რა არის PrEP?


რა არის პრეპი?

პრეპი(პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია, რომელიც აივ ინფექციისგან დაცვას 99%-მდე უზრუნველყოფს. პრეპის ფარგლებში გამოიყენება აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი იყენებს. პრეპ მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დამტკიცებულია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA-ს) მიერ.

პრეპ მედიკამენტის მიღების ორი რეჟიმი არსებობს. ესენია : მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად და სიტუაციურად*

*ჩამოშალეთ ფანჯარა რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის

რა არის სიტუაციური პრეპი?  

სიტუაციური პრეპი პრეპ მედიკამენტის მიღების რეჟიმია, რომელიც    ყოველდღიური მიღებისგან განსხვავებით, მოიცავს PrEP-ის მიღებას  სექსამდე და სექსის შემდეგ. კვლევებით დასტურდება, რომ მედიკამენტის მიღების ეს რეჟიმი ისეთივე ეფექტურია ანალური სექსისას,  როგორც მედიკამენტის  მიღება ყოველდღიურად.

სიტუაციური პრეპი გულისხმობს სქესობრივ აქტამდე არანაკლებ 2 , იდეალურ შემთხვევაში კი  24  საათით ადრე 2 აბი მედიკამენტის (გაორმაგებული დოზა) მიღებას. მომდევნო 24 საათში 1 აბის, ხოლო შემდეგ 24 საათში 1 აბის მიღებას. (2-1-1)

ვისთვის არის რეკომენდებული სიტუაციური პრეპი?

მედიკამენტის მიღების ეს რეჟიმი რეკომენდებულია მხოლოდ  მამაკაცებისთვის, ვისაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან. სიტუაციური პრეპი რეკომენდებულია მაშინ, თუკი თქვენი სქესობრივი კავშირის სიხშირე არ აღემატება 2-ს კვირაში და შესაძლებელია მისი წინასწარ პროგნოზირება.

როგორ მიიღება მედიკამენტი? 

მედიკამენტის მიღება ხდება სქემით 2-1-1: (იხ. დიაგრამა)

 სიტუაციური პრეპის მიღების დიაგრამა

მედიკამენტის მიღება იწყება სექსობრივ აქტამდე მინიმუმ 2, იდეალურ შემთხვევაში 24 საათით ადრე:

  • მიიღე 2 ტაბლეტი  (გაორმაგებული დოზა) სექსამდე 2-24 საათით ადრე;
  • მიიღე 1 ტაბლეტი პირველი ორი ტაბლეტის მიღებიდან 24 საათში;
  • მიიღე 1 ტაბლეტი მესამე ტაბლეტის მიღებიდან 24 საათში.

სიტუაციური პრეპი მრავლობითი სქესობრივი კონტაქტის დროს

იმ შემთხვევაში თუ გაქვთ სხვა, დამატებითი სქესობრივი კონტაქტები
საწყისი დოზის მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში,  უნდა
განაგრძოთ პრეპის დღეში ერთი აბის მიღება (სასურველია იმავე დროს,
მაქსიმუმ 2 საათით ადრე, ან 2 საათით გვიან). ამასთანავე, თუ გსურთ
სიტუაციური პრეპის შეწყვეტა,  უნდა მიიღოთ პრეპის ორი დოზა 24 საათის
ინტერვალით, უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტის შემდგომ.

დოზის გამოტოვება

მნიშვნელოვანია მედიკამენტის დროული მიღება და სწორი დოზირების დაცვა.  დაუშებელია მედიკამენტის დოზირების დარღვევა ან გამოტოვება.  ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ  თქვენს პირად ექიმს PrEP პროგრამიდან.

იხილეთ ქართულენოვანი ბროშურა

გულისხმობს 1 აბი მედიკამენტის  ყოველდღიურ მიღებას, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

ყოველდღიური პრეპი ეფექტურია როგორც ანალური, ისე ვაგინალური სექსითვის და უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცულობას.  გამოტოვებული დოზების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია თუ მედიკამენტის მიღებას ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ.

პრეპ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია როგორც საკვების მირთმევამდე, ასევე საკვების მირთმევის შემდგომ.

 

არის თუ არა პრეპი შენთვის?

პრეპის პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ეს არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი სქესობრივი ცხოვრება გახადოთ უფრო უსაფრთხო  და აკონტროლოთ თქვენი სექსუალური ჯანმრთელობა.
პრეპი განკუთვნილია აივ ნეგატიური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც დგანან აივით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე.

როგორ უნდა მიხვდე რომ მაღალი სარიკსო ქცევა გაქვს?

თქვენ ითვლებით მაღალი სარისკო ქცევის მქონედ თუ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში აკმაყოფილებთ, ერთ-ერთს შემდეგი კრიტერიუმებიდან:

  • გყავთ აივ დადებითი სტატუსის მქონე მუდმივი პარტნიორი, რომელიც არ მკურნალობს ან არ აქვს მიღწეული ვირუსული სუპრესიისათვის;
  • ჩართული ხართ კომერციულ სექს მუშაობაში;
  • გაქვთ ნარკოტიკების ინექციურად მოხმარების პრაქტიკა;
  • გაქვთ ნარკოტიკებისა ან/და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სარისკო სქესობრივი ქცევის პრაქტიკა;
  • გაქვთ ან გქონიათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;
  • გყავთ 5 ან მეტი სქესობრივი პარტნიორი;
  • არ გამოუყენებიათ კონდომი როგორც პასიური, ისე აქტიური სქესობრივი კავშირის დროს;
  • აივ პრევენციისათვის მიგიმართავთ პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (პეპ) მეთოდისათის.

აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები?

უამრავი ადამიანი, რომელიც ამჟამად იღებს პრეპს, ამბობს, რომ მათ შემთხვევაში არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, პრეპსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.

მოკლევადიანი გვერდითი ეფექტები: იმ ადამიანების დაახლოებით 10%-ში, ვინც პრეპს იღებს, თავს იჩენს დიარეა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ა.შ თუმცა, როგორც წესი ისინი მაქსიმუმ 2-3 კვირაში ქრება.

გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები: ძალიან ცოტა ადამიანების რაოდენობაში, ვინც პრეპს იღებს, შესაძლოა გამოვლინდეს ცვლილებები თირკმლის ფუნქციებში.

პრეპის პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას და საჭირო ანალიზების გაკეთებას აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.

თუ პრეპს ვიღებ, კონდომი მაინც უნდა გამოვიყენო?

პრეპი უზრუნველყოფს აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებისგან მაქსიმალურ დაცვას, თუმცა იგი არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მაგ: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ჰეპატიტები), შესაბამისად, კონდომის გამოყენება კვლავ რეკომენდებულია.

როგორ ჩაერთო პროგრამაში?

პროგრამაში ჩასართავად, უნდა მობრძანდეთ „თანასწორობის მოძრაობის“ სათემო ცენტრში, თქვენი ვიზიტი კი უნდა დაჯავშნოთ ონლაინ.  სათემო ცენტრში თქვენ  შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ პრეპ პროგრამისთვის განკუთვნილ სამედიცინო გამოკვლევებს (ტესტირება აივ ინფექციაზე, B,C ჰეპატიტზე, სიფილისზე სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი, ტესტირება ქლამიდიასა და გონორეაზე) სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად. რის შემდეგაც უკვე შეძლებთ პრეპის აღებას.

საჭიროა თუ არა წინასწარი მომზადება ლაბორატორიული ტესტირებისთვის?

არა, ტესტირებისთის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. ტესტირება ტარდება შემდეგი ბიოლოგიური სითხეებით:

ტესტის დასახელება ბიოლოგიური სითხე
აივ ინფექცია, B,C ჰეპატიტი, სიფილისი, სისხლის საერათო და ბიოქიმია სისხლი
გონორეა, ქლამიდია შარდი

რა ღირს პრეპის პროგრამაში ჩართვა?

პრეპის პროგრამის ფარგლებში ექიმთან რეგულარული კონსულტაციები, ანალიზები და პრეპი სრულიად უფასოა.

პრეპის პროგრამა კონფიდენციალურია?

დიახ, პროგრამა სრულაიდ კონფიდენციალური და ანონიმურია. პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ 16 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

თანასწორობის მოძრაობის თანამშრომლები და პრეპის პროგრამაში ჩართული შიდსის ცენტრის თანამშრომლები გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ, თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას!