“მე ვარ თაზო, 22 წლის, სოციალური მუშაკი და ქვიარ აქტივისტი. თავიდან, როცა აქტივისტურ საქმიანობებში ჩავერთე, ეს იყო გარემოსდაცვითი საქმიანობები. თუმცა, საქმიანობის რაღაც ეტაპზე, მოხდა გარდამტეხი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, რის შემდეგაც უბრალოდ დავინახე და გავაცნობიერე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში არის ადამიანი, ერთადერთი მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა დამეფუძნებინა მთელი ჩემი შემდეგი პროფესიული და პირადი ურთიერთობები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ პროფესია შემეცვალა. მაშინ დავიწყე სოციალური მუშაობის სწავლა. მინდოდა, ჩემი საქმიანობა ყოფილიყო უფრო პროფესიულ დონეზე, რათა ის შედეგი რაც მინდოდა მიმეღო, უფრო პროდუქტიული ყოფილიყო.
ამას მოჰყვა ის, რომ ჩემი ქვიარ იდენტობა მივიღე მე თითონ. როდესაც მივიღე და გავიცანი სხვა ადამიანები, მერე უკვე სხვა სამყარო აღმოვაჩინე, სადაც ადამიანებს ძალიან უჭირთ და ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ საკუთარი იდენტობის გამო. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ამ სოციალურ მუშაობაში უფრო მეტად პრიორიტეტული იქნებოდა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და ბრძოლა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამჟამად არ აქვს იმისი რესურსი და ძალა, რომ ეს გააკეთონ.
პირველ მაისს, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ვიყავი ჩემს სამ თანამშრომელთან ერთად, გვქონდა ერთადერთი მიზანი, რომ მიგვეღო ორ კითხვაზე პასუხი: თვლის თუ არა სოფო კილაძე, რომ ლგბტ უფლებები არის ადამიანის უფლებები და მეორე, რატომ გადაიფიქრა კომიტეტმა 17 მაისის აღნიშვნა. ორად-ორი კითხვა გვქონდა და ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სრულიად დააიგნორა. ის, რამაც გამოიწვია ჩემი ასეთი ემოციური სიტყვა, იყო სრულიად დაუგეგმავი და იყო საპასუხო რეაქცია იმ დამოკიდებულებებზე, რაც იმ მომენტში კომიტეტის წევრებისგან მოდიოდა და იგრძნობოდა.
რამდენჯერ უთქვამთ ჩემს ახლობელ და მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ რატომ ინადგურებ ნერვებს, ან რატომ ხარჯავ ამდენ ენერგიას, ხომ შეგიძლია, წადი სხვაგან, სხვა ქვეყანაში და იცხოვრე ნორმალურად. არა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია, ურთულესია ეს გზა ხშირად, მაგრამ არის ხოლმე, პატარ-პატარა, თუნდაც ჩემი სოციალური მუშაკის პრაქტიკიდან, ისეთი წარმატებული მაგალითები, რომლებიც მაძლევენ ძალას, რომ დავრჩე და უფრო მეტი გავაკეთო”, – თაზო სოზაშვილი.