“თანასწორობის მოძრაობა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გლოვობს კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის გამო.
გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ეს დანაშაული, არის შედეგი ბოლო წლებში მიმდინარე ჰომო, ბი, ტრანსფობიური პოლიტიკისა, რომლის მთავარი მიზანი ლგბტქ ადამიანების სიცოცხლის გაუფასურებაა. სამწუხაროდ, აქაც ყველაზე გარიყული და მოწყვლადი ტრანს ადამიანები არიან, განურჩევლად იმისა, რამდენად დაცულად ვგრძნობთ თავს.
ტრანსფობიითა და გარიყვით გამძაფრებული სოციალური ქარტეხილები: განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ღირსეულ სამსახურსა და საცხოვრებელ პირობებზე ხელმიუწვდომლობა, ღუპავს ტრანსგენდერ ადამიანებს. ასე დავკარგეთ:
საბი ბერიანი – 2014 წლის 10 ნოემბერი
ბიანკა შიგუროვა – 2016 წლის 4 თებრვალი
ზიზი შეყილაძე – 2016 წლის 22 ნოემბერი
ლიკა კონცელისე – 2018 წლის 19 ივლისი
ლიზა ქისტაური – 2023 წლის 6 იანვარი
ორი დღის წინ მიღებულმა ცენზურისა და სიძულვილის დამწესებელმა კანონმა მთავარ სამიზნედ ლგბტქ თემი, განსაკუთრებით კი ტრანს ადამიანები ამოიღო. ბიზნეს ელიტამ, რომელსაც რუსი ოლიგარქის წყალობით პარლამენტარები ეწოდებათ, აირჩიეს საზოგადოების გათიშვის გზა. ნაცვლად საერთო სიკეთეების შექმნისა და ზრუნვისა, ბოლო 12 წელი გარიყვისა და სიძულვილის დათესვას, ოჯახების დაუძლურებისა და გაღარიბების პოლიტიკას მიუძღვნეს.
კესარია აბრამიძის ტრაგიკული სიკვდილის შეტყობისას დანანებით არაერთი ადამიანის მიერ ამოთქმული “ვის რას უშავებდა?” გულისყურს ხვდება იმედად, რომ სასოწარკვეთისა და უიმედობის ამ მძიმე წუთებში ნუგეშად ურთიერთ თანაგანცდა დაგვრჩენია, რომელმაც გაგვაერთიანა საერთო ტკივილით და რომლითაც გადავლახავთ ამ სიძულვილს, რომელიც მალე სამარცხვინო გახდება.
საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები!
კესარია კი მუდამ გვემახსოვრება, საოცრად გამბედავი, ლამაზი და მაგალითის მიმცემი ქალი მრავალთათვის!
მშვიდად განისვენე კესარია!
P.S. ბოდიშს ვიხდით, რომ პირადი ტრაგედიის დროს პოლიტიკაზეც ვსაუბრობთ, თუმცა სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, რადგან დიდი ხანია, პირადი პოლიტიკურად გვიქციეს.