ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ და მიმდინარე გამოძიების პროცესს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტში „2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა. კომისიის სხდომებზე საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების და სხვა პირთა გამოკითხვებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა საზოგადოებაში არსებული კითხვების ლეგიტიმურობა.
ასევე მნიშვნელოვანია ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ძალისხმევა. სახალხო დამცველმა საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გამოძიების მწარმოებელ პირთა ქმედებების, დიდი ალბათობით დანაშაულებრივ ხასიათზე მიუთითა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებით კვლავ გვრჩება კითხვები, რომლებზეც, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამომწურავი პასუხი უნდა გაგვცენ. კერძოდ:
- რატომ არ ჩაატარეს საგამოძიებო ორგანოებმა მთელი რიგი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები მიხეილ კალანდიას მიმართ? კერძოდ:
ა) მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენება ადასტურებდა, რომ ჩხუბის შემდეგ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელზე წითელი, სისხლისმაგვარი ლაქები აღენიშნებოდა. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით და მიხეილ კალანდიას, ძმის, ლუკა კალანდიას ჩვენებით კი, დასტურდებოდა, რომ ამ უკანასკნელმა წითლად დალაქავებული ტანსაცმელი მათი კორპუსის მახლობლად, წყლის ჭაში ჩაყარა, რატომ არ გაიჩხრიკა მიხეილ კალანდიას საცხოვრებელი ბინა?
ბ) რატომ არ სცადა გამოძიებამ იმ ტანსაცმლის მოპოვება, რომელიც კალანდიას შემთხვევის დროს ეცვა?
- მაშინ, როდესაც გარდაცვლილ დავით სარალიძის სხეულზე მიყენებულ 12 ჭრილობასთან დაკავშირებით ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ისინი სხვადასხვა იარაღით იყო მიყენებული, რატომ არ წარიმართა ინტენსიური გამოძიება მკვლელობის სხვა ამსრულებელთა ან თანამონაწილეთა სავარაუდო ბრალეულობის გამოსაკვეთად?
- რატომ დაიკითხა საპირფარეშოში მომხდარი პირველი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, დ.ჩ., მკვლელობის დღიდან მხოლოდ მე-13 დღეს და არა გამოძიების პირველივე დღეებში? საეჭვოა ისიც, რომ დაგვიანებით დაიკითხა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ-ც.
- რატომ არ გამოუკითხავს შსს-ს და შემდგომ პროკურატურას მოზარდებს შორის დაპირისპირების მთავარი სუბიექტის, ა.ს.-ს მშობლები, მამა, მირზა სუბელიანი და დედა, თ.კ.? გამოძიებას, არც ა.ს.-ს დეიდა, მიხეილ კალანდიას დედა, ლ.კ. გამოუკითხავს.
გამოძიებას პირველივე ეტაპზე ხელთ ჰქონდა დანაშაულის დღეს მირზა სუბელიანის და თ.კ-ს, კალანდიების ოჯახში მისვლის და სახლის დატოვების კადრები, რომლითაც დასტურდება მიხეილ კალანდიას და გ.ჯ.-ს გადამალვისთვის ავტომობილთა მოძრაობა, რის შემდეგაც მირზა სუბელიანი და მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია ერთად ტოვებენ კალანდიების ბინას. ამასთან, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მირზა სუბელიანის სავარაუდო დანაშაულის შემცველი ქმედებებით, მაშინ, როდესაც თენგიზ კალანდიას სუბელიანის ქმედებების მსგავს ქმედებებზე, ბრალი მალევე, დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, ხოლო ეს უკანსკნელი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დანაშაულიდან 6 თვის შემდეგ მისცეს.
- რატომ ვერ მოახერხა გამოძიებამ ფარდულის ზუსტი ზომების დოკუმენტირება? იყვნენ თუ არა გამოძიების მწარმოებელი პირები ფარდულის დემონტაჟის შესახებ ინფორმირებულნი, ვინ და რატომ გასცა თანხმობა მის დემონტაჟზე?
- რატომ არ გამოუკითხავს გამოძიებას ყველა მოწმე, რომელიც შეესწრო, დაინახა, ან რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულთან დაკავშირებით? რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც შესაძლოა აღბეჭდილი ყოფილიყო მკვლელობის შემდგომ მოზარდთა გადაადგილების მარშრუტი?
- რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ტელეფონები და სოციალური ქსელები, რომლის საშუალებითაც დიდი ალბათობით დაიგეგმა მათი შეკრება? გამომძიებლის განმარტებით, ტელეფონები შემდეგში ფარული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების მიზნით არ ამოიღეს, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს დაპირისპირებაში მონაწილე პირთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ უწარმოებიათ.
- რატომ არ დაიწყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტზე და რატომ არ არის გამოვლენილი პირი, რომელმაც გ.მ. დაჭრა, მაშინ, როდესაც გამოძიებამ 2 დეკემბერს უკვე იცოდა გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტის შესახებ? თავად გ.მ. ადასტურებდა, რომ მას ჭრილობა მწვანე ქურთუკიანმა პირმა მიაყენა, რასაც ასევე ადასტურებდნენ მოწმეებიც. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ ასევე იცოდა, რომ ჩხუბის მონაწილეთა შორის მწვანე ქურთუკი არასრულწლოვან დ.ჩ.-ს ეცვა.
- რატომ არ დასვა გამოძიებამ ყველა საჭირო კითხვა ექსპერტის წინაშე, მაგალითად, იმ საგნების რაოდენობის შესახებ, რომლითაც დავით სარალიძეს სავარაუდოდ მიაყენეს ჭრილობები?
- მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ მოხელეთა გამოსავლენად და პაუხისგებაში მისაცემად, რომელთა უმოქმედობამ ან მიზანმიმართულმა მოქმედებამ გამოიწვია გამოძიების ხარვეზებით წარმართვა და გაართულა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება?
- კითხვები ასევე მიემართება საქმეზე ექსპერტიზის მწარმოებელ ორგანოს და პირებსაც, კერძოდ:
ა) რატომ ვერ უზრუნველყო ექსპერტმა კვლევის ობიექტის დაზიანებისგან დაცვა?
ბ) რატომ არ გაითვალისწინა ექსპერტმა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, კერძოდ, დავით სარალიძის მკვლელობის იარაღის, დანის, დაზიანების შესაძლებლობა და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა ისეთ გარემოში, სადაც მტკიცებულება არ დაზიანდებოდა?
გ) იყო თუ არა შესაძლებელი მტკიცებულების დაზიანების თავიდან აცილება?
მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოთ დასმულ ყველა შეკითხვას აუცილებლად უნდა გასცენ ამომწურავი პასუხი. სხვა შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხების არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა არ/ვერ შეძლეს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების წარმოება.
ამავე დროს, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საკუთარი ძალისხმევა მიმართონ იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც განზრახ, თუ გაუფრთხილებლობით, გულგრილად, მტკიცებულების არმოპოვებით ან/და მათი გადამალვით, საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას შეუშალეს ხელი.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო (TI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)