ლგბტ აქტივისტებმა დინამო არენაზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
საქმე ეხება 2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში დინამო სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩს, სადაც ლგბტ აქტივისტები გურამ კაშიასთვის მადლიერების გამოსახატად ლგბტ სიმბოლიკით მივიდნენ, შსს-ს თანამშრომლებმა მათ არ მისცეს უფლება, რომ ლგბტ სიმბოლიკა სტადიონზე შეეტანათ.
გულშემატკივრებს მატჩზე არ შეატანინეს დროშები და პოსტერები, რომლებზეც ცისარტყელა იყო გამოსახული. ეს შეზღუდვა სამინისტრომ დაასაბუთა სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებით და დაეყრდნო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას დროებით შეუზღუდოს ადამიანს გადაადგილების თავისუფლება და ასევე დროებით ჩამოართვას რომელიმე ნივთის ფლობის უფლება, თუ ეს ნივთი წარმოადგენს მისი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს.
სარჩელი ევროსასამართლოში 2019 წლის 9 მარტს გაიგზავნა. საქმეს “თანასწორობის მოძრაობა” აწარმოებს. 9 ლგბტ აქტივისტს, ვინც სასამართლოს მიმართა, მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გადააცილეს საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან დროშები და პოსტერები, თავისთავად, ვერ იქნებოდა გამოყენებული სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების იარაღად.
იმ შემთხვევაში, თუ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ადგილი ექნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, პოლიციას ზომები უნდა მიეღო ამ ქმედებების აღსაკვეთად.
პოლიცია წინასწარ გაფრთხილებული იყო, რაზეც მეტყველებს ის, რომ მე-9 სექტორში, სადაც გურამ კაშიას გულშემატკივრებიც იყვნენ კონცენტრირებული, საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
მომჩივნები ედავებიან ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 და მე-11 მუხლთან მიმართებით მე-14 მუხლის დარღვევას.
მე-11 მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-14 მუხლით დისკრიმინაციისგან თავისუფლება.
მომჩივნებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უსაფუძვლოდ შეზღუდა ისინი და ეს გააკეთა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ანუ დისკრიმინაციულად.
ადგილობრივ დონეზე პროკურატურამ უარი თქვა, შსს-ს თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყებაზე, რადგან ვერ დაინახა დანაშაულის, ანუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც ვერ დაინახა პოლიციელების ქმედებებში დისციპლინური გადაცდომები და განმარტა, რომ ისინი მოქმედებდნენ შსს-ს მაღალჩინოსნის ბრძანების და კანონის საფუძველზე.
მომჩივნებმა საჩივრით პროკურატურის, გენინსპექციის, შსს-ს მინისტრის და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გარდა, მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველსაც, თუმცა უშედეგოდ.
მატჩი, რომელიც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის გაიმართა, შედგა მას შემდეგ რაც გურამ კაშიას უეფამ “თანასწორობის ჯილდო” გადასცა. ჯილდოს გადაცემამდე ერთი წლით ადრე, გურამ კაშია ჩაერთო ჰოლანდიის ერედივიზიონის კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ. კამპანიაში ჩართვის ნიშნად, კაშიამ ლგბტ სამკლაური გაიკეთა, რასაც საქართველოში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების პროტესტის მოჰყვა. ამ პროტესტის საპირწონედ კი ლგბტ და სამოქალაქო აქტივისტები გურამ კაშიას მხარდასაჭერად და მადლობის ნიშნად მივიდნენ დინამო არენაზე.