ალბათ გადაჭარბებული არ იქნება შეფასება რომ ტრანსგენდერი ადამიანები და უფრო კონკრეტულად, ტრანსგენდერი ქალები საქართველოში ყველაზე ჩაგრული ჯგუფია. ლესბოსელი, ბისექსუალი და გეი ადამიანებისგან განსხვავებით, ტრანსგენდერი ქალები კიდევ უფრო ხილვადები არიან. ისინი ვერ ახერხებენ შენიღბვას და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებთან ადაპტირებას. შედეგი კი სახეზეა – ტრანსგენდერ ქალებს საქართველოში ყოველდღიურ რეჟიმში ესხმიან თავს, ამცირებენ და კლავენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გენდერული იდენტობის ნიადაგზე საქართველოში სამი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. თან მოკლეს სასტიკად. წამებით.
ამ ყველაფერზე ჩვენ თანამოქალაქეებს, როგორც წესი ან რეაქცია არ აქვთ, ან თუ აქვთ, მხოლოდ ნეგატიური. სიძულვილითა და აგრესიით გაჟღენთილი. სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მზადაა განსხვავებულობის გამო ადამიანების ჯგუფურად ჩაქოლვას, ქვეყნიდან გაძევებას, თუ გემზე შეყრას და ზღვაში ჩახრჩობას დაუჭიროს მხარი. აღნიშნულ განწყობებს კი სახელმწიფო ირიბად ან ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ახალისებს თავისი უმოქმედობით.
მოსახლეობის ცნობიერების და მგრძნობელობის ამაღლება წესით სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ასევე სახელმწიფოს ვალდებულებაა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა დღეს ტრანსგენდერი ქალების გვერდით სახელმწიფო არ დგას. საქართველოს სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ აძლევს საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობას. ისინი გაწირეს ნათესავებმა, მეზობლებმა და რაც ყველაზე უფრო მტკივნეულია, ოჯახის წევრებმაც.
საქართველოში სულ რამდენიმე ათეული ტრანსგენდერი ქალი ცხოვრობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კომერციული სექს სამუშაოთი ირჩენს თავს. ოჯახიდან 12-14 წლის ასაკში გამოგდებულ მოზარდებს, ხშირ შემთხვევაში საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობაც არ ჰქონიათ, რაც შრომით ბაზარზე ამ ადამიანების კონკურენტუნარიანობის იდეას სათავეშივე კლავს. მათ არ აქვთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე და უფრო მეტიც სახელმწიფო არსებული ბიუროკრატიული ბარიერებით მათი ყოველდღიური დამცირების პირდაპირი შემოქმედია.
სახელმწიფო დღეს ტრანსგენდერი ქალების გენდერულ იდენტობას არ აღიარებს. მაგალითად, თუ ადამიანი ბიოლოგიურად არის კაცი, თუმცა თავს აიდენტიფიცირებს როგორც ქალი, იმისათვის რომ მან სქესის კვლავმინიჭების პროცედურების გავლა და ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება შეძლოს, უნდა დაუმტკიცოს სახელმწიფოს რომ სქესის კორექციის ოპერაცია გაკეთებული აქვს. ანუ საქართველოს სახელმწიფო აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს რომ მოახდინონ ხშირ შემთხვევაში არასასურველი, ძვირი, ჯანმრთელობის დამაზიანებელი ქირურგიული ჩარევა და მხოლოდ მას შემდეგ გასცემს ახალ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. გენდერის სამართლებრივი აღიარების გარეშე კი ამ ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე უწევთ დამამაცირებელი და საფრთხისშემცველი მომენტების გავლა. დაბადების მოწმობა, პასპორტი, ID ბარათი, მართვის მოწმობა, დიპლომი თუ სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისთვის გვჭირდება, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მუდმივი უხერხულობის და დამცირების საფუძველია.
იუსტიციის სამინისტროს შეუძლია ეს პრობლემა მარტივად გადაჭრას და გაითვალისწინოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ცხადია გენდერის სამართლებრივი აღიარებით ტრანსფობიის პრობლემები საქართველოში არ მოგვარდება, თუმცა საკითხის სამართლებრივი ნაწილის გადაჭრით, სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა თანასწორობისკენ. ბოლოსდაბოლოს საქართველოში სულ რამდენიმე ათეული ტრანსგენდერი ადამიანი ცხოვრობს და ეს ვერანაირად ვერ იქნება განსაკუთრებით მძიმე ტვირთი სახელმწიფოსთვის. სამაგიეროდ გვაქვს შანსი ოდნავ უფრო ცივილური სახელმწიფო ვიყოთ. სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი რამდენიმე ათეულ ადამიანს თავი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად აგრძნობინოს.
გიორგი თაბაგარი
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.