლო პროგრამებისა, ძალიან მნიშვნელოვანია. თანდათან, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი მოდერნული საზოგადოებისკენ. ჰომოფობიური განწყობები, პრინციპში, წინამოდერნული ან ტრადიციული საზოგადოების ელემენტია, ხოლო მოდერნული საზოგადოება ალტერნატივათა ლეგიტიმაციის საზოგადოებაა და, ამ თვალსაზრისით, ქართულ საზოგადოებას ბევრი აქვს სასწავლი”, – იაგო კაჭკაჭიშვილი.