ბდსმ – ფემინიზმის მტკივნეული თემა და მისი განმათავისუფლებელი პოტენციალი


ბდსმ, [1] კერძოდ კი სადომაზოხიზმი თანამედროვეობაში ნელ-ნელა გამოდის დღის შუქზე, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, პორნოგრაფიის და ამგვარი გამოცდილებების ეგზოტიზაციისა და ურბანულ სივრცეებში ბდსმ სუბკულტურების გაჩენას შეიძლება მივაწეროთ. აღნიშნულის თანადროულად, კვლავ არსებობს მიუღებლობის, დარცხვენისა და სტიგმატიზების ტენდენციები, როგორც უშუალოდ სადომაზოხისტურ პრაქტიკებთან, ასევე მათში ჩართულ ადამიანებთან მიმართებაში –  გარეშე თვალისთვის კვლავ გაუგებრად მოსჩანს, თუ როგორ შეიძლება ტკივილი, დამცირება, თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. არათუ ნაძალადევი და უსიამოვნო, არამედ პირიქით –  სიამოვნების  გამომწვევი იყოს.

ამ სტატიაში შევეცდები მიმოვიხილო სადომაზოხიზმის შესახებ არსებული ის დომინანტური დისკურსები, რომლებიც გლობალურ, თუ ლოკალურ დონეზე აქტუალურობას ჯერაც არ კარგავენ და რომელთაც ჩვენ ყოველდღიურობასა და კულტურაში  ფესვი კვლავ მყარად აქვთ გადგმული. ეს მიდგომები უმეტესად ცალსახად ნეგატიურად აღიქმება საზოგადოების ფართო წრეებში და ზოგ ფემინისტურ ჯგუფშიც კი. სტატიის ამოსავალი წერტილია დაშვება, რომ ბდსმ/სადომაზოხისტური პრაქტიკები, არა თუ ეწინააღმდეგებიან ფემინისტურ პოლიტიკას, არამედ შესაძლოა სექსუალური, სხეულებრივი გათავისუფლების უფრო ფართო შესაძლებლობებს იტევდნენ, გვეხმარებოდნენ სურვილის, სიამოვნებისა და ზოგადად, ადამიანური კავშირების შესახებ განსხვავებული წარმოსახვების განვითარებაში.

სადომაზოხიზმის სექსუალური ქცევის კატეგორიად  ჩამოყალიბება უკავშირდება გვიანდელ მე-19 საუკუნეს და სამედიცინო დარგის –  სექსოლოგიის გაჩენას.[2]  სამედიცინო დისკურსმა, ამ სფეროში მოღვაწე სექსოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების და ფსიქიატრების მიერ შექმნილმა ცოდნებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სადომაზოხიზმის პათოლოგიურ, მიუღებელ და არასწორ სექსუალურ ქცევად გაგების დამკვიდრებასა და შენარჩუნებაში.

სადიზმი წარმოადგენს სექსუალური სიამოვნების განცდას, რომელსაც ინდივიდი იღებს სხვა ადამიანის, ან თუნდაც ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობით და ტკივილის მიყენებით, რაც ამავდროულად შეიძლება მოიცავდეს სხვისი დამცირების, ტკენის, ზიანის მიყენების ან განადგურების თანდაყოლილ სურვილს საკუთარი თავისთვის სექსუალური სიამოვნების მინიჭების მიზნით.[3] მაზოხიზმი კი სადიზმის საპირისპიროდ  –  ტკივილის,  ტანჯვისა და დამცირების საკუთარ თავზე გამოცდის სურვილად განიმარტებოდა.

სადომაზოხიზმის გარდა ხშირად იყენებენ უფრო ფართო ცნებას, ბდსმ-ს, რომელიც დაცლილია იმ ისტორიული, უარყოფითი კონოტაციებისგან, რომელიც სადომაზოხიზმს უკავშირდებოდა. ის ასევე მოიცავს უფრო ფართო, მრავალფეროვან პრაქტიკებს. სადიზმისა და მაზოხიზმის კლასიკურ, სამედიცინო განმარტებებში ფოკუსი ტკივილზე და სწორედ ტკივილთან სუბიექტის მიმართებაზე იყო  დასმული, ტკივილში ნაპოვნი და განცდილი სიამოვნება კი პათოლოგიურად ითარგმნა მედიცინაში. ამისგან განსხვავებით, ბდსმ დამატებით შეიძლება მოიცავდეს აქტში ჩაქსოვილ დატყვევების, დამორჩილების, დომინაციის, დისციპლინირებისა და სხვა გამოცდილებებს, რომლებიც უფრო მეტად როლური თამაშების კატეგორიას მიეკუთვნება და ამოსავალ წერტილად სწორედ ძალაუფლებრივი თამაშები და თეატრალურობა ექცევა.

სადომაზოხიზმი, როგორც მარგინალური, დევიაციური სექსუალური ქცევა, პრობლემური მხოლოდ ფართო, ჰეტერონორმატიული საზოგადოებისთვის არ ყოფილა. ბდსმ წარსულშიც და დღესაც ახლო კავშირშია ქვიარ კულტურასთან, სექსუალურ გათავისუფლებასთან და სექს-ინდუსტრიასთან. 70-იან წლებში, დასავლეთში იგი ე.წ. სექს-ომების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. ეს ომები პორნოგრაფიის მოწინააღმდეგე და მომხრე ფემინისტებს შორის დებატებს გულიხსმობს. ანტიპორნოგრაფიული ფემინისტური მოძრაობის წევრების წინააღმდეგობა სადომაზოხისტურ სექსუალურ ქცევასთან ნაკლებად ღია და პირდაპირი იყო, თუმცა მათი კრიტიკა, რომელიც პორნოგრაფიას მიემართებოდა, თავის თავში მოიცავდა წინააღმდეგობას სადომაზოხიზმთანაც. მათი აზრით, სექსუალური ქცევის ნებისმიერი ვიზუალიზაცია, რომელიც „ძალადობრივია“, მოიცავს გამათრახებას, ცემას, დამცირებას და ა.შ. და რომლის ობიექტიც არის ქალი (მაშინაც კი თუ ეს მისი სურვილითა და თანხმობით ხდება) ირეკლავს და კიდევ უფრო ახალისებს პატრიარქალურ ძალადობას. მაგალითად, ამ დროის ანტიპორნოგრაფიული ჯგუფი, WAVPM[4]-ის  მოითხოვდა: „ბოლო მოეღოს სექსუალური ან ეროტიული სტიმულაციისთვის ქალის დაბმის, გაუპატიურების, წამების, დასახიჩრების, დამცირებისა და დეგრადირების ყველა ვიზუალურ გამოსახულებას“. ეს განცხადება პორნოგრაფიაში ასახულ სადომაზოხისტურ სცენებს მიემართებოდა და მათში ასახულ ყველა ქცევას პირდაპირ ძალადობრივ, თანხმობის გარეშე ჩადენილ აქტად თარგმნიდა.

 

ამ ჯგუფების პირდაპირი თუ ირიბი წინააღმდეგობა სადომაზოხიზმისადმი მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მის შესახებ მცდარი და ნეგატიური წარმოდგენების შექმნასა თუ გამყარებას, თუმცა სწორედ აღნიშნული განხეთქილების წიაღში შეიქმნა  ლესბოსელ ქალთა არაერთი სადომაზოხისტური ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო „Samois”. აღნიშნული ჯგუფის წევრები ხაზს უსვამდნენ, რომ სადომაზოხიზმი თანხმობასა და სურვილზე დაფუძნებული, გაზიარებული და უსაფრთხო ქცევების ერთობა იყო. მონაწილეებს შორის დგებოდა ერთგვარი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა აქტის უსაფრთხოებას და იმას, რომ არც ერთი ქმედება არ გასცდებოდა თანამონაწილეთა სურვილებს. ჯგუფის წევრები ანტიპორნოგრაფიული ფემინისტური ჯგუფების და მათ მიერ გავრცელების პოზიციების საპასუხოდ აცხადებდნენ:

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ სადომაზოხისტები არიან ჩაგრული სექსუალური უმცირესობა, ჩვენი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერასა და აღიარებას სხვა ჩაგრული ჯგუფებისა და სექსუალური უმცირესობებისაგან. ჩვენ გვჯერა, რომ სადომაზოხიზმი თანხმობაში მოდის ფემინიზმის პრინციპებთან. როგორც ფემინისტები, ჩვენ ვეწინააღმდეგებით გენდერით განპირობებულ ყველა სოციალურ იერარქიას. როგორც რადიკალი პერვერტები კი   ვეწინააღმდეგებით ყველა სოციალურ იერარქიას, რომელიც სექსუალური პრიორიტეტებიდან ამოდის.[5]

Samois-მა და იმავე პერიოდის სექს-პოზიტიურმა ჯგუფებმა შეძლეს ეჭვქვეშ დაეყენებინათ მყარად ფესვგადგმული  ანტი-პორნოგრაფიული/ანტი-სადომაზოხისტური პოზიციები და გახსნეს სივრცე ფემინიზმის ჭრილში სექსუალობის ფართო, კრიტიკული გადააზრებისთვის. რაც დღემდე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არა თუ სადომაზოხიზმის მსგავსი, ტრანსგრესიული პრაქტიკები, არამედ, ზოგადად სექსუალობა და მისი მომიჯნავე თემები კვლავ რთულად ხდება ყოველდღიური განხილვის საგანი. ქვიარ წრეები  არსებულ ნორმატიულ წესრიგთან მიმართებაში თავად წარმოადგენენ გენდერული თუ სექსუალური ნიშნით მარგინალურ ჯგუფებს. მათთვის უცხო არ არის ქცევის ნორმატიული კატეგორიებით შექმნილი საზღვრების მოშლის, გადალახვისა, თუ გაბუნდოვნების გამოცდილებები.  ქვიარ ადამიანებისთვისაც კი შფოთვის საგანი ხდება ღია და გახსნილი საუბარი იმ ტიპის სექსუალურ სურვილებსა და ფანტაზიებზე, რომლებიც სექსის თითქოს დაუკანონებელ და არ აღიარებულ ფორმებს მიეკუთვნებიან. თანამედროვე სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ სექსუალობა დახურულიდან თითქოს ღია საკითხად იქცა, მისი ნორმატიული სახე კვლავ ინარჩუნებს თავის ძალაუფლებრივ გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე, სურვილებსა და წარმოსახვებზე.

ადამიანებისთვის ხშირ შემთხვევაში  საკუთარი სურვილები და ლტოლვები კვლავ  აუხსნელი და შემაძრწუნებელიც კია. ამ სურვილების განხორციელების მცდელობებს უკან სწევენ და უარს ამბობენ, იმ წინასწარი დაშვებით, რომ ის რაც თავადვე ვერ გამოურკვევიათ, სხვა ადამიანისთვის კიდევ უფრო რთულად გასაგები ან მისაღები შეიძლება იყოს.  მიუღებლობის, შიშის და ძრწოლის განცდები განსაკუთრებით მატულობს მაშინ, როდესაც იმგვარ სურვილებს ვეხებით, რომლებიც ამოვარდნილია სექსუალური სურვილების ნორმატიული გაგებიდან და არ ხასიათდება სწორხაზოვნებით, სცდება სიამოვნების ან კმაყოფილების არსებულ გაგებებს. როგორ შეიძლება სიამოვნებას განიჭებდეს ქმედება, რომელიც შენ ფიზიკურ ტკივილს, დამცირებას, სახეში შეფურთხებას ან დეჰუმანიზებას გულისხმობს?

ბდსმ-თან დაკავშირებული ნეგატიური პოზიციები  სწორედ ამგვარ კითხვებსა და შფოთვებს უყრიან საფუძველს. ბდსმ-ს აკრიტიკებენ როგორც ძალაუფლებრივი კავშირების ასახვასა და კვლავწარმოებას.  ეს კრიტიკა მხედველობის მიღმა ტოვებს იმ განცდებს და მიზეზებს, რაც ამგვარი სექსუალური ქცევის მქონე ადამიანებს გააჩნიათ, უგულებელყოფს იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ეს კავშირები რეალური ძალადობისგან და ძალაუფლებრივი გადანაწილებისგან განსხვავებით, ნებაყოფლობითი, ბევრად მოქნილი, ცვალებადი და შემოქმედებითია. მაგ. არსებობს ე.წ. კოდური სიტყვები რომლებიც გამოიყენება მაშინ, როდესაც რომელიმე პარტნიორს აღარ სურს გაგრძელება და რომელსაც პატივი უნდა სცეს სხვამ ან სხვებმა. თანამედროვე ბდსმ სუბკულტურებში ასევე გავრცელებული და დამკვიდრებული After Care პრაქტიკები, რაც გულისხმობს ზრუნვას იმ ფიზიკურ ზიანზე, რომელიც აქტის დროს შეიძლება მიადგეს პარტნიორს. საუბარია იმ ტიპის ზიანზე, რომელიც ნდობას და თანხმობას ემყარება. პარტნიორებს შორის ნდობის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომელიც ზრდის დაცულობის განცდას და საკუთარი სურვილების განხორციელების, მათგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობას.

სადომაზოხიზმის ძალადობასთან დაკავშირების, ან უარეს შემთხვევებში გაიგივების გარდა, მისი მოწინააღმდეგე ფემინისტური ჯგუფები ხშირად აქცენტს აკეთებდნენ მასში გადმოტანილი და აღბეჭდილი მამაკაცური დომინაციის ელემენტზე – თითქოსდა სადომაზოხისტური სექსუალური სურვილები ავტომატურად გულისხმობდა როლებისა და სიამოვნების იმგვარ გადანაწილებას, რომლისგანაც მხოლოდ კაცი იღებდა სარგებელს, ქალი კი უბრალოდ კაცის სურვილს დამორჩილებული, მას მიყოლილი ობიექტი იყო, თითქოს ქალი თავად ვერანაირ სურვილს ვერ განიცდიდა ამგვარი ურთიერთობით, ან მხოლოდ იმ სურვილს, რომელიც პარტნიორის ინტერესებით იყო განპირობებული.

ეს აზრი, ერთი შეხედვით თითქოს ქალების ინტერესებს იცავს, მაგრამ თავისივე წინასწარი დაშვებებით აცლის ქალს აგენტობას და აქცევს გარკვეულ საზღვრებში. იმავე ლოგიკით, რომელიც ისევე შეიძლება ზღუდავდეს მის სურვილსა და სხეულს, როგორც პატრიარქალური სისტემა.

ბდსმ-ისთვის დამახასიათებელი როლური თამაშები და ამ თამაშებში ასახული სცენარები ფუნდამენტს აცლის იმ ძალაუფლებრივ იერარქიებს, რომელშიც ვარსებობთ და რომელიც ხშირ შემთხვევაში შეურყევლად გვეჩვენება. ქალი, რომელიც საკუთარი სურვილით თანხმდება სხვის, თუნდაც კაცის საკუთრებად თავის გამოცხადებას, აქტის დროს საკუთარ სურვილებს კი არ სწევს უკან და სიამოვნებაზე კი არ ამბობს უარს, არამედ სიამოვნებას სწორედ სხვისი სურვილების აღსრულებით იღებს. აღნიშნული კი შეიძლება საერთოდაც არ გულისხმობს აუცილებელ კავშირს იმ პოზიციასთან, რომელიც ქალს არსებულ იერარქიულ სისტემაში გააჩნია, რამდენადაც  დაქვემდებარებულ პოზიციაში კაციც იგივენაირად შეიძლება აღმოჩნდეს, მასაც იგივენაირად შეიძლება ანიჭებდეს სიამოვნებას პარტნიორი ქალის ბრძანებების შესრულება, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, მის ფეხქვეშ გაგება, ისიც ანალოგიურად იღებდეს სიამოვნებას არა დომინაციით, არამედ სხვისი მორჩილებით და მსახურებით.

“სადომაზოხისტური სცენარები ხშირად შეუძლებელი სიამოვნებისა და სურვილის განხორციელების შესაძლებლობად იქცევა, ასევე შესაძლებლობად, რომ  დაუსხლტე საკუთარ თავს, გახდე სრულიად სხვა ან სიამოვნება უბრალოდ იმის დავიწყებისგან მიიღო, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხარ – გადასინჯო, გააფართოვო ის პიროვნული თუ ანატომიური საზღვრები, რომლებიც გაგაჩნია და რომლებიც ისე გაჩვენებენ თავს, თითქოს მათ ვერსად წაუხვალ.”

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბდსმ-ის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები სტერეოტიპებისა და დომინანტური დისკურსების საბურველშია გახვეული და არ აღიარებს იმ განმათავისუფლებელ პოტენციალს, რაც ამ პრაქტიკებს გააჩნიათ, ან შეიძლება გააჩნდეთ.  ყველა გვიბიძგებს სადომაზოხიზმი დავინახოთ, როგორც რაღაც დევიაციური, არანორმალური სექსუალური ქცევა, ან როგორც არსებული უთანასწორობების ანარეკლი. ის კი შეიძლება იყოს ნაპრალი რეალობაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელობები თუნდაც დროებით შევცვალოთ და ამოვატრიალოთ.

 

ბიბლიოგრაფია:

Bauer, Robin. 2014. “Introduction.” In Queer BDSM Intimacies: Critical Consent and Pushing Boundaries, by Robin Bauer, 1-14. PALGRAVE MACMILLAN.

Kao, Ying-Chao. 2013. “The Rise of BDSM (Sub)culture and Its (Dis)contents: A Literature Review.” Sexuality Research in China 160–80.

Rubin, Gayle S. 2006. “Thinking Sex: Notes for a Radical Theory of the.” In Culture, Society and Sexuality, 143-177. London: Routlage.

Rubin, Gayle. n.d. “Samois.”

[1] ბდსმ (ინგ.  BDSM – Bondage, Discipline, Sadism, Masochism)  ქართულად ითარგმნება როგორც „დომინირება, მორჩილება, სადიზმი, მაზოხიზმი“ ; ის,  როგორც ქოლგა ტერმინი, აერთიანებს ისეთ ეროტიულ პრაქტიკებს, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლებრივ და როლურ თამაშებთან, ფიზიკურ და/ან ვერბალურ დამცირებასთან და ა.შ. ბდსმ ხშირად გამოიყენება სადომაზოხიზმის სინონიმად, ან ჩამნაცვლებლად, თუმცა უფრო ფართო ცნებაა.

[2] გერმანელი ფსიქიატრის, რიჩარდ ვონ კრაფტ-ებინგის წიგნი Psychopatia Sexualis, რომელიც 1880 წელს გამოიცა,  ამ მხრივ ცენტრალურ მოვლენად ითვლება, რამდენადაც სწორედ ამ ნაშრომში შემოაქვს ავტორს სადიზმისა და მაზოხიზმის ცნებება და ახდენს მათ კატეგორიზებას.

[3] Kao, 2013.

[4] WAVPM – Women against Violence in Pornography and Media (ქალები პორნოგრაფიული და მედია ძალადობის წინააღმდეგ) – 1976 წელს შექმნილი, ერთ-ერთი პირველი ფემინისტური, ანტიპორნოგრაფიული ჯგუფი.

[5] Rubin, 2006.

 


პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “თანასწორობის მოძრაობას” და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს“.