ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ


პოლიცია. ფოტო: comersant.ge

ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. შემთხვევა 26 სექტემბერს მოხდა. დაზარალებული ქალის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავს.

2021 წლის 27 სექტემბერს დაგვიკავშირდა ტრანსგენდერი ქალი თ.ო. მისი განცხადებით 26 სექტემბერს, ღამის საათებში მისთვის უცნობმა მამაკაცმა მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და საჭიროებდა იურისტის დახმარებას გამოკითხვის პროცესში.

დაზარალებული ქალის მონათხრობის მიხედვით, ტრანსგენდერ ქალთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელიც უსვამდა კითხვებს გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით. ხანმოკლე საუბრის შემდეგ ბრალდებულმა მას მიაყენა ტრანსფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებული ცდილობდა, რომ ეს შემთხვევა მობილურის დახმარებით გადაეღო, რამაც თავდამსხმელი გააღიზიანა, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა თავისა და სხეულის არეში.

დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი წაიქცა, დაკარგა გონება. ამის მიუხედავად, ბრალდებული მაინც განაგრძობდა თავდასხმას. დაზარალებულის გონზე მოსვლამდე ადგილზე გამოცხადდა პილიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

“თანასწორობის მოძრაობამ” ტრანსგენდერ ქალს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, ორგანიზაციის იურისტები ჩაერთვნენ გამოძიების პროცესში და დაესწრნენ დაზარალებულის გამოკითხვას. მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლის 1 ნაწილით.

28 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი სცნეს დაზარალებულად. მან ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში ამოცნობის პროცედურაში. მან ამოიცნო მასზე მოძალადე მამაკაცი, რომელიც “თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში და ბრალს უახლოეს პერიოდში წაუყენებენ.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ “ტვ პირველმა” გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ტრანსგენდერ ქალი უარჰყოფს იმას, რომ მას დაესხნენ თავს, რაც არ არის ზუსტი ინფორმაცია. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, მასთან “ტვ პირველის” ჟურნალისტს არ უსაუბრია.