ავტორი: ქეთი ხუციშვილი
სკოლათა უმეტესობის კედლები, ეზოები, კიბეები, როგორც წესი, ბულინგის საწინააღმდეგო წარწერებითა და ნახატებითაა გაფორმებული. ასეთი წარწერები ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების ფარგლებში იქმნება. იქმნება და რჩება, თუმცა რამდენად გაჰყვება ეს არაძალადობრივი პათოსი სასწავლო პროცესს – მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობებს, მოსწავლეებს შორის ურთიერთობებს, რთული სათქმელია. ეს ყველაზე კარგად მათ იციან, ვინც სკოლაში დადის და არა მხოლოდ მათ, ვინც ჩაგვრის ობიექტი ან პირიქით – მჩაგვრელია. ბულინგში ყველა მონაწილეობს.
ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, ჯერ ბულინგისა და მისი ფორმების შესახებ ვისაუბროთ.
ბულინგი ეს არის აგრესიული ქცევების ერთობლიობა სკოლის ასაკის ბავშვებს შორის. რომელიც გვხვდება სკოლის ტერიტორიაზე, სკოლისკენ მიმავალ გზაზე და უკვე ინტერნეტშიც. ბულინგის ძირითადი მახასიათებლებია – განმეორებითობა, ძალათა არათანაფარდობა, ციკლურობა. ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბულინგის ციკლში ჩართული ბავშვებიდან ყველა დაზარალებულია.
ბულინგის ფორმებიდან გამოვყოფთ: ვერბალურ, ფიზიკურ და სოციალურ ბულინგს. თითოეული მათგანი შესაძლოა შეგვხვდეს ცალკე ან კომბინირებულად. ბოლო დროს კი ბულინგის ვერბალურმა თუ სოციალურმა ფორმებმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლეს და მას კიბერბულინგი ეწოდება.
ბულინგი როგორც წესი ეფუძნება რაიმე ნიშანს – სქესს, გარეგნულ მახასიათებელს, ეკონომიკურ სტატუსს, აკადემიურ მოსწრებას, გენდერულ გამოხატვას და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბულინგის წყარო არის ის მახასიათებლები, რითაც ადამიანები ცხოვრებაში განიცდიან ჩაგვრას. და რაც უფრო მწვავედ დგას ესა თუ ის საკითხი, მით უფრო მეტად მწვავედ დგას სკოლაში ამ ნიშნით ჩაგვრის პრობლემა. მაგალითად ჰომოფობიის მაღალი მაჩვენებელი ზრდის სკოლებში ჰომოფობიური ბულინგის რიცხვს.
ჰომოფობიური მოტივით ბულინგია, როდესაც ვინმეს ჩაგვრა სექსუალობის ნიშნით ხდება. ეს შესაძლოა ხდებოდეს მაშინ, როცა ჩაგვრის ობიექტი არ იქცევა ან არ გამოიყურება მისი სქესისადმი არსებული მოლოდინების შესაბამისად. ან იმის გამო, რომ ჩაგვრის ობიექტის ოჯახის წევრი ან მეგობარი მიიჩნევა ჰომოსექსუალ, ბისექსუალ ან ტრანსგენდერ ადამიანად. ის შესაძლოა გამოიხატოს მეტსახელის შერქმევით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებით, ხელის კვრით, ნივთების დაზიანებით, მუქარით, შანტაჟით და იზოლაციითაც კი.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, იქ სადაც ხდება ბულინგი, უმეტესად ყველა მოსწავლე მასში ჩართულია. ვინაიდან ბულინგს ახასიათებს იმგვარი დინამიკა, რომ მას სჭირდება არა მხოლოდ მჩაგვრელი და ჩაგრული, არამედ აქტიური და პასიური დამკვირვებლებიც. ამ ყველაფერს ბულინგის ციკლი ეწოდება.
ბულინგის ციკლში ფაქტობრივად ყველა მოსწავლე მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის პირდაპირი მოძალადე ან მსხვერპლი. იმისთვის რომ ბულინგს ჰქონდეს ადგილი უნდა იყოს სამიზნე, რომელიც დაიჩაგრება და ბულერი რომელიც ჩაგვრას წამოიწყებს და შემდგომშიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის განვითარებას. გარდა ბულერებისა, ბულინგის ციკლში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ე.წ. შემსრულებლებს, თუმცა ისინი, როგორც წესი, არ გეგმავენ და არ იწყებენ ჩაგვრას. ბულერებს ჰყავთ თავიანთი აქტიური და პასიური მხარდამჭერები. აქტიურები როგორც წესი ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალური სარგებლის მიღების მიზნით, ხოლო პასიური მხარდამჭერები შორიდან იღებენ სიამოვნებას და ღიად არ გამოხატავენ ემოციებს. მათ გარდა ბულინგის სცენარში ვხვდებით ეგრეთ წოდებულ თავისუფალ მაყურებლებს, რომელთაც ყველაფერი ესმით, ყველაფერს ხედავენ, თუმცა თვლიან, რომ ეს მათ არ ეხებათ. “სხვისი ჭირი, ღობის ჩხირი” – ესაა მათი სახელმძღვანელო პრინციპი. ბულინგის ციკლში მონაწილე შემდგომი ორი ჯგუფი საუკეთესო ხელჩასაჭიდია მსხვერპლისათვის, რათა თავი დააღწიოს მჩაგვრელ წრეს. ამ ორი ჯგუფიდან ორივე იაზრებს შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას, თუმცა ერთ ჯგუფს შეწინააღმდეგების ძალა არ აქვს, მეორე ჯგუფი კი აქტიურად ერთვება ბულინგის ციკლის შეწყვეტის პროცესში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანების გამორჩევა და მათთან დაახლოვება უმნიშვნელოვანესია, იმისათვის, რომ ბულინგი დროულად დასრულდეს.
და ვიცი რას ელოდება მკითხველი ყველაზე მეტად – როგორ მოვიქცე თუ (ჰომოფობიური) ბულინგის მსხვერპლი გავხდი? ან ვარ? ან ჩემი თანაკლასელია? ვის შეიძლება დახმარება ვთხოვოთ გარდა ჩვენი თანატოლებისა? ვინ გვიცავს?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლებრივი გარემო ჩვენს მხარესაა და არა ჩვენს წინააღმდეგ. მაგალითად არსებობს “ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართვიანობის პროცედურები”, რომელიც ჩვენს გარშემო ყველა დაწესებულებას ავალდებულებს თქვენს დაცვას. იქნება ეს სკოლა, ბაღი, მერია, სოციალური სამსახური თუ სხვა. ალბათ “ბავშვის უფლებათა კონვენციის” შესახებაც გვსმენია და აგერ უკვე “ბავშვის უფლებათა კოდექსიც” ხელში გვიჭირავს.
მართალია, თითოეულ სკოლასა თუ კლასში არსებული გარემო და ურთიერთობები განსხვავდება, თუმცა, მაინც სჯობს შევადგინოთ იმ ადამიანების რუკა, რომელთა დახმარების იმედიც უნდა ვიქონიოთ ბულინგის შემთხვევაში. სკოლის შიგნით ესენი არიან: კლასის დამრიგებელი, მანდატური, ფსიქოლოგი. და თუკი არცერთი მათგანის დახმარების იმედი არ გვაქვს, იქნებ ღირდეს განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე დაკავშირება? (2 20 02 20) სკოლის გარეთ ვინც გვეგულება ესაა – მშობელი, თქვენზე მზრუნველი პირი და/ან სოციალური მუშაკი, რომელსაც 1505-ზე დარეკვით ვუკავშირდებით.
და ბოლოს, ბულინგს აქვს დასაწყისი და დასასრული. რაც უფრო მალე ვითხოვთ დახმარებას, მით მალე დასრულდება ის.
_______________________________________________________________________
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.