როგორ და რატომ აბულინგებენ გოგოებს? | ელენე ქაიხოსროშვილი “ეგალიტესთვის”


ავტორი: ელენე ქაიხოსროშვილი

სკოლაში ბულინგი და შევიწროება ბევრნაირი შეიძლება იყოს. ზოგს შესაძლოა იმიტომ ჩაგრავდნენ, რომ რაიმე ნიშნით გამოირჩევა სხვა ბავშვებისგან, მაგალითად, ქცევის მანერით, ჩაცმის სტილით, გარეგნობით და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გოგოებსა და ბიჭებს სხვადასხვანაირად აბულინგებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ გოგოებისთვის და ბიჭებისთვის სხვადასხვა „წესები“ არსებობს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც თანაკლასელები არასასურველ, სექსუალური შინაარსის კომენტარებს აკეთებენ გოგოების მიმართ, რომელიც მათ დამცირებას, შერცხვენას ემსახურება. ასეთი კომენტარები, შესაძლოა ძალიან საწყენი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი იყოს. ის ხომ ძალიან პირად სფეროს ეხება?!

ამგვარი კომენტარები შესაძლოა შეეხებოდეს გოგოს სხეულს, სხეულის რომელიმე ნაწილის ზომას ან ფორმას. ამგვარი შევიწროება შესაძლოა ფიზიკურ შეხებაშიც კი გამოიხატებოდეს, მაგალითად, უნებართვოდ სხეულის რომელიმე ადგილას შეხებაში, „ჩქმეტაში“, კოცნაში, ლიფის მიპარვით შეხსნაში და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ქცევა, შეიძლება ძალადობის ნიშნებსაც კი შეიცავდეს!

ეს გოგოების/ქალების სხეულის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის შედეგია და სხვა ფაქტორებთან ერთად, იმის გამო ხდება, რომ მედიაში, სხვადასხვა ფილმებში, სერიალებში, წიგნები, ჟურნალებში და სხვა საინფორმაციო თუ გასართობ მასალებში, ქალები ჩანან, როგორც ე.წ. სექსუალური ობიექტები, ანუ, ისინი „გასაგნებული“ არსებები არიან. ეს ნიშნავს, რომ ხშირად, ქალები და გოგოები წარმოჩენილები არიან, არა როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები, რომლებიც არიან თავისუფლები, თავად წყვეტენ თავის ბედს, კარიერას, და ა.შ. არამედ, ისინი უმეტეს შემთხვევაში გამოიყურებიან, როგორც სხვისი ინტერესის ობიექტები, ანუ საგნები.

ასე ძირითადად ისეთ ფილმებსა თუ სერიალებში ხდება, სადაც მთავარ როლებს მამაკაცები ასრულებენ და ქალები მხოლოდ „მოსართავის“ როლში არიან ხოლმე, გამოიყურებიან ლამაზად, შეესაბამებიან სილამაზის დადგენილ სტანდარტებს და ხშირ შემთხვევაში, არც საუბრობენ, მხოლოდ, ჩანან ხოლმე ეკრანზე. ბევრი ამგვარი მასალის ნახვამ, შესაძლოა აფიქრებინოს ადამიანებს, მაგალითად, ახალგაზრდა ბიჭებს, რომ ქალი/გოგო მართლაც „საგანია“, მისი მთავარი „ღირსება“ სხეული და გარეგნობაა და რომ მათ შეუძლიათ, დაუკითხავად შეეხონ კიდეც გოგოს, ან, თავს უფლება მისცენ და გააკეთონ რაიმე უხამსი კომენტარი გოგოების სხეულის შესახებ. ზოგმა, შესაძლოა ისიც იფიქროს, რომ ასეთი „თამამი“ საქციელი კარგია, რადგან ის ასე გოგოების ყურადღებას მიიქცევს.

გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, არ შეეხონ მისი ნებართვის გარეშე და ასევე, შეუძლია, თამამად გააპროტესტოს, თუ ვინმე უხამს კომენტარებს გააკეთებს მათ ან მათი სხეულების შესახებ! ეს წესი ეხება როგორც რეალურ ცხოვრებას, ასევე, ინტერნეტ სივრცეს.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ხშირია შემთხვევები, როდესაც თანატოლები გოგოების პირადი ცხოვრების, ანუ, მათი პირადი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციას (მათი ნებართვის გარეშე) ავრცელებენ, შემდეგ, ამის გამო მათზე „ჭორაობენ“ და აბულინგებენ მათ. ასევე, ხშირად ისეც ხდება, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია ხოლმე.

მაგალითად, წარმოიდგინეთ შემთხვევა, რომ ბიჭს, ნიკას ძალიან მოსწონს გოგო, ანი. ნიკამ უთხრა ანის, რომ ძალიან მოსწონს და დაპატიჟა კინოში, რაზეც ანიმ უპასუხა, რომ ის არ არის დაინტერესებული მასთან ურთიერთობით და არ უნდა, რომ მასთან ერთად წავიდეს კინოში. ამის შემდეგ, ნიკა გაბრაზდა და თანაკლასელებს მისწერა, რომ ანიმ და მან ერთმანეთს აკოცეს, და რომ ანის, ზოგადად, უკვე ბევრი ბიჭისთვის აქვს ნაკოცნი და მას სექსუალური ურთიერთობებიც ჰქონია. ამის შემდეგ, კლასელმა ბიჭებმა და გოგოებმა დაიწყეს ანიზე ჭორაობა, გადაწყვიტეს, რომ მასთან საერთოდ აღარ იმეგობრებდნენ, რადგან ის „ცუდი“, „გაფუჭებული“ გოგოა.

რატომ ხდება ხოლმე ასე? როგორც ალბათ უკვე თქვენც შეამჩნევდით, ჯერ კიდევ არსებობს განსხვავებული „წესები“ გოგოებისთვის და ბიჭებისთვის. ადამიანების დიდი ნაწილ ფიქრობს, რომ ის რაც მისაღებია ბიჭებისთვის, მიუღებელი და საერთოდაც, აკრძალული შეიძლება იყოს გოგოებისთვის. ეს განსხვავებული „წესები“ რა თქმა უნდა, უსამართლოა და მათი გამართლება არა მხოლოდ უმცროს, არამედ, უფროს ადამიანებსაც ძალიან უჭირთ.

მაგალითად, რატომ ხდება ისე, რომ ბიჭებისთვის „სირცხვილია“, თუ მათ რომანტიული ან/და ინტიმური ურთიერთობები არ ჰქონიათ გოგოსთან და ამავე დროს, გოგოების შემთხვევაში, პირიქით, სირცხვილი ის არის, თუ მათ უკოცნიათ ბიჭისთვის? ასეთ კითხვაზე ხშირად პასუხი არის, რომ „გოგო – გოგოა, ხოლო, ბიჭი – ბიჭი“, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და განსხვავებულადაც უნდა იქცეოდნენ, რომ ბიჭებს სხვანაირი ქცევა „შეეფერებათ“ და გოგოებს – სხვანაირი. ხოლო, რა არის ეს განსხვავება ისეთი, რაც ასეთ განსხვავებულ ქცევის წესებს საჭიროებს, ამაზე პასუხი არავის აქვს, რადგან ამის რეალური საჭიროება არც არსებობს. ყველა ადამიანი განსხვავებულია, განსხვავებული სურვილებით, ქცევებით და ინტერესებით და შესაძლოა, ეს სურვილები და ინტერესები საერთოდ არ ემთხვეოდეს იმ წესებს, რაც მათ მხოლოდ იმიტომ დაუწესეს, რომ რომელიმე სქესით დაიბადნენ. მაგალითად, შესაძლოა, გიორგის სულაც არ აინტერესებდეს გოგოებთან ან/და ბიჭებთან ურთიერთობა, ხოლო, მარიამს, ძალიანაც მოსწონდეს და აინტერესებდეს. სამწუხაროდ, გიორგისთვის „დაწესებული“ ნორმებით, „უცნაურად“ ითვლება, თუ ის არ დაინტერესდება გოგოებით, ხოლო, მარიამისთვის დადგენილი წესებით, პირიქით, სირცხვილად ითვლება, თუ ის თავისი ინიციატივით, ვინმე ბიჭს დაპატიჟებს კაფეში.

სწორედ, ამ წინასწარ „დაკანონებული“ წესების ბრალია ის, რომ ბიჭებისთვის „სამარცხვინოა“ ხოლმე, თუ მათ მიერ მოწონებული გოგოების საპასუხო ინტერესს ვერ მიიღებენ. ხოლო, გოგოებმა პირიქით, შესაძლოა, თავი შეიკავონ ბიჭების მიმართ ინტერესის გამოხატვისგან, რადგან ამან მათ „სახელზე“, „იმიჯსა“ თუ „რეპუტაციაზე“ შესაძლოა ცუდად იმოქმედოს.

ასეთი ურთიერთობების (კოცნის, სექსუალური ურთიერთობის, ზოგჯერ, ბიჭთან ერთად მხოლოდ გასეირნების) გამო გოგოების შერცხვენა/დარცხვენა, ხდება როგორც უმცროს, ასევე, უფროს ასაკშიც და მისი მიზეზები საკმაოდ ღრმად არის ფესვგადგმული ბევრ საზოგადოებაში. გოგოებისა და ქალების იმიჯისა თუ რეპუტაციის გაფუჭების მცდელობა ამგვარი მართალი თუ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება ხდება იმისთვის, რომ მოხდეს მათი პირადი ცხოვრების კონტროლი და ხანდახან, დასჯა თავისუფალი ქცევისთვის. გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახალგაზრდა ბიჭებიც იქცევიან ხოლმე ასე.

ასეთ ქცევას, შესაძლოა ძალიან რთული შედეგები მოჰყვეს გოგოებისთვის. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს და არ მოხდეს მისთვის მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის გავრცელება მისი თანხმობის გარეშე.

რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ?

ზოგადად, ვინმეს შერცხვენა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ითვლება სამარცხვინოდ და მიუღებლად. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ სამარცხვინო, დასაცინი და რეპუტაციის შემლახავი საერთოდაც არ არის, თუ გოგოს/ქალს რაიმე ინტიმური ურთიერთობა აქვს, ასეთი ინფორმაციების გავრცელებას და ჭორაობას საერთოდ აღარ ექნება აზრი.

ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დავუდგეთ გვერდით იმ ადამიანს, რომელიც იჩაგრება.

გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ერთ გოგოს ჩაგრავენ და აბულინგებენ რაიმე ისეთისთვის, რისთვისაც ბიჭებს არ დააბულინგებდნენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ბულინგი არ ეხება მხოლოდ იმ ერთ გოგოს. ასეთი ჩაგვრა ეხება ყველა გოგოს, მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად რომელი გოგო იჩაგრება კონკრეტულ მომენტში.

_______________________________________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.