არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რუსთავი 2-ის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ქმედებებში დისკრიმინაციული მოტივების გამოძიების აუცილებლობის თაობაზე


მივესალმებით სამართალდამცავი ორგანოების მყისიერ რეაგირებას 2018 წლის 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიმართ ე.წ. „ქართული მარშის“ წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს ჩადენილის დისკრიმინაციული მოტივები და განიხილოს ისინი დამამძიმებელ გარემოებად, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი ითვალისწინებს.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას 2018 წლის 18 მარტის გადაცემის მონოლოგს მოყვა. ე.წ. ქართული მარშის წევრების აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ მიმართ სიძულვილის ენას იყენებდნენ. აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები ავტომანქანას, რომელშიც გიორგი გაბუნია იჯდა, გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი უყვიროდნენ მას, „შე სატანა…“ საყურეეებს გაფიცებ, საყურეებს, შე პიდარასტო შენა…“ „გადმოდი მანქანიდან, გადმოდი…“ „ოჯახში არ გაიზარდე?! ბოდიში მოიხადე… შენ ვინ მოგცა იესოს სახელის ხსენების უფლება?! ხალხს ბოდიში მოუხადე და საქართველოდან გაიქეცი” და ა.შ. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზანს აშკარად წარმოადგენდა ტელეკომპანიის ჟურნალისტების დაშინება, რათა მათ შეწყვიტონ იმ მოსაზრებების გამოთქმა, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული.

ე.წ. „ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისა და არხის პოლიტიკის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით არიან ცნობილნი. მაგალითად, 2017 წლის 11 ნოემბერს “ქართული მარშის” აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რა დროსაც მათ ტელეკომპანიის შენობას ქათმები ესროლეს და ლგბტ დროშა დაწვეს. ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლები ტელეკომპანიას ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებდა და მათი ხელმძღვანელის სიძულვილის ენას იყენებდა. იგივენაირად მიმართავდნენ ისინი 19 მარტს ავტომანქანაში გამოკეტილ გიორგი გაბუნიასაც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ 19 მარტის აქციაში მონაწილეთა მოქმედებები გამოწვეული იყო სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას.

შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს მიერ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა ადეკვატური დასჯა აუცილებელია მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისათვის. საქმეში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოიძიოს ძალადობრივი აქტის შესაძლო დისკრიმინაციული საფუძველი. ასევე, 19 მარტის იდენტური გარემოებების შეფასებისას – სასამართლო მიიჩნია, რომ საკითხი, მიადგა თუ არა მომჩივნებს სხეულის გარკვეული სიმძიმის დაზიანება, ნაკლებად რელევანტურია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად და დაასკვნა, რომ მომჩივნების მიმართ განხორციელებული მოპყრობა მათში შიშის, ტანჯვისა და დაუცველობის გამომწვევი იყო, რაც ადამიანის ღირსების დაცვას არ შეესაბამება და, რამაც კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის სიმძიმის ზღვარს მიაღწია მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს 19 მარტის მოვლენების დისკრიმინაციულ მოტივებზე, როგორც სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დამამძიებელ გარემოებაზე.

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)