კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ინფორმაცია აივ-დადებითი პირებისთვის


რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის ვაქცინა ?

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება პირველ რიგში დასტურდება ამა თუ იმ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდებით. კლინიკური ცდების შემდგომ, ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას (კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით) ასევე ადასტურებენ მარეგულირებელი ორგანოები. მაგალითად WHO, CDC, FDA, EMA და სხვა.

რამდენად უსაფრთხოა კოვიდ ვაქცინა აივ-დადებითი პირებისთვის?

 კოვიდ-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის. მათ შორის, აივ-დადებითი პირებისთვის.

ამ დროისთვის არ არსებობს   მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აივ-დადებითი ადამიანები კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენებისას შემდგომი გართულებების მომატებულ რისკ ჯგუფს წარმიადგენენ.

ვაქცინის გამოცდისას კვლევებში არაერთი აივ-დადებითი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი არ იმყოფებოდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. ნაწილს კი ანტირეტროვირუსული პრეპარატების მეშვეობით მიღწეული ჰქონდა არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვისთვის.

უნდა ჩაიტარონ თუ არა ვაქცინაცია აივ-დადებითმა პირებმა?

აივ-დადებითი პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა ისეთივე სასურველია, როგორც აივ-უარყოფითი ადამიანისთვის. ვაქცინაციის მეშვეობით, თქვენ შეამცირებთ COVID-19-ით ინფიცირების რისკებს. თუმცა ვაქცინაციის შემდგომაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალურად დაცვა (სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, ხელების რეგულარული დაბანა).

 

Pfizer, Moderna, Oxford/AstraZeneca უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კვლევებში სულ 532 აივ-დადებითი პირი იღებდა მონაწილეობას. საბოლოო შედეგები ცხადყოფს, რომ ზემოაღნიშნული სამი ვაქცინით აცრის შემდგომ, აივ-დადებითი ადამიანები გამოიმუშავებენ ძლიერ იმუნურ პასუხს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდგომ არ გამოვლენილა განსხვავებული ან გამწვავებული გვერდითი ეფექტები. მაშასადამე, ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა აივ-დადებითი პირებისთვის. 

ინფორმაცია მომზადდა UNAIDS-ის  ბუკლეტზე დაყრდნობით. სტატიის გამოქვეყნებამდე გადახედილ იქნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აივ ინფექციის ბრიტანული ასოციაციიის (BHIVA)  ვებ-გვერდებზე ბოლოს გამოქვეყნებული რეკომენდაციები.

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ: