აქტივიზმი თანასწორობისთვის, ლადო მხეიძე


ლადო მხეიძე
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ლადო მხეიძე საუბრობს საჯარო ქამინგ აუთის შესახებ, თუ როგორ მიიღო დედის მხარდაჭერა და გვიზიარებს თავის პოზიტიურ მოლოდინს მომავლის შესახებ.

“მე ვარ ლადო, 21 წლის. ჩემი ჰობია ხატვა, ვარჯიში და იოგა. ვსწავლობ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მიყვარს ცხოველები და, ზოგადად, ყველა ცოცხალი არსება, ასევე ვარ ვეგეტარიანელი. ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ ცხოვრებას. ქამინგ აუთი საჯარო გავაკეთე 17 მაისს: დავდე ფეისბუკზე ფოტო, ქოლგა მეჭირა და მაისური მეცვა, რომელზეც მახატია დროშა. ამის მერე, სხვათაშორის, არ მოყოლია არანაირი აგრესია, რაც არის ძალიან გასაკვირი და კარგი. ყველამ კარგად და თბილად მიიღო. ძალიან გამიკვირდა და მიხარია, რომ ამდენი ადამიანი არსებობს ჩემს გარშემო, ვინც ამას კარგად იღებს. მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას ცუდად იღებენ. ეს მგონი 90%-ია ჩვენი პოპულაციის, რომელიც ამას ცუდად იღებს.

ბავშვობაში სულ ვფიქრობდი, რომ წავიდოდი აქედან და იქ შევიქმნიდი ოჯახს, სადმე საზღვარგარეთ, სადაც კანონიერია ყველაფერი, შვილის აყვანა დაქორწინება და ასე შემდეგ. იქ ვიქნებოდი ბედნიერი და კარგად ვიქნებოდი, მაგრამ ამ ბოლო დროს შემეცვალა აზრი და მივხვდი, რომ პრობლემებს, როდესაც გაურბიხარ ეს პრობლემების გადალახვა არ არის. შენს პრობლემებს არ უნდა გაექცე, უნდა დაუპირისპირდე და აუცილებლად გადალახავ და დიდი შანსია რომ 10 წელიწადში ყველაფერი ბევრად კარგად იყოს და არ გამიჭირდეს აქ ცხოვრება. მე ამისთვის ვიბრძოლებ, რომ კარგი გარემო შევუქმნა ჩემს თავსაც და სხვებსაც.

სახელმწიფო არ აღგვიქვამს ჩვენ, როგორც ადამიანებს. ხშირად, სახელმწიფო ხელს უწყობს რომ უფრო მეტი აგრესია გამოიწვიონ და უფრო მეტი ძალადობა მოხდეს, ესეც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჩვენ, ხალხი ვერაფერს გავხდებით, თუ სახელმწიფო ვერ მიხვდება, რომ ყველა თანასწორი ვართ, ბოლოს და ბოლოს შემოიღეს კანონი, რომ არ უნდა დაჩაგრო ლგბტ თემის წარმომადგენელები. მოდი მივყვეთ ამ კანონს, რადგან კანონი მაინც კანონია.

ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, იმიტომ რომ დედაჩემი ჩემ გვერდით დგას. დიდი რაღაცაა ის, რომ დედამ გაგიგო და გიდგას გვერდით. არიან ადამიანები, ვისაც დედები არ უდგებიან გვერდით. პირიქით, სახლიდან აგდებენ. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, რომ ბავშვისთვის, რომელიც გაზარდე და მთელი ცხოვრება უყურებ და შენი სისხლი ხორცი და შენი ნაწილია, ასე, ერთი რაღაცის გამო, აიღო და მასზე თქვა უარი. ჩემთვის მიუღებელია და ძალიან დიდი სიბოროტეა. როგორ შეიძლება, რომ ადამიანს ამდენი ზიზღი და აგრესია გააჩნდეს, რომ თავის სისხლსა და ხორცზე თქვას უარი. მოგიწოდებთ, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ და ერთმანეთს გაუგოთ, ვიყოთ ბედნიერები ერთად და არა ომში, უბედურებასა და ჩხუბში, ბევრად უფრო მარტივია ცხოვრება, როდესაც ერთმანეთის გვესმის და ერთმანეთი გვიყვარს.”