სექსუალური ძალადობა | ანა ჭეიშვილი “ეგალიტესთვის”


ავტორი: ანა ჭეიშვილი

სექსუალურ ძალადობაზე საუბარი ალბათ სექსუალური ძალადობის განმარტებით უნდა დავიწყოთ.

თავისთავად ძალადობა ქცევის ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებული ერთი ადამიანის მცდელობით, მეორე ადამიანი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მანიპულაციის ან ნებისმიერი სხვა გზით რაიმე უწყინარ ქმედებაზე დაიყოლიოს, დამთავრებული მისი უკიდურესი ფორმებით: ფიზიკური თავდასხმით, თავისუფლების შეზღუდვით და ა.შ.

სექსის ცნება კიდევ უფრო ფართო სპექტრზეა განფენილი: პატრიარქალურ[1] სამყაროში ყველაზე გავრცელებული ტექსტები სექსუალობაზე ხშირად ჰეტეროცენტრისტული[2]  და ფალოცენტრულია[3]. ეს იმას ნიშნავს, რომ სექსად უმეტესად ჰეტეროსექსუალური აქტივობები მოიაზრება, რომლებშიც პენისი მონაწილეობს. სხვა სექსუალური აქტივობები, მაგალითად ორალური სექსი, პრელუდიის ცნების ქვეშ ხვდება ხოლმე (ზუსტად ამიტომ სექსი ქალებს შორის ხშირად ამ ტექსტების მიღმა რჩება).

ალბათ, მანამ სექსუალურ ძალადობაზე საუბარს დავიწყებდეთ, უნდა დავსვათ კითხვა, საერთოდ, რას მოვიაზრებთ სექსში ან სექსუალურ ურთიერთობაში? გადავხედოთ ჩვენს სექსუალურ ბიოგრაფიას, ზუსტად  რა მომენტიდან მივიჩნევთ, რომ ის, რაც ჩვენს და მეორე ადამიანს შორის იყო, სექსია? საერთოდ მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ ქცევის სექსად ან პრელუდიად დახარისხება? რისთვის გვჭირდება მსგავსი მყარი ცნებები?

ის, რომ სექსუალური ძალადობის განმარტებები და ამ განმარტებებს უკან ნაგულისხმები შინაარსები ენებს და  სოციოლექტებს[4], კანონმდებლობებს და ინსტრუქციებს შორის საგრძნობლად განსხვავდება, ალბათ სექსის ცნების და სექსუალობის ფლუიდურობის[5] ბრალიც არის.  სექსუალური ძალადობა სპექტრია, რომელზეც, ალბათ, თუ ძალიან შევეცდებით, შევძლებთ, გამოცდილებები სიმსუბუქის და სიმძიმის მიხედვით დავახარისხოთ.  რა თქმა უნდა, არსებობს ამ გამოცდილებების ძალიან ცხადი და ერთმნიშვნელოვანი „სიმძიმის“ და „სიმსუბუქის“ იერარქიები. მეორე მხრივ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამა თუ იმ გამოცდილების „სიმსუბუქე“ თუ
„სიმძიმე“ ზოგჯერ სუბიექტურ შეფასებაზეც, შეგრძნებაზეც არის დამოკიდებული. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ობიექტურად „მსუბუქ ძალადობად“ კლასიფიცირებულმა გამოცდილებამ ერთ ადამიანზე უფრო მძიმე ფსიქიკური გავლენა იქონიოს, ვიდრე მეორეზე „მძიმედ“ კლასიფიცირებულმა გამოცდილებამ იქონია. თავის მხრივ ამა თუ იმ გამოცდილებისგან მიღებული ფსიქიკური ზიანის სუბიექტური შეფასება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მაგალითად, მსხვერპლის ემოციურ რესურსებზე, წინა გამოცდილებებზე, ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ ფაქტორების სია უსასრულოა. ამიტომ, დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, ტექსტის დასაწყისშივე განვმარტავ, რომ აქ ტერმინი სექსუალური ძალადობას გამოვიყენებ ნებისმიერი სექსუალური თუ სექსუალიზებული ძალადობის აღსანიშნავად,  რაც მოიცავს, როგორც გაუპატიურებას, ისე სექსუალური შევიწროების სხვა ფორმებს, მაგალითად, catcalling-ს[6]

იმისთვის, რომ საკუთარი თავს და ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს სექსუალური ძალადობა თავიდან ავაცილოთ, ან სისტემური და განმეორებადი სექსუალური ძალადობისგან თავის დახსნის შანსი მოგვეცეს, ასევე იმისთვის, რომ როდისმე ჩვენ თვითონ არ ვიძალადოთ სექსუალურად მეორე ადამიანზე, ისე, რომ ეს თვითონაც ვერ გავიაზროთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ საერთოდ რა მოიაზრება სექსუალურ ძალადობაში.

Rape culture არის სოციოლოგიური კონცეპტი, რომელიც გამოიყენება საზოგადოების აღსაწერად, რომელშიც სექსუალური ძალადობა ნორმალურად მიიჩნევა ანუ ნორმალიზებულია. ამ ნორმალიზების იარაღად უმეტესად გამოიყენება წარმოდგენები  გენდერზე, სექსზე და სექსუალობაზე. მსგავსი წარმოდგენები მოიცავს მაგალითად მსხვერპლის, (თითქმის ყოველთვის ქალის), დადანაშაულებას ძალადობის შემთხვევაში („მან თვითონ გამოიწვია მოძალადე“), ქალის დამუნათებას ბევრი სექსუალური პარტნიორის ყოლის გამო (slut-shaming) და მოძალადის ამით გამართლებას.  Rape culture პატრიარქალურ სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ჩვენ ყველას, გვინდა თუ არ გვინდა, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად ამ კულტურის კვალი გვამჩნევია. 

ფართოდ გავრცელებული ჰეტეროცენტრისტული ტექსტები დიდ გავლენას ახდენს სექსუალური ძალადობის შესახებ დომინანტური სტერეოტიპის, სახე-ხატის ჩამოყალიბებაზე. ხშირად, როდესაც სექსუალურ ძალადობაზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ მსხვერპლ ქალს, რომელიც არ იცნობდა მოძალადე კაცს, მოძალადე იყენებს  ფიზიკურ ძალას ვაგინალური პენეტრაციის, ანუ შეღწევადი სექსის, მისაღწევად. რა თქმა უნდა, მსგავსი სცენარიც ხშირად თამაშდება. სტატისტიკურად, მოძალადეები ძირითადად კაცები არიან და დაზარალებულები ქალები.  თუმცა, ეს სტერეოტიპი ხშირად ხელს გვიშლის შევამჩნიოთ, აღვიქვათ, გავიაზროთ და შევაჩეროთ სექსუალური ძალადობის უფრო უხილავი ფორმები ან სექსუალური ძალადობა, რომელიც „არატიპიურ“ კონტექსტში, მაგალითად, ქვიარ[7] წყვილებში იჩენს თავს. ეს შედარებით უჩინარი, უფრო მოულოდნელი ფორმით ან მოულოდნელ ადგილას აღმოცენებული ძალადობის მსხვერპლებს კიდევ უფრო მოწყვლადებად აქცევს. შესაძლოა, მათ მეტი დრო სჭირდებოდეთ იმისთვის, რომ საერთოდ გაიაზრონ, რომ ძალადობა განიცადეს. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს,  რომ სექსუალურ ძალადობას მრავალი სახე აქვს.
სექსუალური შეიძლება მოხდეს ყველგან: სახლში, ქუჩაში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ბარებში, კლუბებში, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში და მშვიდობიან გარემოში, ფინანსურ სიდუხჭირეში და მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში, ინტელექტუალურ, მემარცხენე და ქვიარ წრეებში, ღამე, დღისით, ოჯახში, მეგობრებთან, უცხოებთან, პარტნიორობაში და ა.შ.  არსებობს ფაქტორები, რომლებიც ძალადობის შანსს ზრდის, თუმცა ამ ფაქტორებისთვის ხაზგასმა, ისევ ამ „უხილავი“ ფორმების მიჩქმალვას უწყობს ხელს, ამიტომ აქ ამისგან თავს შევიკავებ

სექსუალურ ძალადობას ბევრი სხვადასხვა ფორმა აქვს. მაგალითად, ადამიანის იძულება, გაუგზავნოს მეორე ადამიანს შიშველი ფოტოები, ჩაებას მასთან სექსუალური სახის მიმოწერაში, ხელით ან სხეულის სხვა ნაწილებით შეეხოს მის სასქესო ორგანოს, უყუროს მის მასტურბაციას, მასტურბირებდეს მის წინაშე, უყუროს პორნოგრაფიულ ვიდეოებს. სია უსასრულოა.

ძირითად შემთხვევებში მოძალადე და მსხვერპლი იცნობენ ერთმანეთს. ამიტომ მოძალადეს ყოველთვის არ სჭირდება ფიზიკური ძალის გამოყენება. ხშირად მუქარა, შანტაჟი, დაშინება, ან უბრალოდ ემოციური მანიპულაციაც (მაგალითად, ცუდ ხასიათზე ყოფნა, როდესაც პარტნიორმა სექსზე უარი თქვა) საკმარისია, იმისთვის რომ მეორე ადამიანი მისთვის არასასურველ სექსუალურ კონტაქტზე დავიყოლიოთ. ზოგჯერ მსხვერპლი რაიმე ფორმით დამოკიდებულია მოძალადეზე, მაგალითად მასთან არის დასაქმებული,  სისხლით ენათესავება მას ან სულაც მასთან დაქორწინებულია/მისი პარტნიორია.  

სექსუალური ძალადობა განსაკუთრებით ხშირად ხდება პარტნიორებს შორის, ან მაშინ, როდესაც მსხვერპლს და მოძალადეს ძალადობამდე უკვე ჰქონდათ რაიმე სახის სექსუალური კონტაქტი. Rape culture-ში სოციალიზებულ ადამიანებს, (განსაკუთრებით ადამიანებს მასკულინური სოციალიზაციით-ანუ უმეტესად კაცებს), ხშირად საკუთარ უფლებად მიაჩნიათ განმეორებით მოითხოვონ სექსი შემთხვევითი პარტნიორისგან ან რეგულარული სექსი სტაბილური პარტნიორის მოვალეობად მიიჩნიონ. სამწუხაროდ, პარტნიორობაში განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფორმების სიაც ძალიან გრძელია, იმისთვის, რომ მისი ამ ტექსტში სრულად განხილვა შესაძლებელი იყოს. 

სექსი და ზოგადად სექსუალური გადაკვეთა მეორე ადამიანთან ხშირად ძალიან ინტიმურ კონტაქტს გულისხმობს, რაც თავისთავად შლის გარკვეულ საზღვრებს ადამიანებს და მათ სხეულებს შორის. rape culture-ში სოციალიზაციის პირობებში, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეთი ძლიერი ინტიმურობის დროს ადამიანები უნებლიედაც ვაზიანებთ ერთმანეთის საზღვრებს. თუ ჩვენს სექსუალურ ბიოგრაფიას გადავხედავთ, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ ოდესღაც ჩვენც ვერ გაგვიგია ან ვერ შეგვიმჩნევია, ან არ გვინდოდა, შეგვემჩნია, რომ ჩვენს პარტნიორს სექსის გაგრძელება აღარ უნდოდა, იმ მომენტში კონკრეტული სექსუალური აქტივობაში ჩაბმაზე სრულიად თანახმა არ იყო და ა.შ. შეიძლება ისიც კი აღმოვაჩინოთ, რომ მსგავსი სიტუაცია სისტემატურად მეორდებოდა.

სექსუალური ძალადობის ფსიქიკურ შედეგებთან გამკლავება ბევრ რესურსს და დიდ ემოციურ სამუშაოს მოითხოვს. ზოგჯერ ახლობელი ადამიანებისგან მიღებულ მხარდაჭერასთან ერთად პროფესიონალი ფსიქოლოგის/ფსიქოთერაპევტის დახმარებაც ხდება საჭირო. კეთილის და ბოროტის ბინარული კატეგორიები, ანუ ჩვენი გარშემომყოფების და ჩვენს თავს გადახდენილი ამბების მკაცრი დახარისხება „კეთილად“ და „ბოროტად“, გვიბიძგებს მოძალადე „სხვა ხალხში“, სხვა სოციუმში, სხვა წრეში ვეძებოთ.  ეს ხელს გვიშლის, დროზე აღვიქვათ და გამოვავლინოთ სექსუალური ძალადობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს პოტენციალი ჩვენი სურვილები (სექსუალური სიამოვნების მიღების, ძალაუფლების და სხვა) მეორე ადამიანის საზღვრებზე წინ დავაყენოთ. ჩვენი პატარა წვლილი rape culture-ს წინააღმდეგ იქნება, თუ შევძლებთ ჩვენი თავისთვის და ერთმანეთისთვის შევქმნათ სივრცე, რომელშიც ყველას გვეცოდინება, რომ „არას“ თქმა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია, მაშინაც, როცა წინასწარ შევთანხმდით, რომ სექსი გვექნებოდა, სექსის პროცესში, შემთხვევით და სტაბილურ პარტნიორთან, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა ორგაზმი და პარტნიორს ჯერ არ ჰქონია და ა.შ. და რაც უფრო ღიად ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ასეთ სივრცეებზე და რაც მეტს გავუზიარებთ სხვა ადამიანებს,  მით უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შანსი ამ სივრცეების თანაზიარად იქცნენ.   

______________________________________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.

______________________________________________________________________________

1 პატრიარქატი აღნიშნავს სოციალურ სისტემას, რომელშიც მამაკაცურობა პრივილეგირებულია და მამას უპირობო ძალაუფლება და ავტორიტეტი აქვს. ტრადიციულ საზოგადოებებში, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაფართოებული ოჯახი, პატრიარქი არის უფროსი მამაკაცი, მამა, რომელსაც ოჯახის სხვა მამაკაცებზე და ქალებზე უფრო მეტი ავტორიტეტი და ძალაუფლება აქვს. ფემინისტებმა ეს ტერმინი გამოიყენეს, რათა აღენიშნათ მამაკაცების დომინანტურობა როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში. მაგალითად, ოჯახში მამაკაცი-პატრიარქი აკონტროლებს ქალის სექსუალობას, შრომას, წარმოებას, რეპროდუქციას და გადაადგილებას. პატრიარქატისთვის დამახასიათებელია ღირებულებითი და ძალაუფლებრივი იერარქიები, რომლებშიც მამაკაცი დომინირებს. ეს ვლინდება სხვადასხვა ფორმით: ქალს ენიჭება ნაკლები ღირებულება, ის კონტროლის, ექსპლუატაციისა და ძალადობის ობიექტია.

2     რწმენა იმის შესახებ, რომ ჰეტეროსექსუალობა არის ერთადერთი ნორმალური და მისაღები სექსუალური ორიენტაცია 

3 ტერმინი ფალოგოცენტრიზმი ორი დამოუკიდებელი ტერმინის ერთიანობას წარმოადგენს: ფალოსი ფსიქოანალიტიკურ თეორიაში გამოიყენება არა როგორც მხოლოდ მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი, არამედ როგორც იმ ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც პატრიარქალურ სისტემაში მამაკაცებს აქვთ. მსგავსი ძალაუფლება დაკავშირებულია პენისის ვიზუალურ ხატთან და ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიურ სხვაობაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ფალოცენტრისტულია კულტურა, რომელშიც მამაკაცურ განსხვავებას განსაკუთრებული სიმბოლური ღირებულება აქვს. ლოგოცენტრიზმი კი სიტყვის, აზრის, რაციონალურობის (როგორც დაპირისპირებულის, ერთი მხრივ, სხეულთან და, მეორე მხრივ, ემოციასა და აფექტებთან) პრიმატისა და ცენტრალურობის აღიარებას აღნიშნავს. შესაბამისად, ამ ორი ტერმინის ჰიბრიდი – ფალოგოცენტრიზმი – აღნიშნავს დასავლური პატრიარქალური კულტურების არსებით მახასიათებელს: ლოგოსის პრიმატს, რომელიც უშუალო კავშირშია ფალოსის – მამაკაცური სექსუალობისა და დომინანტობის სიმბოლოს – პრიმატთან.

4 ადამიანზე, უმეტესად ქალებზე, სექსუალური ქვეტექსტის მქონე ხმამაღალი კომენტარების გაკეთება საჯარო სივრცეში, სექსუალური ქვეტექსტის მქონე შეძახილები 

5   სპირიტების წარმოდგენით: რაღაც «ფსიქიკური დენი», რომელსაც თითქოს გამოასხივებს ადამიანის სხეული.

6 რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის დამახასიათებელი დიალექტი, რომელიმე სოციალურ ჯგუფში გავრცელებული ენა. ასეთი ჯგუფის მაგალითი შეიძლება იყოს: თინეიჯერები, ექიმები, ქვიარები და ა.შ.

7 ტერმინი „ქვიარი“ ინგლისური სიტყვიდან (queer) მოდის და უცნაურსა და განსხვავებულს ნიშნავს. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ქვიარი არაჰეტეროსექსუალ ადამიანთა მიმართ შეურაცხყოფისა და დამცირების გამოსახატავ ტერმინად გამოიყენებოდა. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ლგბტ აქტივისტებმა თუ სექსუალობის თეორეტიკოსებმა ქვიარის პოზიტიური გამოყენება დაამკვიდრეს. ქვიარი გახდა ერთგვარი პოლიტიკური აღმნიშვნელი, რომელიც არსებულ ჰეტერონორმატიულ წესრიგს უპირისპირდება.

ტერმინ „ქვიარის“ პოზიტიური გაგების დამკვიდრება ქვიარ თეორიის ჩამოყალიბების დამსახურებაა. 1990 წელს ტერესა დე ლაურეტისმა კალიფორნიის უნივერსიტეტში მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას „ქვიარ თეორია“ უწოდა. მისი მიზანი იყო პროვოკაციულობა და იმ არსებული  თეორიული მოდელების ეჭვქვეშ დაყენება, რომლებიც ღიად თუ ფარულად ჰეტეროსექსუალობას ნორმად, ხოლო არაჰეტეროსექსუალობას განსხვავებულობად და ნაკლად წარმოაჩენდნენ.

ქვიარ თეორიის დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბებასთან ერთად ტერმინ „ქვიარის“ მნიშვნელობაც გაფართოვდა და, შეიძლება, აკადემიურ ლიტერატურასა თუ ყოველდღიურ გამოყენებაში მისი სხვადასხვაგვარი გაგება შეგვხდეს.

წყაროები:

https://www.rainn.org/statistics/perpetrators-sexual-violence

https://www.nsvrc.org/sites/default/files/publications_nsvrc_factsheet_media-packet_statistics-about-sexual-violence_0.pdf

http://dictionary.css.ge/content/patriarchy

http://dictionary.css.ge/content/phallogocentrism

http://dictionary.css.ge/content/queer 

______________________________________________________________________________

ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.