კაბა | Gerilyn Stone


ყველაზე რთული მაშინაა ცხოვრება, როცა ფემინური ხარ… ფემინურობას ვერ დამალავ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ანდროგენული გარეგნობა გაქვს. სამყაროს სძულს ფემინურები… ყველაფერს გაპატიებენ, გარდა ფემინურობისა. მით უმეტეს თუ მამაკაცი ხარ,  კაბიანი მამაკაცი. თუ გქვია : გიორგი, ნიკა, თენგო, გიგა.

პირველი კაბა 5 წლის ასაკში მეცვა, მწვანე ჭაობისფერი. მახსოვს, დედას ეს კაბა ძალიან უყვარდა, მისთვის ძვირფასი იყო, თან ძვირადღირებული ჩანდა, უფრო მეტად უფრთხილდებოდა. ძალიან უხდებოდა ეს კაბა. მეც ინტერესი მკლავდა, როგორ მექნებოდა. ერთხელაც, როცა მეზობელთან გავიდა, დრო ვიხელთე. სასწრაფოდ მოვიპარე და გადავიცვი. პატარას, თხელი სხეულით, ბრეტელები ლამის უბემდე მწვდებოდა, თუმცა უბედნიერესი ვიყავი. მახსოვს, თვალები მეილვარებდა. კაბა სასწრაფოდ ადგილზე დავაბრუნე. იმ ჯერზე გადავრჩი… მე ვიზრდებოდი, კაბა კი ისევ ისეთი მომხიბვლელი იყო. 10 წლის ასაკში ისევ მოვიზომე კაბა. ადგილებს უკვე ვავსებდი და მიხდებოდა კიდეც, უთმო სხეულს ლამაზ ნაკვთებს და ღიმილს  უფრო მეტად უხდებოდა. თუმცა მე არ ვიყავი ქალი და არც ახლა ვარ. ხომ რას ვამბობდი? დედამ შემომისწრო. სილა გამაწნა, კაბა კი ჩემთვის ყველაზე მიუწვდომელ ადგილას გადამალა. გაუკვირდა ჩემი ასეთი საქციელი, ბავშვობაში ხომ ბარბითაც არ მითამაშია?! ამის მერე გაქრა ოცნება, ფერადი ტანსაცმელი, ფერადი ხასიათი, დავრჩი მხოლოდ მე და შიგნიდან გამოკეტილი „უფრო მე“.

ხშირად მაბულინგებდნენ სკოლაში, უფრო სწორად ცდილობდნენ. თუმცა სკოლაში იმუნიტეტი მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი პირველი ვყოფილიყავი, გავმხდარიყავი ლიდერი. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ვიცოდი, დავიჩაგრებოდი და გადამივლიდნენ. ყოველთვის მეტს ვაკეთებდი საკუთარი თავისთვის, ვიდრე შემეძლო და ეს აშკარა იყო. მქონდა ცოდნა და ეს პრივილეგია ზოგჯერ მაძლევდა უფლებას, რაც მინდოდა ის ჩამეცვა ადგილებში, სადაც რაღაცას წარმოვადგენდი (სასაცილოა ხომ, ფერადი ტანსაცმლის ჩასაცმელად რომ იბრძვი? რეალურად კი ძალიან მტკივნეულია). ქუჩა კი ისევ წითელ ზონას წარმოადგენდა ჩემთვის. პირველად ბავშვობის მეგობრებს გავანდე ჩემი ინტერესი ქალის აქსესუარების და ბიჭების მიმართ. საპასუხოდ დაცინვა და დამცირება მივიღე, რომელიც ყოველდღიურობად იქცა. ამის მერე არავის ვუშვებდი იმდენად ახლოს, რომ საკუთარი ინტერესები გამენდო. მახსოვს, კლასში ძალიან შეშინებული გეი გადმოვიდა. ეტყობოდა, რომ მსგავს გაჭირვებაში იყო… თუმცა ეს მდგომარეობა მას სწავლის სურვილს უკლავდა. ამიტომ ჩემნაირი იმუნიტეტი არ ჰქონდა. ვცდილობდი, დავახლოვებოდი, რომ რამენაირად დავხმარებოდი, თუმცა არც მისთვის გამინდია ჩემი საიდუმლოებები. ერთხელ, მახსოვს, რელიგიის მასწავლებელი მთელი საათი „მამათმავლობაზე“ გველაპარაკებოდა, თან დაჟინებული მზერით აშტერდებოდა ჩემს გვერდზე მჯდომს. გადავწყვიტეთ, რელიგიის გაკვეთილების გაგვეცდინა. ერთ დღესაც, ჩემი ინტერესი გავუმხილე და თავის არიდება დაიწყო. ამის შემდეგ საკუთარ თავს გამოვუცხადე, რომ ჭკუა უნდა მესწავლა.

ახლაც დაყოფილი მაქვს, ბავშვობის მსგავსად, ქალაქი ზონებად. ძირითადად, მწვანე ან ყვითელ ზონებში დავდივარ, მაგრამ, საუბედუროდ, შინდისფერ ზონაში ვცხოვრობ. ვცდილობ, თვალში არავის მოვხვდე, პრობლემებს ვერიდები. არა საკუთარი თავის, არამედ ოჯახის გამო. რაღაცნაირად მესმის მათი და მათაც ესმით ჩემი. მარტივია თქვა, ,,ვისაც არ ვჭირდები არც მე მჭირდება’’, ,,უნდა მიმიღონ ისეთი, როგორც ვარ’’… ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ რაღაცები ვასწავლო, რაღაცებს შევაჩვიო. შეიძლება  ვუთხრა მათ, რომ გეი ვარ და შეიძლება გამიგონ კიდეც, მაგრამ ქროსდრესერობას ან დრეგქუინობას ვერასდროს გაიგებენ. ამიტომაც არ აქვს აზრი ოჯახში დაქამინგაუთებას. ბოლომდე თავისუფალი მაინც ვერ ვიქნები. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გამიმართლა და მიმიღეს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის გვერდში დგომაა. სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიგვიხარია ადამიანებს – დაღლილ ადამიანებს, გულნატკენ ადამიანებს, რადგან ვიცით, რომ ვიღაც გველოდება. მაგრამ, როცა არავინ გველოდება, ისეთ სახლში მისვლას აზრი არ აქვს. დღეს მელოდებიან სახლში. ხვალ რა იქნება, არ ვიცი…  ზოგჯერ ქალის აქსესუარების დამალვა მიწევს შინ, სანამ სხვა მეგობრებთან დავტოვებ. ერთხელ გამოყენების შემდეგ უბრალოდ  სხვებს ვჩუქნი ხოლმე. ყოველდღე სახლში იმის შიშით მივდივარ, რომ რაღაც იპოვეს და ყველაფერი გაიგეს… ერთი კვირა პარიკს ვმალავდი ლოგინის ქვეშ და შევდიოდი თუ არა სახლში, სუნთქვა მეკვროდა, აბაზანაში ვიკეტებოდი. ველოდებოდი, როდის ატყდებოდა წიოკი, ყვირილი, დანა-ჩანგლის სროლა. როცა, ჩვეულებისამებრ, მკითხავდნენ როგორ ჩაიარა დღემ, ძლივს ფილტვები ჰაერით შეივსებოდა და მშვიდად მივდიოდი დასაძინებლად.

მახსოვს, ხშირად  მეკითხებოდნენ  სახელს. ახლაც ხშირად მეკითხებიან.  რეალურად, მხოლოდ იმის გაგება სურთ,  გოგო ვარ თუ ბიჭი, უფრო კონკრეტულად კი – რა მაქვს უბეში. სიმართლე გითხრათ, არასდროს გამკვირვებია ადამიანების ასეთი საქციელი. მათ ხომ ბავშვობიდანვე ასწავლიან: ,,ვარდისფერი გოგოს ფერია“, ,,ბარბი გოგოს სათამაშოა‘’, ,,გრძელ თმას გეები ატარებენ’’, ,,პირსინგიანი გოგო ლესბოსელია’’. თითქოსდა უწყინარი სტერეოტიპები მთელი ცხოვრების მანძილზე ბულერებს საბაბს აძლევს ადამიანებზე იძალადონ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო ამ სტერეოტიპებით იზრდება.  როცა ვიღაც დაგცინის ფერადი ზედის, ხმის ტემბრის, გრძელი ან შეღებილი თმის, საყურის ან თუნდაც ჩაცმულობის გამო, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა ლგბტქი+ – ეს აუცილებლად აისახება როგორც ადამიანების ცხოვრებაზე, ასევე მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.  ზოგჯერ ადამიანები წვრილმანებს არ ვაკვირდებით, რეალურად კი, თუნდაც ეს დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან უარესი – ფიზიკური ძალადობა, მთლიან დღეს, კვირას, თვეს, შესაძლოა, მთელ ცხოვრებასაც გვინადგურებდეს, გვაფერხებდეს, გვკეტავდეს. ამის შემდეგ კი უბრალოდ ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი. უმრავლეს შემთხვევაში, ვეგუებით არსებულ მდგომარეობას და ვცდილობთ, საკუთარ სურვილებზე უარი ვთქვათ, გავხდეთ ის, რასაც საზოგადოება მოითხოვს ჩვენგან, გავხდეთ ნაცრისფრები ან უარესი – უფერულები. ეს მოცემულობა კი ადამიანს ავიწყებს, ვინ არის და რას წარმოადგენს; ან მხოლოდ მარტოდ დარჩენილი ახერხებს საკუთარი იდენტობის აღიარებას. ზოგჯერ ადამიანები საკუთარ თავთანაც კი არ ქამინგაუთდებიან. ქამინგ აუთი შემოკლებული ფორმაა გამოთქმისა „coming out of the closet“ და პირდაპირი მნიშვნელობით საიდუმლო ადგილიდან, სამალავიდან გამოსვლას ნიშნავს.  ეს მეტაფორა სექსუალური სურვილისა თუ ქცევის გამხელას გულისხმობს. თუმცა ქამინგაუთი ყოველთვის ნებაყოფლობითი არ არის; ხშირია შემთხვევა, როცა იძულებით, ან სურვილის საწინააღმდეგოდ, ხდება. მთავარია გავიაზროთ, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია, ან არ უნდა, საკუთარი სექსუალური იდენტობის გამჟღავნება. მე ვთვლი, რომ არცაა აუცილებელი, ადამიანმა საკუთარი სექსუალური იდენტობა გაამჟღავნოს ან რაიმე სახელი დაარქვას. თუმცა საკუთარ თავთან გულწრფელობა აუცილებელია ჰარმონიისთვის.

ჩემი იდენტობის გააზრებისა და მიღების ყველა საფეხური მარტომ გავიარე, რაც ძალიან გამიჭირდა… გვერდით მჭირდებოდა ადამიანი, ვინც ამას გამიგებდა. სრულწლოვანი გავხდი. მთელი დრო თვითრეალიზებას დავუთმე. ჩემი თავისუფალი ცხოვრება ,,Horoom Night’’-დან იღებს სათავეს. ნელ-ნელა ქრებოდა კომპლექსები და გარეთ გამოვდიოდი მე და შიგნიდან გამოკეტილი უფრო მე. ნელ-ნელა თავისუფლდებოდა სხეული და ფანტაზია.  ყოველ ჯერზე მეტი მინდოდა, ვიხვეწებოდი. დღეს კი ქროსდრესს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ემოციებისგან დაცლა ემოციების მიღებაა. ადამიანები მიყურებენ, ხედავენ, ვინ ვარ მე, როგორ გამოვიყურები და ჩემი ვიზუალით ვცდილობ არამხოლოდ საკუთრი თავი, არამედ სხვებიც ვასიამოვნო. ადამიანებს, ვინც პირველად მოვლენ აქ, ამ გარემოში, მინდა ის იგრძნონ, რასაც მე ვგრძნობ. მინდა ის ჩაიცვან, რაც მათ სურთ; მინდა ვაჩვენო, რომ აქ ადამიანები ჩაცმულობის, სხეულის ფორმების ან ვიზუალის გამო ერთმანეთს არ კარგავენ. თუმცა  ეს მაინც ვერ მხდის თავისუფალს. რადგან იქ, იმ გარემოში, იმ ადამიანებთან, ვისაც საკუთარ თავს მიაკუთვნებ, სადაც თითქოს ბედნიერი და თავისუფალი უნდა ვიყო, გაიგონებ: ,,არ გინდა გატრანსდე?“, „მკერდის გაკეთებას როდის აპირებ?“, „სახელს რას ირქვამ?“, „ცირკთან ადგილი არ გვაქვს’’.  კიდევ უარესია, როცა მასკულინურ კაცს,  წვერიან ტიპს ხედავენ კაბაში… როგორც ბედნიერებაა წვრილმანებში, ასევე უბედურებაც. შეიძლება ეს უწყინარი ხუმრობაა, მაგრამ არ მინდა, რომ თვითონ ლგბტქი+ ადამიანები აბულინგებდნენ ერთმანეთს. პირიქით, მათ ერთმანეთი უნდა გააძლიერონ.

ვურჩევდი თუ არა ადამიანს დაქამინგაუთებას? კიდევ ერთ შემთხვევას მოვიყვან, როცა საყვარელი ადამიანი დავკარგე. ყოფილმა ბოიფრენდმა, რომელთან ერთად წელიწადზე მეტი გავატარე და კიდევ დიდხანს ვაპირებდით ერთად ყოფნას, ქროსდრესსა და მას შორის არჩევანის გაკეთება მომთხოვა. დავფიქრდი: „ეს ადამიანი მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ შეიძლება ჰობი დაუწუნო იმას, ვინც გიყვარს?! ან იმის კეთება დაუშალო, რისთვისაც მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძოდა?! ან შეიძლება ვინმე ტანსაცმლის გამო აღარ გიყვარდეს?!’’… ამ ფიქრის შემდეგ ამ ადამიანმა მნიშვნელობა დაკარგა. ახლა ურთიერთობის წამოწყებამდე ვცდილობ ადამიანებს ჩემს ჰობიზე ვესაუბრო, რომ მსგავსი ფაქტი ავიცილო თავიდან.

ვერავის ვურჩევ დაქამინგაუთებას, თუმცა საკუთარ თავთან ამის აღიარება შვება და ჰარმონიაა – ისევ საკუთარ თავთან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თავად გადავწყვიტოთ, ვის ვუთხრათ საკუთარი იდენტობის შესახებ და ვის – არა. ან საერთოდ არავის ვუთხრათ.

ავტორი: Gerilyn Stone