გენდერის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია და ცოდნის წარმოების გამოწვევები


ფემინისტი და ქვიარ აქტივისტები ვთანხმდებით იმაზე, რომ ცოდნის წარმოება და გავრცელება, ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი საკითხებია და თანასწორი საზოგადოების რეალიზებაც დიდწილად ამაზეა მიბმული. აკადემიური ცოდნის შექმნა ფემინისტური და ქვიარ თეორიისა და პრაქტიკის ქონის მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა ამისა, წესით, აკადემიური ცოდნის შექმნა საკითხების ინსტიტუციონალიზაციას, აკადემიური თუ სახელმწიფო სისტემის ნაწილად ქცევასაც უნდა ნიშნავდეს. თუმცა ჩვენ, „სამოქალაქო საზოგადოებაში“ თუ სხვადასხვა მოძრაობებში, ხშირად ვკმაყოფილდებით იმით, რომ ვაღიარებთ, ცნობიერების ამაღლება საჭირო და მნიშვნელოვანია და შემდეგ ვაკეთებთ იმას, რის საშუალებასაც პოლიტიკური სისტემის არსებული კონფიგურაცია გვაძლევს – არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ტრენინგებს და ლექციებს ვატარებთ და უნივერსიტეტებში ინდივიდუალურ კურსებს ვუძღვებით. ნაკლებად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ და რა პირობებში იწარმოება და კვლავიწარმოება აკადემიური ცოდნა და რამდენად შორსმიმავალია ამ ფორმით ცნობიერების ამაღლება. ამ წერილში სწორედ გენდერის კვლევის ინსტიტუციონალიზაციისა და ფემინისტური/ქვიარ ცოდნის სფეროში არსებულ გამოწვევებს მიმოვიხილავ.

საქართველოში გენდერის კვლევისა და ფემინისტური სწავლების ინსტიტუციონალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაა. მე თავად ვსწავლობდი ამ პროგრამაზე. ბაკალავრიატზე სწავლისას მიღებული იმედგაცრუებების გამო, ამ სამაგისტრო პროგრამაზე საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი მივედი. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მოვსინჯავდი და თუ არ მომეწონებოდა, იქ სწავლას აღარ გავაგრძელებდი. თუმცა პროგრამამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა: ხარისხიანი კურსები, კვლევის შესაძლებლობები, ლექტორებისა და ადმინისტრაციისგან არაიერარქიული დამოკიდებულება და განვითარებაში დახმარებისთვის მუდმივი მზადყოფნა, ენთუზიასტი, ნიჭიერი და სოლიდარული ჯგუფელები – ეს ყველაფერი აღნიშნულ პროგრამაზე დამხვდა. მიუხედავად ამისა, პროგრამას აქვს პრობლემებიც:

  • ლექტორების უმრავლესობა მოწვეული ლექტორის სტატუსით ასწავლის. თსუ-ში ეს საათობრივად ანაზღაურდება და ხელზე ასაღები ხელფასი თვეში დაახლოებით 100 ლარამდეა.
  • კვლევით საქმიანობას უნივერსიტეტისგან ინსტიტუციური და ფინანსური მხარდაჭერა არა აქვს. ჩემი სტუდენტობის პერიოდში და შემდგომშიც გენდერის კვლევის ინიციატივებს ძირითადად „ქალთა ფონდი საქართველოში“ აფინანსებდა. უნივერსიტეტი გვითმობს სივრცეს პრეზენტაციისთვის, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით არ იღებს მონაწილეობას ისეთი პროდუქტების შექმნაში როგორიცაა სამეცნიერო ჟურნალი, კვლევა, თარგმანი და ა.შ.
  • სამაგისტრო პროგრამა საკმაოდ უხილავია სტუდენტებისთვის. აქ ბევრი სტუდენტი არ აბარებს და ხანდახან არც იმათ ეძლევათ სწავლის საშუალება, ვინც ჩააბარა. მაგალითად, 2017 წელს პირველი კურსი არ გაიხსნა მიუხედავად იმისა, რომ სამმა სტუდენტმა ყველა საჭირო გამოცდა ჩააბარა და უნივერსიტეტისა და პროგრამის მოთხოვნები დააკმაყოფილა. კურსის გასახსნელად სამი სტუდენტი საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. დაინტერესებული ადამიანები დღემდე მეკითხებიან, ღირს თუ არა ამ პროგრამაზე ჩაბარება. ვაითუ, ისევ არ გაიხსნას კურსი და შრომა მათაც წყალში ჩაეყაროთ.
  • სანამ ამ პროგრამის სტუდენტი გავხდებოდი, ვიცი, რომ ასევე ფუნქციონირებდა გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამა, რომელიც ამჟამად დახურულია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ფარგლებში ამ მიმართულებით სწავლისა და განვითარების საშუალება შეიზღუდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გამოირჩევა კრიტიკული თეორიების სწავლებითა და მაღალი ხარისხის აკადემიური კვლევის მოთხოვნით, საბოლოოდ ის სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობისთვის ამზადებს. ბევრი ჩემი მეგობარი, პროგრამის კურსდამთავრებულები ან სტუდენტები სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ. ეს ზღუდავს როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე მთლიანად სფეროს განვითარებას, კეტავს ცოდნას პატარ-პატარა სივრცეებში, აფერხებს ახალი ცოდნის წარმოქმნას. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად, EMC, ბიოლის ფონდი, თავის თავზე იღებს იმას, რასაც წესით აკადემია უნდა აკეთებდეს – ატარებს ფორუმებს, გამოსცემს სტატიების კრებულებს და ა.შ. თუმცა სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ სტერეოტიპს, რომ გენდერი და ფემინიზმი არასამთავრობო ორგანიზაციების ნიშაა და სახელმწიფოს ვალდებულება არაა, რომ ამ საქმეში ფული ჩადოს. გარდა ამისა, სოციალიზაციისა და ინსტიტუციური განათლების სივრცეების ნაკლებობის გამო, ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ეს სივრცეებიც მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვინც უკვე იქ მუშაობს ან ვინც გენდერის კვლევას სწავლობდა. ეს ყველაფერი ისევ ცოდნის ჩაკეტილობას და ერთგვარი „ბაბლის“ წარმოქმნას იწვევს. ბოლო პერიოდში ამგვარ ღონისძიებებზე სიარულისას ვატყობდი, რომ სახეები და კონტენტი არ იცვლებოდა, ერთი და იგივე ადამიანები დავდიოდით და ერთმანეთს ველაპარაკებოდით იმას, რაც უკვე ათასჯერ გვქონდა ნათქვამი. ეს სურათი შორს დგას სასურველი განვითარებისგან.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის გარდა, სხვა პატარ-პატარა ინსტიტუციური სივრცეები გენდერის კვლევისა თუ ფემინისტური თეორიების ცალკეული კურსებია. მე თავად ვასწავლი ბაკალავრიატზე. ერთი კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამაზე მაქვს, მეორე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სოციოლოგიის პროგრამაზე. ჩემი, როგორც მოწვეული ლექტორის, ანაზღაურება მეტად მწირია. უნივერსიტეტების მხრიდან კვლევითი საქმიანობის ინსტიტუციური და ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო ძირითადად იძულებული ვარ, თავად ვეძიო საჭირო რესურსები. ძალიან მახარებს ის, რომ მაქვს საშუალება, ჩემი ცოდნა სტუდენტებს გადავცე, მაგრამ არ მაქვს საშუალება, მათ დამატებითი სივრცე შევუქმნა, სადაც თავიანთი ნაშრომების გამოტანას ან თავიანთი აზრებისა და პრობლემების უფრო საჯარო განხილვის საგნად ქცევას შეძლებენ. უნივერსიტეტი არ არის ორიენტირებული ამგვარი სივრცის შექმნაზე, რადგან  ლექტორს მხოლოდ დაქირავებულ პირად განიხილავს, სტუდენტს კი მყიდველად, ვისაც ცოდნა უნდა მიყიდოს.

მე როგორც მშრომელი, მოქალაქე და ქვიარ ფემინისტი აქტივისტი ვეკითხები ჩემს თავსაც და ჩემს კოლეგებსაც: რამდენად მისაღებია ის პირობები, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ? თუ არ არის მისაღები, რატომ არაფერს ვაკეთებთ? სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა? რისთვის ვშრომობთ – მხოლოდ საკუთარი გადარჩენისთვის ან/და წარმატებისთვის თუ უფრო დიადი მიზნისთვის, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, სოლიდარობა და სხვა? ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ დიადი მიზნებისთვის ვშრომობთ, მაგრამ ხშირად ვიკეტებით „ბაბლებში“ და უარვყოფთ რეალობას, უარვყოფთ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ ცხვირწინაა. ეს წერილი ამ საკითხებზე დისკუსიის გახსნის მცდელობას წარმოადგენს.