მინდა ჩემი წერილი ფემინისტი ავტორების – დიანა ლეონარდისა და ქრისტინ დელფის ციტატით დავიწყო: ,,თუ კაცი ცოლად თავის დამლაგებელს ან სექსმუშაკს მოიყვანს, იგივე ქალი და იგივე სამუშაო უცებ აუნაზღაურებელი და არაპროდუქტიული გახდება‘’ (1992). სანამ უშუალოდ პრობლემის განხილვაზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ შრომასა და მის მახასიათებლებზე საუბრისას, ჩემი წარმოდგენები სხვადასხვა ავტორის თეორიულ ნარკვევებსა და ჩემს არაფორმალურ დაკვირვებებს (მეგობრებთან, ლექტორებთან, ნაცნობებთან, რესპონდენტებთან და სხვ.) ემყარება. შრომაზე საუბრისას, საკითხის პრობლემატურობა ყოველთვის იმას ეფუძნება, თუ რა პრობლემებია ანაზღაურებად შრომაში, როგორც ხდება ადამიანების ექსპლუატაცია, რა როლი აქვს და რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, როგორ დავაკმაყოფილოთ საკუთარი მოთხოვნები; ამ თემაზე საუბრისას მინდა გამოვყო ორი კონცეპტი: (1) შრომა არსებობისთვის, რომელიც ანაზღაურებადია და (2) ანაზღაურებადი შრომის გამოყენების, მოხმარების შრომა; ანაზღაურებად შრომასა და საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელ მატერიალურ რესურსზე საუბრისას, უნდა განვასხვავო ერთმანეთისგან (1) აუცილებელი შრომა და (2) დამატებითი შრომა; აუცილებელი შრომის ქვეშ მოვიაზრებ ისეთი ტიპის შრომას, რომელიც იძლევა მატერიალურ სარგებელს იმ რაოდენობით, რომელიც საბაზისო მოთხოვნილებებს – ჭამას, სმას, ჩაცმას, საცხოვრისს უნდა ყოფნიდეს; დამატებითი შრომის ქვეშ, ისეთი ტიპის შრომას მოვიაზრებ, რომელსაც ადამიანი იმის გამო ასრულებს, რომ მან საბაზისო მოთხოვნილებებზე მეტი დაიკმაყოფილოს – იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად. დღესდღეობით არსებობს მხოლოდ დამატებითი, ზედმეტი შრომა, ოღონდ არა იმ ფორმით, რომ ის მატერიალური სარგებელი რომელსაც ადამიანები იღებენ დამატებითი შრომისგან მათ საბაზისო მოთხოვნილებებზე მეტს სწვდება, არამედ ის საბაზისო მოთხოვნიელებების დასაკმაყოფილებლადაც არ არის საკმარისი. როცა სამსახურები არ არსებობს და ადამიანების უმრავლესობა ჭამის მოთხოვნილებასაც კი ვერ იკმაყოფილებს, რთული არ არის განვსაზღვრო ის, თუ რა არის ადამიანის ბაზისური მოთხოვნილება. ჩვენს ეპოქაში არსებული ანაზღაურებადი სამუშაო (თუ ეს უკანასკნელი საერთოდ აქვს ადამიანს) ამ საბაზისო მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, მაინტერესებს ის, თუ ჩვენ როდესაც ვშრომობთ იმისთვის, რომ საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გარკვეული მატერიალური რესურსი გვქონდეს, ვინ ხარჯავს ენერგიას იმაზე, რომ მატერიალური რესურსი გარდაქმნას, მაგალითად, საკვებ პროდუქტად, რომ მან ჭამის მოთხოვნილება დაგვიკმაყოფილოს?
როცა კაცი იწყებს სამუშაოს და ის სოციალური ცხოვრების ნაწილად გრძნობს თავს, მაშინვე აუცილებელი ხდება მისთვის ცოლის მოყვანა ან, მინიმუმ ცოლის მოყვანაზე ფიქრის დაწყება. ის ერთვება საჯარო ცხოვრებაში და პრივატულ სივრცეს სცილდება; მისი მასკულინური მოთხოვნები იმაზე დადის, რომ როდესაც მასზე უფროსი ბატონობს, მასაც ჰყავდეს ვინმე, ვისზეც თვითონ იბატონებს, ოღონდ განსხვავებით, მისი უფროსისგან ის ამაში ფულს არ გადაიხდის. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ კაცის შრომა საკმარისი არ არის იმისთვის რომ მატერიალური რესურსი საკმარისი გახდეს საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; ამიტომაც, ანაზღაურებად შრომაში ერთვება ქალიც ან, მხოლოდ ქალი ოჯახიდან. იმ ქალების ქმრები, რომელთა ცოლებიც გარეთ, ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ, ბუნებრივია, ასრულებენ საოჯახო საქმის რაღაც ნაწილს და ამას, მხოლოდ ცოლების დახმარებად აღიქვამენ, რაც ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლებს საკმარისი დრო აღარ რჩებათ იმისთვის, რომ კაცებმა თავიანთ დახმარებაზე უარი თქვან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანაზღაურებად შრომაში ჩართული ქალები სახლში საქმეს აღარ აკეთებენ. პირიქით, მათი ინკლუზია ანაზღაურებად შრომაში მათ შრომით აქტივობებს კიდევ უფრო ზრდის, რადგან ისინი სახლში შრომის ვალდებულებისგან ვერ თავისუფლდებიან. ამასთანავე, პრივატულ სფეროში არსებებობს საქმეები, რომლებიც გენდერულად იყოფა და, ამ პრობლემას, კვლავ ახლავს ის, რომ გენდერულად დაყოფილი სამუშაოები, რომელიც ქალმა უნდა შეასრულოს უფრო ხშირად არის შესასრულებელი, ვიდრე ის საქმე, რომელიც კაცის გასაკეთებელია.
საინტერესოა ემოციური შრომაც, რომელიც არსებობს როგორც არაანაზღაურებად ასევე ანაზღაურებად შრომაში. მაგალითად, სუპერმარკეტში დასაქმებულ ქალს მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნა ევალება, იგივე ქალმა კი სახლში მისული ქმარი უნდა გაამხნევოს და მას სხვადასხვა სერვისები უფასოდ მიაწოდოს; სწორედ აღნიშნულით ხდება სიყვარულის გამოხატვა – სერვისების უფასოდ მიწოდებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დაიწყოს დისკუსიები, ლოკალური დონის ემპირიული მარაგის დაგროვება ქალების შინ შრომის მნიშვნელობასა და იმ დროის მნიშვნელობის გაანალიზებასთან დაკავშირებით, რომლებსაც ქალები საოჯახო შრომის დროს ხარჯავენ;
და ბოლოს, მინდა ჩემი წერილი დავასრულო სილვია ფედერიჩის ციტატით: ,,ქალს არა მარტო დაევალა საშინაო საქმის შესრულება, არამედ ეს ვალდებულება ტრანსფორმირდა ქალის ფიზიკური და პიროვნული მოცემულობის ბუნებრივ მახასიათებლად, შინაგან მოთხოვნილებად, რომელიც თითქოს ქალური ბუნებიდან მომდინარეობს’’ (1974).
გიგა კარაპეტიანი
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.