რა არის იდენტობის ქურდობა და როგორ დავიცვათ მისგან თავი


ლგბტქ ადამიანები ხშირად ვიყენებთ სოციალურ ქსელებსა და გაცნობის აპლიკაციებს (Grindr, Hornet, Tinder, Planet Romeo და სხვა.), სადაც შესაძლოა ხშირად შევხვდეთ იდენტობის ქურდებს, მათ ვინც კიბერ სივრცეში სხვა ადამიანის ვინაობას იტაცებენ და თავს სხვად ასაღებენ.

ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული ჰომო, ბი, ტრანსფობიიდან გამომდინარე მოპოვებული პირადი ინფორმაცია კი შესაძლოა მუქარისა და შანტაჟის საფუძველი გახდეს. ამიტომ შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ იდენტობის ქურდები და როგორ გავუმკლავდეთ მათ. 

იდენტობის ქურდებს სხვადასხვა მოტივი ამოძრავებთ. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაცია Grindr-ში იდენტობის ქურდობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამავე აპლიკაციაში ძირითადად ორი სახის იდენტობის ქურდები გვხვდებიან:

  • ისინი, ვინც იტაცებენ სხვის ვინაობას, რათა დაამყარონ კომუნიკაცია ფიზიკურ სივრცეში მოტყუებით შეხვედრის მიზნით;
  • ისინი, ვინც სხვისი ფოტოების გამოყენებით ცდილობენ მოიპოვონ მათთან ინტერაქციაში შესული პიროვნების პირადი მონაცემები. (ფოტო, მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა). არც თუ იშვიათად, იდენტობის ქურდები მოპოვებული ინფორმაციის სანაცვლოდ, მსხვერპლს ფულს სძალავენ. აშანტაჟებენ სექსუალური  ორიენტაციის გასაჯაროებით და სხვა.

როგორ ამოვიცნოთ იდენტობის ქურდი?

ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან, ზოგიერთი დამახასიათებელია მათთვის:

  • წყლის ნიშანი ფოტოზე;
  • ცუდი ხარისხის ფოტოები, არასრულად მოჭრილი კუთხეებით არის კვალი იმისა, რომ სხვა მომხმარებლის ფოტოს ეკრაის ფოტო გადაუღეს (დაასქრინშოთეს). 
  • ცუდი გარჩევადობის ფოტოები (ობიექტის დიდი მანძილით დაშორება, სახის დაფარვა, ფილტრი, რომელიც შეუძლებელს ხდის პიროვნების გარჩევას);
  • პიროვნება, ვის ფოტოსაც გიგზავნიან, შესაძლოა თქვენი ნაცნობი იყოს, თუმცა მის მიერ ნათქვამი სახელი ან სხვა დეტალი არ ემთხვეოდეს;
  • განმავალი  ფოტოების (expiring photos) გამოგზავნა, რისი ერთჯერადად  ნახვის შემდეგაც თქვენ ფოტოს ნახვას ხელმეორედ ვეღარ შეძლებთ;
  • თითოეულ ფოტოზე შესაძლოა სხვადასხვა ადამიანი იყოს გამოსახული;
  • გაურკვეველი, ორაზროვანი დეტალები საკუთარ თავზე;
  • შეხვედრის დათქმა ისეთ დროსა და ადგილას, როცა/სადაც პიროვნების გარჩევა რთულია;
  • შეხვედრაზე უარის თქმა და ბლოკირება.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

სცადე, გამოიყენო ზოგიერთი ტექნიკა იდენტობის ქურდების თავიდან ასაცილებლად:

  • სთხოვე გასაუბრება ვიდეო ზარით;
  • სთხოვე გამოგზავნოს მეტი ფოტო;
  • გამოიყენე Google ან Yandex ფოტოს ძებნის ფუნქცია (ხშირად, იდენტობის ქურდები ინსტაგრამიდან ან სხვა პლატფორმიდან იპარავენ ცნობილი ბლოგერების ფოტოებს); 
  • გაცვალეთ სოციალური ქსელები და იქ გააგრძელეთ საუბარი;
  • პირდაპირ უთხარით, რომ ეჭვი გეპარებათ პროფილის სანდოობაში და დააკვირდით რეაქციებს;
  • არ გაუზიაროთ ზედმეტად პერსონალური ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.) საეჭვო მომხმარებლებს. 

 თუ ვინმე თქვენს იდენტობას იპარავს:

  • დაარეპორტეთ პროფილი;
  • გადაიღეთ ეკრანის ფოტო (სქრინშოთი)  და შეინახეთ როგორც მტკიცებულება;
  • დაამყარეთ მასთან კომუნიკაცია და სთხოვეთ, შეწყვიტოს თქვენი ფოტოების გამოყენება;
  • მიმართეთ პოლიციას.

უმჯობესია თუ ყოველგვარი დამატებითი კონტაქტის  გარეშე გავწყვეტთ კომუნიკაციას იდენტობის ქურდთან.

თუკი თქვენს მიერ გაგზავნილი ფოტოებით ხართ ვინმეს მხრიდან შანტაჟის და მუქარის ობიექტი, მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლოსთან ან სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის დროს კი გქონდეთ “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების დახმარების იმედი!