“თანასწორობის მოძრაობის” გამოხმაურება მამუკა ხაზარაძის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით


“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის დისკრიმინაციულ, ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დისკრიმინაციული შინაარსისაა და ლგბტ+ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ემსახურება. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ერთერთ ყველაზე დაუცველ და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ, რასაც საზოგადოების ნაწილში არსებული ჰომო- და ტრანს*ფობიური დამოკიდებულებები განაპირობებს. ლგბტ+ პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს სამართალდამცავი უწყებების მიერ დისკრიმინაციის/ძალადობის ფაქტებზე დაგვიანებული, არაეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, ამ დრომდე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სათანადო ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომლებიც გააუმჯობესებდა თემის უფლებრივ მდგომარეობას. არსებული გამოწვევების ფონზე ლგბტ+ ადამიანები ვერ ახერხებენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით, მათ შორის, ჯანდაცვის, შრომის, განათლების უფლებებით, დაუბრკოლებლად სარგებლობას.

წლების განმავლობაში აშკარაა პოლიტიკური პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ლგბტ+ ადამიანების პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებისკენ გამოყენების ტენდენცია. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ლგბტ+ ადამიანების, არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისა თუ ეთნიკური უმცირესობების მისამართით პოპულისტური და დისკრიმინაციული რიტორიკა განსაკუთრებით აქტუალურია წინასაარჩევნო პერიოდში,რაც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების ნაწილში არსებულ ჰომო- და ტრანს*ფობიურ განწყობებს.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, შეწყვიტონ ლგბტ+ თემისა და სხვა ჯგუფების უფლებებით მანიპულირება, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებისგან და იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

6 ივნისს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას “უმცირესობებისთვის ქორწინების დაკანონებასა და შვილად აყვანის საკითხზე” ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ხაზარაძემ განაცხადა: “კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება და ვიღაცის უფლებები იღრვევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, კანონი დარეგულირებულია. უფლებები ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც, კონსტიტუციაში ლამაზად წერია, კარგად წერია, ამას უნდა გავყვეთ. ამას, მე მგონი, მეტი აფიშირება არ სჭირდება. რაც თქვენ თქვით, წინააღმდეგი ვარ – ქორწინებების. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ”.