სიძულვილის ენის გამოყენების საფუძველი და მისი გადაჭრის გზები


ალბათ ყველას გვსმენია გამონათქვამი, რომ ადამიანი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან აზრის ყალიბდება და შემდეგ გადმოიცემა საუბრის საშუალებით. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ზემოხსენებული აზრის შებრუნებული ვარიანტიც ჭეშმარიტია- საზოგადოება (შედეგად კი ინდივიცებიც) ხშირად იმას ფიქრობენ, რასაც სხვები (განსაკუთრებით კი უმრავლესობა) საუბრობს. ეს მოსაზრება მრავალი კროსდისციპლინური კვლევითაა დასაბუთებული და ამ ესეს საყრდენს წარმოადგენს, ზუსტად მისი გამოყენებით ვეცდები, რომ სიძულვილის ენის გამოყენების საფრთხეებზე ვისაუბრო.

ახლა კი განსახილველ საკითხზე გადავიდეთ: ქართულ საზოგადოებაში მარგინალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ძალიან დიდი პრობლემაა, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის ღირებულებების სისტემითა არის გამოწვეული. ამ ღირებულებებში კი ორი დომინანტური ნაწილია- პატრიოტიზმი და ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა). თუმცა ამ ესეში არ ვამტკიცებ, რომ რომელიმე მათგანი ცუდი ან მავნებელია. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, უყვარდეს თავისი სამშობლო და სწამდეს იმის, რაც მას სწორად მიაჩნია. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ეს ღირებულებები სცილდება პირადს და ადამიანში წარმოშობს სიძულვილს სხვა რასების (რასებს თვითონ უწოდებენ და ამიტომ გამოვიყენე სიმარტივისთვის, თორემ თანამედროვე ანთროპოლოგია ადამიანებს უკვე არ ჰყოფს რასებად) ან/და სექსუალური უმცირესობების მიმართ.

ეს სიძულვილი კი, პირველ რიგში, ენით გამოიხატება. მარგინალური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაცია ჩვენს ქვეყანაში აშკარაა- ისინი ხშირად გარიყულები არიან საზოგადოებიდან, არ იღებენ სამსახურში, ქუჩაში შეიძლება უმიზეზოდ გცემონ და ა.შ. სამწუხაროდ, დაფიქსირებულია მკვლელობის ფაქტებიც, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს დანაშაულია, რადგან სათანადოდ ვერ იცავს ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას განურჩევლად მათი ეთნიკური წარმოშობის თუ სექსუალური ორიენტაციისა, როგორც ეს კონსტიტუციაშია მოცემული. სახელმწიფო სექტორი, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერასა და ილუზიური სტაბილურობის დაცვითაა დაინტერესებული, სხვა საკითხები მუდამ ჩრდილშია.

პრობლემა რომ გადაჭრა, არ არის საკმარისი მას სანქცია დაადო- მაგალითად აკრძალო ადამიანების დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე სექსუალური ორიენტაციის გამო. ეს საქართველოში კანონით ისჯება, მაგრამ მაინც ხდება. საჭიროა პრობლემის საფუძველს ჩავწვდეთ და იქიდან მოვაგვაროთ ის. საზოგადოების უდიდეს ნაწილში ასეთი ღირებულებების არსებობა ზუსტად სიძულვილის ენის ხშირი და აუკრძალავი გამოყენების შედეგია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სიტყვის თავისუფლებას, თუმცა არა მაშინ, როდესაც მას ერთი ადამიანისთვის მაინც ზიანის მიყენება შეუძლია. დღესდღეობით კი საქართველოში სხვა არაფერი ხდება. აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს, მაგ. ნეონაცისტებს, არავინ უშლის ხალხში სიძულვილის გავრცელებას და რაც ადრე მცირერიცხოვანი ჯგუფის რადიკალური პოზიცია იყო, ახლა საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა. შოვინისტური იდეების გავრცელებას ხელს უწყობს ამ ჯგუფების მიერ ისეთი ღირებულებებით აპელირება, როგორიცაა- სისხლის სიწმინდე, მორალი და სულიერება. ეს იდეები, რა თქმა უნდა, არათანმიმდევრული და სრულიად არამეცნიერულია, თუმცა მასას ეს ნაკლებად აინტერესებს და ადვილად იჯერებს ამ არგუმენტებს, განსაკუთრებით კი, როდესაც მათი წარმომთქმელი სამღვდელოების წარმომადგენელია და მისი კრიტიკა საერთოდ ტაბუირებულია საზოგადოებაში.

საბოლოოდ, რა ხდება ამით? სიძულვილის ენის დაუსჯელი გამოყენებით და საზოგადოებაში მსგავსი იდეების დამკვიდრებით იქმნება საშინელი, საშიში გარემო მარგინალური ჯგუფებისთვის. თუ ახლა ეს მარტო დისკრიმინაციასა და საზოგადოებისგან გარიყულობაში გამოიხატება, მომავალში შეიძლება გადაიზარდოს ღია დევნასა და ადამიანის უფლებების დამრღვევ კანონებში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კანონი და საღი აზრი შესაძლებელია უძლური იყოს ხალხის წინაში, ხალხის, რომელიც დაბრმავებულია ცრუ ღირებულებებითა და სიძულვილით. ჩვენ არ უნდა გვქონდეს პოლიტიკოსებისა და პოლიციის იმედი, რადგან ისინი ხშირად იზიარებენ მარგინალური ჯგუფებისადმი სიძულვილის გრძნობას და მზად არიან, არაფერი გააკეთონ მათ დასაცავად. გავიხსენოთ, რა მოხდა ნაცისტურ გერმანიაში. ეთნიკური წმენდებისა და ებრაელების ხოცვის დროს გერმანელები არც კი ფიქრობდნენ, რომ რაიმე ცუდს აკეთებდნენ. თავიანთი ერის დაცვა და ებრაელების განადგურება მოვალეობად, აშკარა მოცემულობად მიაჩნდათ, ეს ღირებულებები კი მოდიოდა ფიურერისგან, რომლის ნებისმიერი სიტყვაც ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა. პრობლემა ის არის, რომ ადამიანთა უმეტესობა არ ითვალისწინებს ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან გაკვეთილებს, ამიტომაც ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ ბრძოლა, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ უსაფრთხო ადგილად სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობებისთვის, ვაქციოთ ადგილად, სადაც დაცული იქნება ნებისმიერი ადამიანის უფლებები.

 

სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემა სასწავლო დაწესებულებებში მთელი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა ზუსტად მას, შეიძლება, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მომავლისთვის, რადგან ადამიანებს მსოფლმხედველობა და ღირებულებები უმეტესად სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდში უყალიბდებათ და სკოლებში/უნივერსიტეტებში სიძულვილის ენის გამოყენება ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ მომავალი თაობებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ეთნიკური თუ სექსუალირი უმცირესობების მიმართ. სინამდვილეში არსებობს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა: პირველი- სიძულვილის ენის გამოყენება მოსწავლეებისა და ხშირად პედაგოგების მხირდან, მეორე- ამ პრობლემაზე თვალების დახუჭვა სახელმწიფოს მიერ.

ახლა კი პირველ პრობლემას ცოტა ღრმად შევხედოთ. სასწავლო დაწესებულებები, წესით, განათლებისა და კულტურის გამავრცელებელნი უნდა იყვნენ, თუმცა ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. საქართველოს სასწავლო დაწესებულებები საბჭოთა კავშირში არსებულების მოდელზეა აწყობილი, ხოლო პედაგოგები არ გამოირჩევიან მრავალმხრივი განათლებით. თუნდაც თავიანთი საგნის კარგი სპეციალისტები იყვნენ, ისინი არ არიან სწორი ღირებულებების მქონეები, რადგან სკოლებში ნაკლები ყურადღება ექცევა ზნეობრივ განვითარებას, მნიშვნელოვნად მხოლოდ საგნების კარგად სწავლა ითვლება, ხოლო ბავშვის კულტურული განათლება ოჯახს ევალება. მოსახლეობის უმეტესობა კი სიძულვილით არის განწყობილი სხვადასხვა ჯგუფების მიმართ და იმავეს ასწავლის თავიანთ შვილებს, ქვეყნის მომავალ თაობას. სკოლა თუ უნივერსიტეტი, რომელიც ნებისმიერი სახის სიძულვილს წინ უნდა აღუდგეს, ან არაფერს აკეთებს, ან პირიქით აუარესებს სიტუაციას, რადგან ოჯახში შეძენილ ღირებულებებს ბავშვები ერთმანეთში ცვლიან, თავიანთი წრიდან რიყავენ ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, ამცირებენ მათ, ხოლო პედაგოგები არაფერს აკეთებენ, რომ ამას წინ აღუდგენ. მთავრობის მიერ კი ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა უფრო აღრმავებს მას, ადამიანები არც კი ფიქრობენ, რომ რასაც აკეთებენ ცუდია და წესით აკრძალული უნდა იყოს.

ჩვენს რეალობაში აუცილებელია, რომ ოჯახების მიერ ჩანერგილ არასწორ ღირებულებებს რაიმე დაუპირისპირდეს, რადგან თუ არ გადავწყვეტთ სასწავლო დაწესებულებებში სიძულვილის ენის გამოყენების მნიშვნელოვან პრობლემას, მომავალი თაობები არაფრით განსხვავებულები იქნებიან წინებისგან და ასე ძალიან დიდხანს გაგრძელდება. სკოლებმა და უნივერსიტეტებმა უნდა შეძლონ, რომ ნამდვილად განათლებული თაობა აღზარდოს, მათ არა მარტო მათემატიკა თუ ქართული ენა უნდა ასწავლონ, არამედ ერთმანეთის პატივისცემა და შეგნებული მოქალაქეობა.

არც ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არასდროს მოსულა ძველი თაობებიდან, ის ყოველთვის ახალგაზრდებისგან მოდიოდა, ახალგაზრდებისგან, რომელიც მიხვდნენ, რომ რაღაც აუცილებლად იყო შესაცვლელი. ამიტომაა საჭირო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიძულვილის ენის პრობლემის სრულიად მოგვარება, თორემ სწორად მაოზროვნე ბავშვები ყოველთვის უმცირესობაში იქნებიან ქართულ საზოგადოებაში, შესაბამისად კი, არ ეყოფათ ძალა რაიმეს შესაცვლელად.

 

ზემოთ განხილული პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე საშუალებას ვხედავ, რომლებიც ერთად ან ცალ-ცალკე უნდა გამოვიყენოთ:

  1. პირველი, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პრობლემის არსებობა მთავრობამ აღიაროს და მასზე საუბარი დაიწყოს. სანამ სირაქლემას პოზაში იქნება და ხალხის უმეტესობას არ ეცოდინება რა არის სიძულვილის ენა და რა შედეგები მოაქვს მას, არაფერი შეიცვლება. აღიარების შემდეგ კი უნდა დაიწყოს ბრძოლა, პედაგოგებს ჩაუტარდეთ ტრენინგები, აეკრძალოთ სიძულვილის ენის გამოყენება და დაევალოთ, რომ იგივე აუკრძალონ მოსწავლეებსაც;
  2. საგანმანათლებლო კინოჩვენებები ან/და ლექციები ადამიანთა თანასწორობის შესახებ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც ვთქვი, ის არის, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ სიძულვილის ენა ესმით, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ ალტერნატიული ინფორმაცია, რომელიც გამყარებული იქნება არგუმენტებით. მთავარია, ფიქრი დაიწყონ. წამიერი აზრიც კი, რომ შეიძლება აქამდე ცდებოდნენ, ბევრის გამკეთებელია.

 

საუბარი კი მინდა დავასრულო მოწოდებით, რომელიც ეხება ყველა ადამიანს, რომელსაც სურს რაიმე მაინც გამოასწოროს ჩვენს ქვეყანაში- საჭიროა მოქმედება და სიმამაცე ხმის ასამაღლებლად, სანამ უმეტესი ჩვენგანი ჩუმად იქნება და სხვის იმედზე იქნება, არაფერი შეიცვლება, მხოლოდ ერთად შეგვიძლია რაიმეს შეცვლა.

 

ილია გურგენიძე

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება

 

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.