2023 წელი საკმაოდ მძიმე და პოლიტიკურად დატვირთული წელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. „რუსული კანონის” ინიცირებამ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებმა და ზოგადად, ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკის გააქტიურებამ ახალი კითხვები, წუხილები და წინააღმდეგობები გააჩინა საზოგადოებაში. აღნიშნული წელი, ასევე გამოირჩეოდა, იმპერიული დისკურსების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მცდელობებით. თუმცა, ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკის გაძლიერების ფონზე შეიკუმშა იმგვარი კრიტიკული სივრცეები, რომლებიც არსებული პოლიტიკის მრავალმხრივი, სისტემური და სტრუქტურული ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს. ქვიარ აკადემიის ახალი კურსის მიზანია, შექმნას მსჯელობის თავისუფალი სივრცე, საქართველოსა და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზისთვის.
წლევანდელი ქვიარ აკადემიის მთავარი თემაა – „იმპერიები და ქვიარ მოძრაობა”. აკადემიის განმავლობაში შევეცდებით ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
- როგორი პოლიტიკური დისკურსები და ძალაუფლებრივი ვერტიკალები იყრის თავს საქართველოს რეალობაში?
- როგორ ზეგავლენას ახდენენ აღნიშნული პოლიტიკები ქვიარ მოძრაობის დღის წესრიგზე?
- სად არის საქართველო პოსტკოლონიურ, დეკოლონიურ და პოსტსოციალიზმის დებატებს შორის?
- როგორ შეიძლება აღიქმებოდეს და ორიენტირდებოდეს ქვიარ მოძრაობა ამ დებატებს შორის?
იმისთვის, რომ ჩავუღრმავდეთ აღნიშნულ საკითხებს, „თანასწორობის მოძრაობა” გიწვევთ „ქვიარ აკადემიაში” მონაწილეობის მისაღებად. აკადემიის განმავლობაში ლექციების, პანელური დისკუსიების, ვორქშოპებისა და ფილმის ჩვენებების მეშვეობით შევეცდებით ვუპასუხოთ ზემოთ დასმულ კითხვებს.
გთხოვთ, იხილოთ „ქვიარ აკადემიის” სილაბუსი და დისკუსიებისა თუ ლექციების სია შემდეგ ბმულზე.
„ქვიარ აკადემიაში” მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ, შემდეგი ფორმა არაუგვიანეს 16 ოქტომბრისა.
პროექტის დაწყების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში.