მხოლოდ კულტურული | ჯუდით ბატლერი


“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ ჯუდით ბატლერის ტექსტს “მხოლოდ კულტურული”. მთარგმნელი აია ბერაია.

შესავალი

“მე გთავაზობთ, განვიხილოთ ორი განსხვავებული მოსაზრება, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია და იმ განწყობის კულმინაციას წარმოადგენს, რომელიც უკვე რაღაც ხანია იქმნება. ერთი მათგანი ეხება მკაფიოდ მარქსისტულ პროტესტს მარქსისტული მეცნიერებისა და აქტივიზმის კულტურის შესწავლამდე დაყვანის მიმართ, რაც ზოგჯერ მარქსიზმის კულტურის კვლევებამდე დამცრობად აღიქმება; მეორე ეხება იმ ტენდენციას, რომელიც ახალ სოციალურ მოძრაობებს კულტურის სფეროს მიაკუთვნებს; მეტიც, უგულებელყოფს მათ, როგორც „უბრალოდ“ კულტურული საკითხებით დაკავებულებს, ხოლო ამ კულტურულ პოლიტიკას განიხილავს როგორც ჯგუფს ჯგუფის შიგნით, იდენტიტარიანულად და პარტიკულარისტულად. იმედია, მომიტევებთ, ამ შეხედულებათა ავტორებს თუ არ დავასახელებ. მოცემული ესსეს აქტიური კულტურული პრეზუმპციაა, რომ ჩვენ გამოვთქვამთ და გვესმის კიდეც ამგვარი შეხედულებები, რომ ისინი შეადგენს ნაწილს იმ დებატებისა, რომელიც პროგრესულ ინტელექტუალურ წრეებში ინტელექტუალურ ლანდშაფტს ქმნის. ასევე ვვარაუდობ, რომ ამგვარ შეხედულებებთან ინდივიდების დაკავშირება შეიცავს რისკს, ყურადღება დაეთმოს არა შეხედულებების მნიშვნელობას და შედეგებს, არამედ დაწვრილმანებულ პოლიტიკას იმაზე, თუ ვინ რა თქვა და ვინ რა უპასუხა – ანუ კულტურული პოლიტიკის იმ ფორმას, რომელსაც ამჯერად მინდა შევეწინააღმდეგო.

გასული წლის განმავლობაში ამ კამათმა სხვადასხვა ფორმა მიიღო, მათ შორის ისეთიც, რომ მემარცხენეობის კულტურული ფოკუსი აღარ არის მიმართული მარქსიზმის მატერიალისტური პროექტისკენ და ვერ ახერხებს, უპასუხოს ეკონომიკური სამართლიანობისა და განაწილების პრობლემას. ასევე, ვერ ახერხებს კულტურის წარმოების სოციალური და ეკონომიკური წესების სისტემური გაგების ტერმინებით გააზრებას; მეორე არგუმენტი ის იყო, რომ მემარცხენე პოლიტიკის კულტურულმა ფოკუსმა მემარცხენეობა იდენტიტარიანულ სექტებად დაყო. შესაბამისად, ჩვენ დავკარგეთ საერთო იდეალები და მიზნები, საერთო ისტორიის შეგრძნება, საერთო ღირებულებები, ენა, თვით ამოცანა და რაციონალურობის უნივერსალური წესიც. კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, მემარცხენე პოლიტიკის კულტურული ფოკუსი შეადგენს პოლიტიკის ეგოცენტრულ და ტრივიალურ ფორმას, რომელიც ხანმოკლე მოვლენებზე, პრაქტიკებსა და ობიექტებზე ფოკუსირდება, ნაცვლად იმისა რომ სოციალური და ეკონომიკური პირობების სისტემური შეკავშირებულობის უფრო ღრმა, სერიოზული და ამომწურავი ხედვა შემოგვთავაზოს.

აშკარაა, ამ არგუმენტებიდან ზოგიერთი მეტ-ნაკლებად გულისხმობს, რომ მარქსიზმი პოსტსტრუქტურალიზმმა დაბლოკა და სოციალური ცხოვრების სისტემური გადმოცემის ან რაციონალობის ნორმების – იქნება ეს ობიექტური, უნივერსალური თუ ორივე –  მტკიცების ნებისმიერ შესაძლებლობას სერიოზულად აფერხებს იგივე პოსტსტრუქტურალიზმი, რომელიც კულტურული პოლიტიკის სფეროშია გადასული და განხილულია როგორც დესტრუქციული, რელატივისტური და პოლიტიკურად შემაფერხებელი ძალა.”

დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, გადადით ბმულზე “მხოლოდ კულტურული”.