მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დასრულების მთავარი ბარიერი ჰომოფობიაა. ასე იყო შიდსის ეპიდემიის დასაწყისშიც. გეი, ბისექსუალი და სხვა მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ხშირად ხდებოდნენ ძალადობის ობიექტები, რადგან ისინი მიიჩნეოდნენ აივ ინფექციის გავრცელებაზე პასუხისმგებლად.
ამას დიდწილად ხელი შეუწყო მედიამაც, რომელმაც სენსაციური სტატიებით წაახალისა ჰომოფობიური დამოკიდებულებები. ამ პერიოდში ხშირად შეხვდებოდით ინფორმაციებს მსგავსი სათაურებით: „ფრთხილად ‘გეების ჭირი’“ ან/და „გეების ჭირის გამო ჰომოსექსუალებს შესაძლოა აეკრძალოთ სისხლის დონაცია“. აღნიშნულმა გარემოებებმა ლგბტ თემის დემონიზებაში დიდი წვლილი შეიტანა (Social issues: Homophobia AND HIV, 2018).
ლგბტ ადამიანები მუდმივად აწყდებიან სპეციფიკურ გამოწვევებსა და ბარიერებს. მათ შორის, ხდებიან ძალადობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი, ილახება მათი უფლებები. ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ კრიმინალიზებული ჰომოსექსუალობა ან/და ჰომოსექსუალური ურთიერთობები და ქროსდრესერობა კვებავს ე.წ სოციალურ ჰომოფობიას, რომელიც ხელს უწყობს ლგბტ პირთა ყოველდღიურ დისკრიმინაციას.
მტრული განწყობების გამო, ლგბტ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ აივ ინფექციასთან დაკავშირებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე: ტესტირებაზე, მკურნალობასა და ზრუნვის სერვისებზე. შედეგად, ლგბტ ადამიანთა ნაწილისთვის უცნობია მათი დადებითი აივ სტატუსი ან დიაგნოსტირება ხდება ძალიან გვიან, რაც ართულებს მკურნალობას.
უფრო მეტიც, 2014 წელს The Global Forum on MSM & HIV-მა (MSMGF) ჩაატარა კვლევა მამაკაცების გლობალური ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, რომელმაც აჩვენა, რომ მსმ-ები (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) ნაკლებად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე და გვხვდება დეპრესიის, შფოთვისა და ნივთიერებებზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელი.
2016 წელს, ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცთან, დეპრესიის გამო ნაკლებად იტარებენ აივ-ზე ტესტირებას. ამის მიზეზი, საზოგადოებრივი ნორმები და ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული თვითსტიგმაა (Ayala & Glenn-Milo, 2016).
2012 წელს The Global Forum on MSM & HIV-ის (MSMGF) მიერ ჩატარებულმა მამაკაცთა გლობალური ჯანმრთელობისა და უფლებების კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა მსმ-ები უფრო მეტად განიცდიან ჰომოფობიას, ვიდრე ხანდაზმულები. ასევე ექმნებათ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები აივ-თან დაკავშირებული სერვისების მოხმარებაზე, პრობლემები აქვთ საცხოვრებლითა და დასაქმებით უზრუნველყოფის მხრივ. მსგავსი სახის დაბრკოლებები ხელს უწყობს მათ სოციალურ დაუცველობას. შედეგად ზრდის დამატებით სარისკო ქცევის შესაძლებლობას. მაგალითად: ინექციური ნარკოტიკების მოხმარება ან კომერციულ სექსში ჩართვა. (Beck, Ayala, & Santos, 2013)
2014 წელს The Global Forum on MSM & HIV-მა (MSMGF) ჩაატარა კვლევა მამაკაცთა გლობალურ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წელს. კვლევამ აჩვენა აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის სერიოზული ხარვეზები აივ დადებითი და აივ უარყოფითი სტატუსის მქონე მსმ-ებისთვის. გამოვლინდა მნიშვნელოვანი კავშირი სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის გამოცდილებასა და აივ ინფექციასთან დაკავშირებული სერვისების დაბალ ხელმისაწვდომობასა და ვირუსული სუპრესიის (არვ მკურნალობის შედეგად ადამიანის ორგანიზმში ვირუსის დათრგუნვა არაგანსაზღვრად დონემდე) დაბალ მაჩვენებელს შორის. საინტერესოა, რომ იმ მონაწილეებში, რომლებმაც დააფიქსირეს გეი თემში მაღალი ჩართულობა, მაღალი იყო აივ-ზე ტესტირებისა და პასუხის გაგების, აივ ინფექციის პრევენციულ პროგრამებში მონაწილეობისა და აივ დადებითი ადამიანების შემთხვევაში, ზრუნვისა და მკურნალობის პროგრამებში დარჩენის, შესაბამისად ვირუსული სუპრესიის შემთხვევების მაჩვენებლები (Social issues: Homophobia AND HIV, 2018).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად ნათელია მჭიდრო კავშირი ჰომოფობიასა და აივ-თან დაკავშირებული სერვისების მიღებას შორის მსმ-ებისთვის. ამ თემაზე საქართველოში სისტემური კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მსმ-ები აივ-თან დაკავშირებული სერვისების: აივ-ზე ტესტირება და კონსულტირება, უფასო კონდომები და ლუბრიკანტები, საინფორმაციო მასალები, PrEP და ა.შ მისაღებად თავს იკავებენ ლგბტ რესურს ცენტრში სამუშაო საათებში მისვლისგან, ზოგიერთ შემთხვევებში კი კატეგორიულად ამბობენ უარს, იმ მიზნით, რომ არ გამჟღავნდეს მათი სექსუალური ორიენტაცია/ქცევა.
სერვისების მისაღებად მომართვიანობით ძირითადად გამოირჩევიან ლგბტ თემში სოციალიზებული მსმ-ები. შედეგად კი 2015 წელს თანადგომასა და საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 17 000 მსმ-დან მხოლოდ 43.5% იყო მოცული აივის პრევენციული პროგრამებით (თანადგომა & საერთაშორისო ფონდი კურაციო, აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015).
თანასწორობის მოძრაობა გთავაზობთ, უფასო, კონფიდენციალურ და ანონიმურ მომსახურებას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.